Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრუშევი: ტერაქტების გამოძიებამ შეიძლება ქართულ კვალთან მიგვიყვანოს


ნიკოლაი პატრუშევი, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მდივანი და ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი
ნიკოლაი პატრუშევი, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მდივანი და ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვის მეტროს ტერაქტების გამოძიებისას ყველა ვერსია მუშავდება. ”უკვე არის გარკვეული პროგრესი” - განაცხადა მან. პატრუშევის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გამოძიებისას ქართული კვალიც გამოჩნდეს. ”ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ქართული სპეცსამსახურების გარკვეული თანამშრომლებს კონტაქტი ჰქონდათ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჩრდილოეთ კავკასიაში. ჩვენ ეს ვერსიაც უნდა შევამოწმოთ მოსკოვის ტერაქტებთან მიმართებაში” - განაცხადა პატრუშევმა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ინტერფაქსი” ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებებს უწოდა არაადეკვატური და პროვოკაციული, რაც საშიშროებას უქმნის როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას. მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ საინფორმაციო სააგენტოს ”ახალი ამბები-საქართველოს” განუცხადა, რომ პატრუშევს და რუსეთის სპეცსამსახურების სხვა მაღალჩინოსნებს ადრეც არაერთხელ უთქვამთ, რომ საქართველოს კავშირი აქვს ტერორისტულ ორგანიზაციებთან, მათ შორის ალ-ყაიდასთან. ჯალაღანიას თქმით, რუსეთის მსგავს განცხადებებს საერთაშორისო თანამეგობრობა სერიოზულად არასდროს აღიქვამს, რადგან საქართველო ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური წევრია და ტერორიზმთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეაქვს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებებით კრემლი ცდილობს ერთი მხრივ, პასუხისმგებლობა აიცილოს პროფესიული უსუსურობისა და არაკომპეტენტურობის გამო, მეორე მხრივ კი, გაამართლოს საკუთარი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვა, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა რეპრესირება, ჩრდილოეთ კავკასიაში ათასობით მშვიდობიანი ადამიანის მკვლელობა და მეზობელი სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართული აგრესიული პოლიტიკა.

ამასობაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერმა დოკუ უმაროვმა იკისრა პასუხისმგებლობა მოსკოვის მეტროში მოწყობილ აფეთქებებზე, რომელთაც სულ ცოტა 39 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დოკუ უმაროვის მიმართვა გავრცელდა ვიდეოჩანაწერის სახით, ისლამისტი მეამბოხეების არაოფიციალურ ვებსაიტზე. ამ ჩანაწერში, როგორც ჩანს, თვით უმაროვი აცხადებს, რომ მან გასცა ბრძანება თავდასხმების შესახებ და რომ თავდასხმები კიდევ გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG