Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი საბჭოთა კავშირის ორი რეგიონი ურთიერთობას ფორმატით ,,3+3” განაგრძობს


სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიერ ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა გამოცდილების გათვალისწინების იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, თუმცა,

სხვადასხვა მიზეზთა გამო, მეტ-ნაკლებად რეალური კონტურები ახლახან შეიძინა. ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის თანამშრომლობისთვის შერჩეული ფორმატის, ,,სამი პლუს სამის”, გააქტიურების ინიციატივას, რომელიც შარშან ლიტვის პრეზიდენტმა გამოთქვა, მხარს დანარჩენი ქვეყნების ლიდერებიც უჭერენ.
რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე - მათ შორის, შეიარაღებული ძალების დემოკრატიულ კონტროლსა და სამოქალაქო მენეჯმენტზე - სამხრეთ კავკასიისა და ბალტიისპირეთის საპარლამენტო დელეგაციები თბილისში, ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე, იმსჯელებენ. მინდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ორი რეგიონის თანამშრომლობის თემაზე გესაუბროთ.

სამხრეთ კავკასიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ურთიერთობის გააქტიურებისა და ერთი რეგიონის მიერ მეორის წარმატებული გამოცდილების გათვალისწინების იდეა არცთუ ახალია. კონკრეტულად საქართველოს ბალტიისპირული მოდელის მიხედვით მოქმედების სურვილი გასული წლების განმავლობაში არაერთხელ გამოუთქვამს. ერთ-ერთი ბოლო, რევოლუციამდელი, მზადყოფნა თბილისმა სამი წლის წინ გამოხატა, ისევე როგორც ორი რეგიონის თანამშრომლობის აუცილებლობის სურვილი - ფორმატით ,,სამი პლუს სამი.”
,,სიტყვიდან საქმეზე რომ ვერ გადავედით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს,” - ამბობს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან დუჩიძე:

[ლევან დუჩიძის ხმა] ,,სხვადასხვა ეტაპზე ნაკლები ინტერესი იყო თავად ბალტიის სახელმწიფოების მხრიდან. ჩამოყალიბებული პოზიცია არ იყო არც სამხრეთ კავკასიაში. დღეს სიტუაცია არის რადიკალურად შეცვლილი. თავად ბალტიის სახელმწიფოები არიან უაღრესად მოტივირებულები, რათა დახმარება გაუწიონ კონკრეტულად საქართველოს და ცხადია, სურვილი აქვთ, რომ ძალიან ნაყოფიერი და სამაგალითო თანამშრომლობა გადაიზარდოს უკვე რეგიონულ დონეზე.” (სტილი დაცულია)

ამ მხრივ, ვითარების რადიკალურად შეცვლას დასავლეთის ნებითა და მისივე კონკრეტული გადაწყვეტილებით ხსნის პოლიტოლოგი გიორგი ხელაშვილი. ის დარწმუნებულია, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის ბალტიისპირეთი გაცილებით უკეთესი მრჩეველი იქნება, ვიდრე აშშ ან დასავლეთი ევროპა:

[გიორგი ხელაშვილის ხმა] ,,ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რომ საქართველო და კავკასია - პირველ რიგში, საქართველო - ,,მიაბან” ბალტიისპირეთს როგორც ნატოში გაწევრიანების, ასევე ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. ვინაიდან მათ გაცილებით უკეთ ესმით ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს. მათ დაძლიეს თითქმის ყველა ის პუნქტი, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ დასაძლევი გვაქვს. აქედან გამომდინარე, დასავლეთის და, პირველ რიგში, ამერიკელების მხრიდან ეს იყო ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება, რომ ბალტიისპირეთი გამხდარიყო ხიდი საქართველოსა და დასავლეთს შორის.” (სტილი დაცულია)

ბალტიისპირეთთან სამხრეთ კავკასიის ურთიერთობას, ფორმატით ,,სამი პლუს სამი”, საქართველოში მნიშვნელობას მხოლოდ კონკრეტული წარმატებების გაზიარების თვალსაზრისით არ ანიჭებენ. თბილისში დარწმუნებულნი არიან, რომ, მიუხედავად სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტისა, რეგიონის სამივე ქვეყანა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას შეძლებს. ლევან დუჩიძე ამბობს, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს ერთმანეთთან შეიარაღებული კონფლიქტი არ ჰქონიათ, თუმცა საერთო ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად არაერთი უმწვავესი ეკონომიკური და სასაზღვრო პრობლემის დაძლევა მოახერხეს:

[ლევან დუჩიძის ხმა] ,,გამოცდილება, რომელიც ამ სამ სახელმწიფოს დაუგროვდა, გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით, - ცხადია, სპეციფიკა მათ თავისი გააჩნდათ, - არის აბსოლუტურად ფასდაუდებელი. ფაქტობრივად, შეგვიძლია ასლები გადავიღოთ და მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ იმ გზას, რომელიც მათ გაიარეს.” (სტილი დაცულია)

იმის თაობაზე, თუ რა გზა გაიარეს ბალტიისპირელებმა რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით, საუბარს სამშაბათს თბილისში დაიწყებენ სამხრეთ კავკასიისა და ბალტიისპირეთის საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები. დღის წესრიგის ერთ-ერთი თემა - შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის პრინციპი ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში უკვე რელობაა, ისევე როგორც პოლიტიკური კულტურის საკმაოდ მაღალი დონე და სახელმწიფოს მართვის უნარი, რომელთა მეშვეობით დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დასახულ მიზანს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, სამხრეთ კავკასიისგან განსხვავებით, საკმაოდ სწრაფად მიაღწიეს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG