Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადმინისტრაციული რესურსის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება


რა არის ადმინისტრაციული რესურსი და როგორ შეიძლება მისი წინასაარჩევნოდ გამოყენება? ამ საკითხზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან ერთად სახელმძღვანელო პრინციპები შეიმუშავა. ერთ ბროშურად აკინძული ეს პრინციპები ერთგვარი პრევენციაა წინასაარჩევნო პროცესის იმ პოტენციური საარჩევნო დავების გადაჭრისთვის, რომლებიც სწორედ ადმინისტრაციული რესურსის საკითხზე წარმოიშვება ხოლმე.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენცია, სახელმძღვანელო პრინციპებზე მომუშავე სუბიექტების - მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების - ინიციატივით, გამყარებული იქნება სპეციალური მემორანდუმით. მემორანდუმის ტექსტის შეჯერების მიზნით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციის სახელმძღვანელო პრინციპები გაეცნო პოლიტიკურ პარტიებსაც. თავიანთი შენიშვნებისა და შესწორებების წარდგენის შემდეგ, დაახლოებით ერთი კვირის ვადაში, მხარეები თამაშის წესებზე, ანუ იმაზე შეთანხმდებიან, საარჩევნო კოდექსში გაწერილი მარეგულირებელი ნორმები როგორ შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული. საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი ამ პროცესში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჩართულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს:

”ძალიან ხშირად სხვა დროს, საჩივრების წერის შემთხვევაში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე ცესკოში ან სასამართლოში იურისტებს შორის მიდიოდა დავა, რომ თქვენ არასწორად კითხულობთ, ეს ნორმა ასე უნდა გაიგოთ, ის ნორმა ისე და ამიტომ ახლა ერთნაირად გავაკეთეთ ნორმის ჩამოყალიბება და შემდგომში უკვე გვექნება იმის საშუალება, ერთმანეთში აღარ ვიდავოთ და თუ ვნახეთ, რომ არის ისეთი მოქმედება, რომელიც თავიდან ბოლომდე ჯდება იმ რეგულაციებში, რომელიც, დავუშვათ, ჩვენ შევიმუშავეთ, უკვე პრობლემა აღარ იქნება ამის გასაჩივრებისა და ხელოვნურად პრობლემას არავინ არ შექმნის. ”

ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მიერ სამოქალაქო სექტორის ჩართულობით შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, ადმინისტრაციული რესურსი არის ქონება ან სხვა სახის რესურსი, რომელიც სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესასრულებლადაა აუცილებელი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი ლევან ნატროშვილი აღნიშნავს, საქართველოს კანონმდებლობაში ადმინისტრაციული რესურსის განმარტება ცალკე არ გვხვდება. შესაბამისად, ამ ბროშურის პრაქტიკული მნიშვნელობაა ისიც, რომ მომხმარებელს - ამ შემთხვევაში მოქალაქეებსა და საჯარო მოხელეებს - განუმარტოს, რა არის ადმინისტრაციული რესურსი და რა შემთხვევაში ითვლება მისი გამოყენება კანონდარღვევად:

” საარჩევნო კოდექსში რაც ეხება ადმინისტრაციულ რესურსს, აი, იმის განმარტებებია, ფაქტობრივად. ანუ გამოტანილია ის ძირითადი მუხლები და თანდართულია კომენტარები და ახსნები, ანუ კონკრეტული მუხლი რას გულისხმობს. ეს იყო კანონის, ასე ვთქვათ, ადამიანურ ენაზე განსაჯაროება და ახსნა, რომ კანონში რაღაც მუხლები რომ წერია, კომენტარებიც დართულია და მოქალაქე რომ წაიკითხავს, უკეთ გაერკვევა, რას ნიშნავს კანონის ენაზე რომ წერია, ის დებულებები, ასე ვთქვათ, ნორმალურ, ჩვეულებრივ ენაზე.”

ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაციული რესურსის თემაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების არსებობა თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია. სხვა საკითხია, რომ კანონმდებლობაა ცუდი, ანუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დასჯადია მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც საშუალოდ 2 თვე გრძელდება.

თუმცა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ფიქრობს, რომ სახელმძღვანელო პრინციპები ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და ამომრჩევლის მხრიდან საარჩევნო პროცესებისადმი ნდობის გაზრდას:

” ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის საკითხი, რომელიც ხშირად დავისა და კონფლიქტების თემა ხდება და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ყველა საკითხი წინასწარ ჩამოვაყალიბოთ.”

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება კი, სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, ეკრძალებათ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, აგრეთვე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. მათ ასევე ეკრძალებათ დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არ აქვთ მისი გამოყენების ანალოგიური უფლება.

ბროშურაში მითითებულია ასევე, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საარჩევნო კამპანიის პოლიტიკურად და სამართლებრივად თავისუფალ გარემოში ჩატარება.
XS
SM
MD
LG