Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაფერი მოდელირებულია


მეორე კვირაა, ამ სტატიას ვწერ და უკვე ორჯერ დამიძველდა. ოთხი სხვადასხვა ფაილი მაქვს გახსნილი განსხვავებული ტექსტით. ახლა კი ვფიქრობ, ბლოგია, სამეცნიერო კვლევა ხომ არა. მოდი დავიწყებ და განსაკუთრებული დალაგების და დამუშავების გარეშე ჩავალ ბოლოში. მაგის დედაც, ჯეკ!

მოკლედ, ზოგი ნანუკას შოუს ლანძღავს, ზოგი კი მაია ასათიანს. მე კი მგონია,რომ ყველაზე ცუდი გადაცემა ქართულ ტელევიზიებში ლაშა ხარაზიშვილის „სპეციალური რეპორტაჟია“. ეს არის უგვანი, შავბნელი, მავნებლური პროგრამა, რომელიც ფაქტებს განზრახ ამახინჯებს და შიშს თესავს. მგონია, რომ „სპეციალური რეპორტაჟი“ უფრო მეტს აფუჭებს, ვიდრე ერთად აღებული ყველა ტოკ-შოუ და „სალაღობო“ მუსიკალური გადაცემა.

ჩემთვის „პროფილი“, „ნანუკას შოუ“ და მისთანები არის ჰამბურგერი - სულ რომ ეგ ჭამო, ცუდია - გაგასუქებს, მავნე ნივთიერებებით გაგტენის და ისედაც, - არ არის სასარგებლო. მეორე მხრივ, დროდადრო მაგის ღმურძვლას ორგანიზმი აიტანს. თანაც, ვისაც ჰამბურგერის ჭამა სწორი კვება ჰგონია, კია ღირსი, რომ გასუქდეს. როგორც ვხედავ, ძირითადად სოციალურ ქსელებზე, ამ შოუების ბევრ მაგინებელს წამყვანები უფრო აღიზიანებს, ვიდრე თავად გადაცემის კონცეფცია. კი ბატონო, შეიძლება უკეთესი ჰამბურგერი მოითხოვო - ხორცი უკეთ შეწვით ან ყველი მეტი დაადეთო, მაგრამ ამით ის უფრო სასარგებლო ხომ არ გახდება? ჩემთვის, რა ვიცი, სულერთია, ნანუკა იქნება თუ ნანკა, მაია თუ შორენა. არსი ხომ იგივე დარჩება...

აი, „სპეციალური რეპორტაჟის“ ტიპის გადაცემები კი იდეაში ორაგულის ფილეა ლიმონისა და კამის სოუსით. სტეიკია ბოსტნეულის გარნირით (ხომ არ გშია? მე - ცოტა კი). თან სასარგებლო და თან მაწიერი. თუმცა, ეს იდეაში... რეალურად კი „სპეციალური რეპორტაჟი“ ვირთხაა - ცუდად შემწვარი ვირთხა ბალღამის სოუსში ბოროტების გარნირით.

* * *

„შიშის ფაქტორი არ უნდა იყოს მოსახლეობაში. მე ვგულისხმობ ქართულ საზოგადოებას. ეს ერთგვარი პანიკაც უნდა ჩაცხრეს ალბათ“ - თქვა ლაშა ხარაზიშვილმა 19 მარტის „სპეციალურ რეპორტაჟში“. მიწისძვრებზე ელაპარაკებოდა რესპონდენტს. თქვა და არ გაწითლდა. არც გაეცინა. არც ის შეეტყო, რომ უხერხულობა იგრძნო რამე. აბა რა - ეწერა სახეზე - ქართულ საზოგადოებაშია პრობლემა! რა პანიკა აუტყდათ?

განა მარტო ისაა საქმე, რომ, როდესაც „მოდელირებული ქრონიკის“ წამყვანი სიტყვა „პანიკას“ იტყვის, თან „ბოდიში“ უნდა დააყოლოს და თავზე ნაცარი წაიყაროს და ეგეც არ იქნება საკმარისი. ერთი წელი გავიდა იმ ოხერი გადაცემის შემდეგ და ლაშა ხარაზიშვილი, იმის ნაცვლად, რომ ტელევიზიიდან მოეკვეთათ, დააწინაურეს. კარგი, ვითომ გავიარეთ ეგ უკვე. მაგრამ, რა სინდისით ლაპარაკობს მიწისძვრასთან დაკავშირებულ პანიკაზე? სად იყო პანიკა? არ ყოფილა. არადა, სწორედ „სპეციალური რეპორტაჟი“ ატრიალებდა გადაცემის პრომოს, რომლის ნახვისას ვაჟკაცსაც გული რკინისა მუხლებში გაეპარებოდა.

თავად გადაცემა მთლად ისეთი პანიკური ვერ გამოუვიდათ, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ცდა დააკლეს. უბრალოდ, ყველა ქართველი მეცნიერი, ვინც კი გადაცემაში ჩანდა, ერთსა და იმავეს ამბობდა - სანერვიულო არც საქართველოსა აქვს და არც მსოფლიოსო. თუმცა, გაჩუმდებოდა თუ არა რესპონდენტი, ჟურნალისტი ლაპარაკს ტრაგიკული ხმით აგრძელებდა - სისხლის გამყინავი მუსიკის ფონზე.

განსაკუთრებით ცუდი იყო სეგმენტი სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც, თურმე რადიაციას ასხივებს. რა ვიცით, რომ ასხივებს? რა და გვერდით მცხოვრებმა სომეხმა გლეხებმა თქვეს, რომლებიც იქვე ხეებს სხლავდნენ და რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ, რამდენია იქ რადიაცია. როგორ შეიძლება ამის გაგება? ჯერ ერთი, დარწმუნებული ვარ, რომ ატომურ სადგურთან იჯდებოდა ვინმე სომეხი მეცნიერი, რომელიც ზუსტად ეტყოდა, როგორია იქ რადიაციული ფონი. თუ იქ ასეთი არ ზის, ან არ არის სანდო, მაშინ თავად გაეზომა ჟურნალისტს. ფიზიკა სამოსან მერვეკლასელზე ცუდად ვიცი, მაგრამ მაინც გამიგია, რომ არსებობს გაიგერის მრიცხველი რომელიც სწორედაც რომ მაგას აკეთებს. სად იშოვება? არ ვიცი, მაგრამ, აი, ვიღაც ორ ჭკვიან ბიჭს უჭირავს ხელში. ჭკვიან ბიჭებზე გამახსენდა...

* * *

ეს გადაცემა თუ არ გინახავთ, „ფეისბუკზე“ მაინც შეგხვდებოდათ სიუჟეტი უვიცი ქართველი ერის შესახებ. რამდენიმე ახალგაზრდაა ნაჩვენები, რომლებმაც პეტრე მელიქიშვილი არ იციან, სამაგიეროდ იციან ბიჭოლა. არ იციან, რამდენი კუთხე აქვს სამკუთხედს და როგორ დასრულდა საქართველო-ვიეტნამის ომი. „ლოლ, რა დღეში ვართ ქართველები, რაღა გვეშველება!“ - ასეთი იყო ბევრი „ფეისბუკელის“ რეაქცია. „ფეისბუკელები“ კი არა, თავად გადაცემის ავტორებიც ამ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რამდენიმე უვიცის პასუხი საქართველოში არსებულ ვითარებას ასახავს.

„ობიექტურ რეალობასთან მიახლოებული სურათის მიღება გვინდოდაო“, - ამბობს სიუჟეტის ავტორი. აბა, რანაირად არის რამესთან მიახლოებული სურათი საგანგებოდ ყველაზე არაადეკვატური რესპონდენტების შერჩევა და იმათი ტელეეკრანზე გამოჭენება? რა, ვერავინ გასცა ვერაფერზე სწორი პასუხი? ზუსტად ასევე შეიძლება გადაცემაში „ყველაზე ჭკვიანის“ მონაწილეების ჩასმა და გამოცხადება - აღარაფერი გვიჭირს, ნახე, რა კარგი თაობა მოდისო.

აუ, თან ვინ ლაპარაკობს წიგნიერებაზე. ვინა, ტო, „იმედი“? რა საჭირო იყო ქუჩაში გასვლა მათ სანახავად, ვინც პეტრე მელიქიშვილი არ იცოდა. იქვე, ოფისი დაევლოთ და გამოეკითხათ ხალხი. ენახათ, ელენე ახვლედიანი უფრო იციან თუ მაკა შალიკაშვილი. გადახედონ თავიანთ გადაცემებს - რამდენჯერ ახსენეს პეტრე მელიქიშვილი და რამდენჯერ - ბიჭოლა. საერთოდაც, ვინ აჩვენებს ბიჭოლას ყველაზე ხშირად, „იმედი“ ხომ არა?

* * *

უვიცები საქართველოში მართლაც ბევრნი არიან. ზოგის სანახავად ქუთაისში წასვლა სულ არ იყო საჭირო. შეეძლოთ ოთახისათვის მიმოევლოთ თვალი ან სარკეში ჩაეხედათ.

სიუჟეტს ლაშა ხარაზიშვილმა ასეთი შესავალი წაუმძღვარა: „წიგნიერების მიხედვით საქართველო კვლევაში მონაწილე 41 ქვეყნიდან 36-ე ადგილს იკავებს. ავტორიტეტული ორგანიზაცია „პირლზის“ კვლევის მიხედვით საქართველოში წიგნის კითხვა უბრალოდ არ უყვართ“.

თითქოს ფაქტების მეტი არაფერი უთქვამს, არა? თავისი აზრი კი არ მოუხვევია ჩვენთვის თავზე, არამედ ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევის შედეგები გაგვაცნო. კი, აბა!

მოდი არ შევიმჩნიოთ, რომ „ავტორიტეტული ორგანიზაცია „პირლზი” არ არსებობს (PIRLS კვლევას ჰქვია) და რომ ამ კვლევაში 41 კი არა, 40 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას (მაგის შეშლა რაღა იყო). მაგრამ იმას რა ვუყოთ, რომ კვლევის მიზანი არ ყოფილა დაედგინა საქართველოს წიგნიერების დონე? „პირლსის“ მიზანი იყო მეოთხეკლასელების, 9-10 წლის ბავშვების წიგნიერების დონის შესწავლა. რამდენად შეუძლიათ წაკითხულის ათვისება, შინაარსის გადმოცემა და ასე შემდეგ. მეოთხეკლასელების! შესაბამისად ეს კვლევა ვერაფრით დაადგენდა, რომ „საქართველოში წიგნის კითხვა უბრალოდ არ უყვართ“. ეგ „იმედის“ ჟურნალისტების მოსაზრებაა, რომელიც ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნადაა შემოსაღებული.

როდინდელი შეიძლება იყოს კვლევა, რომელიც „სპეციალური რეპორტაჟის“ ტიპის გადაცემამ შეიძლება გააშუქოს? გასული კვირის? გასული თვის? შარშანდელი? ჯანდაბას, შარშანწინდელი? კაი, შარშანწინისწინდელი? არა, გენაცვალე! 2011 წლის 12 მარტს „სპეციალურმა რეპორტაჟმა“ შორეულ 2006 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები გაგვაცნო. თან ისე, თითქოს ცინცხალი, ცხელ-ცხელი ინფორმაცია ჰქონოდა. (PIRLS ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. კვლევა წელსაც მიმდინარეობს, მაგრამ, მისი შედეგები 2012 წელს გვეცოდინება.)

რაში დასჭირდა „სპეციალურ რეპორტაჟს“ ხუთი წლის წინანდელი კვლევის გახსენება? იმ გადაცემის ლოგიკა ასეთი იყო - საქართველოში წიგნის კითხვა არ უყვართ, რაც ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დაადგინა და რის დასასაბუთებლათაც გაჩვენებთ რამდენიმე უწიგნურს. წიგნის კითხვა ადამიანს ბავშვობიდან უნდა შეუყვარდეს. ამ დროს კი გამომცემლობა „დიოგენე“ უშვებს წიგნს პატარა თხუნელაზე, რომელსაც უნდოდა გაეგო, თუ ვინ უქნა თავზე. მსგავსი წიგნები არ უწყობს ხელს კითხვის შეყვარებას. ამიტომაც ვიღებთ თაობას, რომელსაც შოთა რუსთაველის მეფობა არ უკვირს და ებრაელები მაჰმადიანები ჰგონია. გადაცემაში ეს დასკვნა ღია ტექსტით არ უთქვამთ, იმიტომ, რომ მაგათი სტანდარტებითაც კი აბსურდია, მაგრამ იგულისხმებოდა.

ეგ იმ გადაცემის ლოგიკით. რეალურად კი „სპეციალურმა რეპორტაჟმა“ მიმოიხილა შარშან გამოსული წიგნი, რომელსაც არაპირდაპირ, მაგრამ მაინც, ხუთი წლის წინანდელი კვლევის შედეგები „შეტენა“ და რამდენიმე უცნაურად უცოდინრის გამო ჩირქი მთელს საქართველოს მოსცხო.

„ნანუკას შოუს“ რომ უყურებ, იცი მაინც, რომ მართლა ეგვიპტეში იყვნენ და არა მაროკოში ან, სულაც, ბელგიაში. „სპეციალური რეპორტაჟისა“ კი ყველა სიტყვა უნდა შეამოწმო.

* * *

ამ ორ გადაცემაში კიდევ ბევრი სიბნელე იფრქვეოდა. ეს მხოლოდ რამდენიმე უსინდისობა ამოვარჩიე. წინა გადაცემებიდან ზოგი კიდევ უარესი იყო, მაგრამ მაგათი გარჩევაც რომ დავამატო ეს გრძელი სტატია კიდევ უფრო დაგრძელდება და, თან, კიდევ ერთხელ რომ ვუყურო, როგორ აშუქებენ ბავშვების უბედურებას ან როგორ თესავენ ჰომოფობიას, ლოგინად ჩავვარდები.

„მოდელირებული ქრონიკიდან“ ერთი წელი გავიდა, მაგრამ ის წარსულში არ დარჩენილა. „იმედზე“ ყველა ქრონიკა და ყველა სპეციალური რეპორტაჟი მოდელირებულია.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG