Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პართენონის ფერადი მშვენიერება


პართენონის რელიეფი ბრიტანეთის მუზეუმში
პართენონის რელიეფი ბრიტანეთის მუზეუმში
ძველი ბერძნული მარმარილოს ქანდაკებები რომ ქათქათა თეთრი კი არა, არამედ, როგორც წესი, ფერადი იყო, დღეს ამაზე აღარ დაობენ. მაგრამ ქანდაკებების სითეთრის მითი მყარად შემორჩა ათენის აკროპოლისზე პართენონის ტაძრის ფიგურების შემთხვევაში. საქმე ისაა, რომ აქამდე არ ხერხდებოდა იმის დამადასტურებელი საბუთების პოვნა, რომ ისინიც ფერადი იყო.

მაგრამ ახლახან ფიზიკოსმა ჯოვანი ვერიმ, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმის კონსერვაციისა და კვლევის განყოფილების თანამშრომელია, მარტივი ლუმინესცენციის მეთოდით შეძლო ამ ქანდაკებებზე ფერთა პიგმენტების აღმოჩენა. საამისოდ მან ციფრული კამერის მოდიფიკაცია გამოიყენა. რაც მთავარია, ხელსაწყო მობილურია და მისი გამოყენება შეიძლება ისეთ მიუვალ ადგილებშიც, სადაც შეუძლებელია რთული სამეცნიერო ტექნიკის მიტანა.

ლურჯი პიგმენტების ნარჩენები აღმოჩნდა ფრთოსანი ქალღმერთის, ირისის სამოსის ნაკეცებში, ასევე მზის ღმერთი ჰელიოსის ზურგზე და ქალღმერთ დიონეს მოსასხამზე. ე.წ. "ეგვიპტური ლურჯი" ფართოდ გავრცელებული საღებავი იყო ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 800 წლამდე და მას ძველი ბერძნები და რომაელებიც გამოიყენებდნენ ქანდაკებების გასაფერადებლად.

ანტიკური ქანდაკებების უფერული მშვენიერების შესახებ მითი, როგორც ჩანს, ტროის აღმომჩენის, ჰაინრიხ შლიმანისა და მისი ეპოქის დამსახურებაა. ეს იდეალი იმდენად გავრცელებული იყო, რომ არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნ ქანდაკებებს საგანგებოდ აცლიდნენ ათასწლეულებს გადარჩენილ საღებავს.

პართენონის ქანდაკებები და ტაძრის ფრიზის ნაწილი, რომელიც ლონდონში ინახება, დიდი ხანია, დავის საგანს წარმოადგენს საბერძნეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის. საბერძნეთი ითხოვს ორიგინალებს, რომლებიც საბერძნეთიდან 1816 წელს გაიტანა ლორდმა ელგინმა, როგორც ბრიტანელები ამტკიცებენ - ათენის ოფიციალური ნებართვით. პართენონის სხვა ფიგურები პარიზში, ლუვრშია დაცული, ნაწილი - კოპენჰანგენის, ვენის, ვიურცბურგისა და მიუნხენის მუზეუმებში.



მყინვარების გაზომვის ახალი მეთოდი

შვეიცარიის ალპები
ძველი და ახალი ფოტოების შედარება ნათელყოფს, რომ ალპებში მყინვარების მასები შემცირდა. თუმცა რამდენად შემცირდა - თვალით ამის დადგენა შეუძლებელია. მაგრამ შვეიცარიელმა მეცნიერებმა პირველად მოახერხეს შვეიცარიის ალპებში მყინვარების საერთო მოცულობის გამოანგარიშება.

ციურიხის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელმა, მარტინ ფუნკმა, და მისმა კოლეგებმა საამისოდ გამოიყენეს ახალი მეთოდი, რომელიც უფრო ზუსტია, ვიდრე აქამდე ხმარებული მიახლოებითი მეთოდი.

მეცნიერებმა გამოთვლები ჩაატარეს შვეიცარიის 59 უდიდეს მყინვარზე, რომლებზეც ყინულის მასის დაახლოებით 88% მოდის. შედეგი ასე გამოიყურება: 1999 წელს შვეიცარიის მყინვარების საერთო მოცულობა 74 კუბურ კილომეტრს შეადგენდა. დამდნარი სახით ეს წყალი ვერც მაშინ გაუტოლდებოდა ჟენევის ტბას, რომელშიც 89 კუბური კილომეტრი წყალია. მაგრამ დღეს მყინვარები ჟენევის ტბის ორ მესამედს თუ შეავსებდა.

ეს, დღემდე ჩატარებულებიდან ყველაზე ზუსტი გამოკვლევა შესაძლებლობას იძლევა, უფრო კარგად იქნეს გამოანგარიშებული, როგორი იქნება ყინულის ქრობა მომავალში. ვინაიდან ვარაუდების თანახმად, 2050 წლამდე ალპებში ზაფხულის საშუალო ტემპერატურა 2,7 გრადუსით მოიმატებს, ზოგი მეცნიერი შიშობს, რომ წყლის ეს მარაგი საერთოდ შეიძლება გაქრეს.

დედამიწაზე მყინვარების მოცულობის ზუსტი დაანგარიშების სიძნელის გამო დღემდე ერთობ რთულია კლიმატის პროგნოზირებისას მათი გათვალიწინება. ძნელია ზუსტად დაანგარიშება, დადნობის შემთხვევაში რა მოცულობის წყალი გამოთავისუფლდება და რა გავლენას მოახდენს ეს ზღვის დონეზე. შვეიცარიელთა გამოკვლევამ შესაძლოა ბოლო მოუღოს ამ გაურკვევლობას.
XS
SM
MD
LG