Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა საქართველოსთვის არასასურველი საერთაშორისო ფონის მზადება დაიწყო


რუსეთის, როგორც კონფლიქტების მოგვარების შუამავლისგან საქართველო ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას რომ აღარ ელის, ამის თაობაზე თბილისში დღეს კიდევ ერთხელ განაცხადეს.

ამჯერად საბაბად იქცა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერის შეხვედრა. ლავროვისა და კოკოითის განცხადება რუსეთის სამშვიდობო ძალების უალტერნატივობის შესახებ უკავშირდება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მომავალ კვირაში უნდა მიიღოს. 10 თებერვლისთვის საბოლოოდ უნდა გაირკვეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისდამცველების შემდგომი ყოფნის საკითხი. ანალოგიური გადაწყვეტილება მზადდება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მყოფ სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებითაც, თუმცა გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო, უპრეცედენტო შინაარსის, რეზოლუცია გარკვეული ეჭვის საფუძველს ქმნის.

ერთ-ერთი ბოლო საკითხი, რომლის გარკვევაც თბილისში აინტერესებთ, ის არის, მართლა აღიარებს თუ არა მოსკოვი ედუარდ კოკოითის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად. ამ სტატუსით ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი მოხსენიებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც სერგეი ლავროვისა და ედუარდ კოკოითის შეხვედრას შეეხება. თუმცა საქართველოს უკმაყოფილება მხოლოდ კოკოითის პრეზიდენტობას არ უკავშირდება. სერგეი ლავროვი და ედუარდ კოკოითი რუს და ქართველ სამხედროებს შორის მომხდარ ბოლო ინციდენტს თბილისის პროვოკაციად აფასებენ და რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს აცხადებენ უალტერნატივო ძალად, განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელიც ამ დღეებში კონფლიქტის ზონიდან რუსი მშვიდობისდამცველების გასვლის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას აპირებს. მოვლენათა მოსალოდნელი განვითარებით შეშფოთებულ ოსურ მხარეს სერგეი ლავროვი კიდევ ერთხელ დაჰპირდა, რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მისი მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს. ამ განცხადებას სახიფათოს უწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ,,ისიც, რომ რუსეთის მოქალაქეობა ასე ფორსირებულად მიენიჭა აფხაზეთის და სამაჩაბლოს მოსახლეობას, ეს წინასწარ გამიზნული ნაბიჯი იყო. გამიზნული სწორედ იმიტომ, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი ჩარეულიყო საქართველოს საშინაო საქმეებში. ნუ, ეხლა არ ბნელა მსოფლიოში! ყველა ხედავს რეალურად რა ხდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სამართლიან მოთხოვნებში აბსოლუტური მხარდაჭერა გვექნება მსოფლიო თანამეგობრობის.” (სტილი დაცულია)

საქართველოს ამჟამინდელი რესურსების გათვალისწინებით, რუსეთისგან მოსალოდნელი დესტრუქციის ნეიტრალიზებას რომ სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა სჭირდება, ამაში ეჭვი არავის ეპარება. სხვა საკითხია, რამდენად შეძლო ხელისუფლებამ ამ მხარდაჭერით რეალურად გაემყარებინა რუსეთის სამშვიდობო ძალებზე უარის თქმის გადაწყვეტილება. პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძეს მიაჩნია, რომ, ამ მხრივ, საქართველოს მეტ-ნაკლებად სახარბიელო მდგომარეობა აქვს სწორედ სამაჩაბლოსთან დაკავშირებით, რადგან თბილისის სამშვიდობო გეგმას მხარს უჭერენ ეუთო, ევროკავშირი, აშშ და, სიტყვიერად, თავად რუსეთიც. თუმცა იმას, რაც ამ დღეებში გაეროს უშიშროების საბჭოზე აფხაზეთთან მიმართებაში მოხდა, პოლიტოლოგი სერიოზულ ნიშანს უწოდებს. შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭომ გამოაქვეყნა უპრეცედენტო შინაარსის რეზოლუცია, რომელშიც, რუსეთის ინიციატივით, კონფლიქტის მოგვარების საფუძვლად ე.წ. ბოდენის დოკუმენტი აღარ მოიაზრება, გაეროს დამკვირვებლებს კი მანდატი მხოლოდ ორი თვით გაუხანგრძლივდათ:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ,,ეს ნიშნავს იმას, რომ არასაკმარისადაა შემზადებული პირობები - მე საერთაშორისო ფონი მაქვს მხედველობაში - იმისათვის, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ისეთი რადიკალური გადაწყვეტილებების შესრულება, როგორიც გახლავთ კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობოების გაყვანა.” (სტილი დაცულია)

არჩილ გეგეშიძის განმარტებით, ცხადია, რომ რუსეთმა უკვე დაიწყო საერთაშორისო აზრის მობილიზება, რათა არ დაუშვას აფხაზეთიდან მისი სამხედროების გასვლა. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ამ ფონზე, ყველა ასპექტის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებისგან გაცილებით სერიოზული ძალისხმევაა საჭირო:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ,,დღეს, როდესაც რუსეთთან დასავლეთს და აშშ-ს, პირველ რიგში, აქვს განსაკუთრებული დაინეტერესება იმასთან დაკავშირებით, რომ, ისევ და ისევ გაეროს უშიშროების საბჭოს გამოყენებით, ირანის და სხვა საკითხები გადაწყვიტოს, აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ მოვახერხოთ მობილიზება საერთაშორისო მხარდაჭერის, თუკი მაინცდამაინც გადავწყვეტთ, რომ სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე დავსვათ საკითხი. მე მეჩვენება, რომ ასეთი მზაობა ჯერჯერობით არ არის.” (სტილი დაცულია)

თავად საქართველოს ხელისუფლება მუდმივად საუბრობს საერთაშორისო თანამეგობრობის სრულ მხარდაჭერაზე, თუმცა თუნდაც ის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუცია ხელისუფლებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, სერიოზული განსჯის საფუძველს ქმნის.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG