Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2006 წლის ბოლო კვირის მიმოხილვა


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი წლის მიწურულს გალის რაიონში

ისევ უკიდურესად დაიძაბა ვითარება. კვირის დასაწყისში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, აფხაზებმა გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში სადამსჯელო რაზმები შეიყვანეს და მოსახლეობის შემოწმება დაიწყეს. მიუხედავად ოპოზიციის რადიკალური მოწოდებებისა, საქართველოს ხელისუფლებას გალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მწვავე რეაქცია არ ჰქონია. გალის მოვლენების გარდა ამ კვირას ისიც გაირკვა, რომ ომახიანი განცხადებების მიუხედავად, საქართველო 1 იანვრიდან ისევ რუსულ გაზს შეისყიდის და თან სწორედ ”პოლიტიკურ ფასად”.

კვირა იმით დაიწყო, რომ ორშაბათს შუადღისით გალის რაიონის ტერიტორიაზე, ენგურის ხიდის მახლობლად სამი ავტომანქანისაგან შემდგარი კორტეჟი აფეთქდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აფეთქებას შეეწირნენ აფხაზური მილიციის მაღალჩინოსანი, აფახეთის ომის ორგზის გმირი ოთარ ტურნანბა და გალის პროკურორი ვინმე კოღონია. რამდენიმე საათის შემდეგ იმავე ადგილზე, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს ავტომატური იარაღის ჯერით მოკლეს გალის მილიციის ერთ-ერთი ქვეგანყოფილების უფროსი ალიკ ხიშბა. ინცინდენტების გახმაურებისთანავე აფხაზურმა მხარემ მომხდარში ბრალი ქართულ სპეცსამსახურებს დასდო. ქართული მხარის ვერსიით კი გალის რაიონში ადგილი ჰქონდა კრიმინალურ გარჩევებს.

პოლიტიკური მოძრაობა ”ჩვენ თვითონ” ლიდერის პაატა დავითაიას მონაცემებით, გალის რაიონის მოსახლეობის დაწიოკებით ცნობილ ოთარ ტურნანბას ანგარიში მოსკოველმა კრიმინალებმა გაუსწორეს:

[პაატა დავითაიას ხმა] „ეს ადამიანი აფხაზეთის ომის დროს იყო სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური, ატარებდა სადამსჯელო ოპერაციებს, გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით, არ ინდობდა მშვიდობიან მოსახლეობას. ჩაიდინა არაერთი მკვლელობა, შემდეგ დაინიშნა გალის მილიციის უფროსად და სწორედ ის აკონტროლებდა გატაცებებს, თხილისა და ნარკოტიკების ბიზნესს და ასე შემდეგ.“

როგორც მოსალოდნელი იყო, აფხაზი მილიციელების დაღუპვის შემდეგ გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში, მათ შორის ოტობაიაში, აფხაზური მილიციის გაძლიერებული შენაერთი შევიდა. ქართული მედიის ინფორმაციით, ოტობაიას მოსახლეობამ ტყეში გახიზვნა დაიწყო. თუმცა, აფხაზებმა მოახერხეს 50 ადამიანის დაკავება. მათი დიდი ნაწილი რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

გალის აფხაზური ადმინისტრაციის წარმომადგენელი რუსლან ქიშმარია ირწმუნებოდა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა: [რუსლან ქიშმარიას ხმა] „ჩვეულებრივი სამილიციო სამუშაოა. არავინ მოუკლავთ, ჩამოუხრჩვიათ და აუფეთქებიათ. რაც შეეხება ოტობაიაში ბავშვების დაკავებას... რა ბავშვები, რა სისულელეა!“

გალში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბოლომდე გაურკვეველი დარჩა საქართველოს ხელისუფლების რეაქცია. გალში აფხაზური შენაერთების შეყვანის ფაქტი და ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის უფლებების შელახვის თაობაზე განცხადებები სახალხო დამცველისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატებმა გაავრცელეს.

საპარლამენტო, თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა დუმილის გამო მწვავედ გააკრიტიკეს ხელისუფლება. განსაკუთრებული რადიკალური რიტორიკით ამ დღეებში ”დემოკრატიული ფრონტის” ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური გამოირჩეოდა: [ზვიად ძიძიგურის ხმა] „როცა ჩვენებს ხოცავენ, ჩვენ გვაქვს სრული მორალური და პოლიტიკური უფლებაც იმისი, რომ გადავდგათ მსგავსი ნაბიჯები. ვითხოვ საქართველოს ხელისუფლებისგან ქმედებებს და არა სირაქლემას პოზიციაში დგომას.“

ოპოზიციის წარმომადგენელთა უმრავლესობისაგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა რესპუბლიკური პარტიის წევრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს. მისი აზრით უმთავრესი პრობლემა ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის კონტაქტების ნაკლებობაა: [პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "ჯერ უნდა დადგინდეს, რა მოხდა სინამდვილეში და შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით მოხდეს განმუხტვა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჯარების შეყვანა. ეს იქნება კატასტროფა.“

ამ კვირას გაირკვა, რომ საქართველოს ხელისუფლების ამასწინდელი მკვეთრი განცხადებების მიუხედავად ქვეყანა იანვარში გაზს მაინც რუსული სახელმწიფო კომპანია ”გაზპრომისაგან” შეისყიდის და თანაც სწორედ 235 დოლარად 1000 კუბურ მეტრს, ანუ იმ ფასად, რომელსაც საქართველოში ”პოლიტიკურად” მოიხსენიებდნენ.

საქართველოს ხელისუფლებას ”გაზპრომთან” თანამშრომლობა მას შემდეგ მოუწია, რაც გაირკვა, რომ აზერბაიჯანში, შაჰ დენიზის საბადოზე ავარია მოხდა. ამ ავარიის შედეგებსა და სახეცვლილ გეგმებზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა საზოგადოებას 25 დეკემბერს ამცნო: [ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”22 დეკემბერს ჩვენ უნდა დაგვეწყო შაჰ-დენიზის ჭაბურღილიდან სამხრეთკავკასიური გაზსადენის - ახალი გაზსადენის - მეშვეობით გაზის მიღება. სამწუხაროდ, ეს ტექნიკური მიზეზებით გადაიდო ჭაბურღილზე მომხდარი ავარიის გამო. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, მომავალი წლის დასაწყისიდან გავაგრძელოთ რუსეთიდან გაზის მიღება, თუმცა ჩვენი სტრატეგიული არჩევანი იგივეა და, როგორც კი მოგვარდება ტექნიკური პრობლემები, ჩვენ დავიწყებთ თავიდან ბოლომდე გაზის მიღებას აზერბაიჯანიდან.”

რუსულ გაზზე პოლიტიკური ფასის გადახდის დაუშვებლობის თაობაზე საკუთარი სიტყვისა და პოზიციის გადათქმის შემდეგ მთავრობამ იმაზე ზრუნვა დაიწყო, რომ ორმაგად გაძვირებული გაზი მოსახლეობაზე არ აისახოს და ზამთრის განმვლობაში არ გაძვირდეს ტარიფი. როგორც ირკვევა, ენერგეტიკის სამინისტრო საფინანსო-სუბსიდიარულ ოპერაციას გეგმავს, 90 მილიონ ლარამდე თანხა გამოეყოფათ გაზის გამანაწილებელ კომპანიებს, რათა დღევანდელი ტარიფის შენარჩუნება მოხერხდეს.

კომპანია ”ყაზტრანსგაზ - თბილისის” გენერალური დირექტორის გიორგი ქოიავას თქმით, ხელისუფლების ამ ქმედების წყალობით დღევანდელი ტარიფის შენარჩუნება შესაძლებელია: [გიორგი ქოიავას ხმა] ”გვინდა იყოს შეწონილი ტარიფი, რომ მოსახლეობამ ზამთრის თვეებში ვერ იგრძნოს ეს გაძვირება...”

და კიდევ ერთი თემა, რომელიც გალის მოვლენებისა და გაზთან დაკავშირებული გაურკვევლობის ფონზე მეტნაკლებად დაიჩრდილა, ყოველ შემთხვევაში წინა შემთხვევებისაგან განსხვავებით პარლამენტში შს მინისტრისა და გენერალური პროკურორის მოსვლამ მოსალოდნელი ხმაური და ვნებათაღელვა ვერ გამოიწვია. ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იაკობ მესხია სამთავრობო საათზე ”მემარჯვენე ოპოზიციის” ინიციატივით მივიდნენ. საპარლამენტო ოპოზიციას ძირითადად სატყეო დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელთან ბიძინა გიორგობიანთან დაკავშირებული ვითარება აინტერესებდა.

ოპოზიციის მწვავე შეკითხვებზე შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი მაინც მშვიდად ახერხებდა პასუხების გაცემას:
[ვანო მერაბიშვილის ხმა] “ჰქონდა თუ არა კონტროლის პალატის თანამშრომელზე ზეწოლას ფაქტი, ჩემი ინფორმაციით არ ჰქონია...”

გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი კი ბიძინა გიორგობიანს, რომელიც, როგორც ცნობილია, შს მაღალჩინოსნებს ხე-ტყის კონტრაბანდაში ადანაშაულებს, გაღმით შეედავა: [ზურაბ ადეიშვილის ხმა] ”ნათლად ჩანს, რომ ეს ადამიანი საქმის კურსში იყო, არამედ მისი ბრძანებით მოხდა ამ ხე-ტყის გასხვისება...”

საბოლოო ჯამში, საპარლამენტო ოპოზიციამ ამ საქმესთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა განიზრახა. ეს ჯგუფი მუშაობას უკვე მომავალ წელს დაიწყებს.
XS
SM
MD
LG