Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინი ევროპაში


იყო თუ არა აღმოსავლეთ ევროპის სოვეტიზაცია გარდაუვალი? შესაძლებელი იყო თუ არა პოლონელებისათვის და რუმინელებისათვის ან, თუნდაც, აღმოსავლეთ გერმანიისათვის „ფინლანდიზაცია“, ანუ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი სოვეტიზაციის გარეშე?

ამ საკითხზე პასუხის გასაცემად საჭიროა გავიხსენოთ, რა არის სტალინის სუსტი და ძლიერი წერტილები 1945 წელს. 1945 წელს წითელ არმიაში ომში გამობრძმედილი ექვსი მილიონი სამხედროა; არმია აღჭურვილია 10 ათასი პირველხარისხოვანი ტანკით, 20 ათასი თვითმფრინავითა და იმ პერიოდისათვის ყველაზე მოწინავე გენერალური შტაბით. აქედან გამომდინარე, 1945 წლის დასაწყისში, სტალინი ძალის პოზიციიდან ელაპარაკება თავის მოკავშირეებს, ხანდახან ატყუებს მათ და მუდმივად მანევრირებს.

1 იანვარს, მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის, ფრენკლინ დ. რუზველტის პროტესტისა, სტალინი ცალხმრივად აღიარებს კრემლის მიერ შექმნილ ლუბლინის კომიტეტს (პოლონეთის დროებით მარიონეტულ მთავრობას). 3 იანვარს მოლოტოვი ვაშინგტონთან მიაღწევს შეთანხმებას ექვსმილიარდდოლარიანი კრედიტის გამოყოფის შესახებ საბჭოთა კავშირის ომისშემდგომი რეკონსტრუქციის მიზნით, რის შედეგადაც 5 იანვარს რუზველტი თავის ადმინისტრაციას სთხოვს, დაიწყოს პროცედურა საბჭოთა კავშირისთვის „ლენდ-ლიზის“ 1946 წლის 30 ივნისამდე გაგრძელების მიზნით (იმ დროს აშშ-ს ჯერ კიდევ სჭირდებოდა წითელი არმია იაპონიის წინააღმდეგ საომრად, და ვაშინგტონი თანახმა იყო, ფულით ეყიდა საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლე).

6 იანვარს, არდენის მთებში ვერმახტის დროებითი წარმატების გამო, ბრიტანეთის პრემიერი უინსტონ ჩერჩილი შეევედრება სტალინს დანიშნულ დროზე ადრე დაიწყოს ვისლა-ოდერის საიერიშო ოპერაცია, რათა ამგვარად აიძულოს ჰიტლერი, აღმოსავლეთისკენ გადაისროლოს არდენის მთებში მებრძოლი გერმანიის შენაერთების ნაწილი. მარტის ბოლოს, როცა 1,5 მილიონი საბჭოთა ჯარისკაცი მესამე რაიხის დედაქალაქის ასაღებად ემზადება, სტალინი უტიფრად ატყუებს ევროპაში მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალს დუაიტ აიზენჰაუერს, რომ „ბერლინმა თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგა და ამიტომ უმაღლესი საბჭოთა სარდლობა გეგმავს ამ მიმართულებით მხოლოდ მეორეხარისხოვანი ძალები მიმართოს.“ პარალელურად, სტალინი უგულებელყოფს რუზველტის აღშფოთებას და ნკვდ-ს გენერლის, ივან სეროვის ხელით ვარშავის მახლობლად დააპატიმრებს პოლონეთის ლეგიტიმური მთავრობის წევრებს და ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების, არმია კრაიოვას მეთაურებს, ანუ იმ ხალხს, ვინც ნაციზმს ყველაზე დიდხანს ებრძოდა.

1945 წლის სექტემბერში, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ, საბჭოთა ჯარი დაბანაკებულია ვარშავაში, ბერლინში, ბუქარესტში, პრაღაში, ბუდაპეშტში, სოფიასა და ვენაში. ნამგალ-უროიანი წითელი დროშა ფრიალებს აზიაშიც: პორტ-არტურში, ხარბინში, ფხენიანში, სამხრეთ სახალინსა და კურილის კუნძულებზე. მიუხედავად ამ სამხედრო სიძლიერისა, ატომური ბომბის ჩამოგდება ჰიროსიმასა და ნაგასაკიში მნიშვნელოვნად გააუფასურებს საერთაშორისო ასპარეზზე სტალინის სამხედრო კოზირს.

ძალთა ახალი თანაფარდობა რადიკალურად ცვლის მოსკოვ-ვაშინგტონის დიალოგის ტონსაც: ჰარი ტრუმანი, რომელიც აპრილის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტი ხდება, ჩათვლის, რომ პოლონეთში ლუბლინის კომიტეტის დასმა და რუმინეთში კრემლის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალება არღვევს ყველა იმ დაპირებას, სტალინმა მოკავშირეებს ომის პერიოდში რომ მისცა. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტი აუქმებს „ლენდ-ლიზის“ პროგრამას (რომელიც 1946 წლის ივნისამდე უნდა გაგრძელებულიყო), მოითხოვს ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გაღებული ხარჯის ნაწილობრივ ანაზღაურებას და დაასამარებს კრემლის იმედს ექვსმილიარდიან კრედიტზე, რომელიც საბჭოთა კავშირს ჟანგბადივით სჭირდებოდა:უკრაინა და ბელორუსია მიწასთან იყვნენ გასწორებული, 25 მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და ქუჩაში შიმშილით კვდებოდა. 1946-47 წლების ზამთარში შიმშილით დაიხოცა 1,5 მილიონი საბჭოთა მოქალაქე (შიმშილით სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი სტალინის მიერ ხორბლის უკანასკნელი მარაგის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის მიწოდება იყო). ამის პარალელურად, დასავლეთ უკრაინაში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში პარტიზანული ომი მძვინვარებდა: 1945-52 წლებში, მხოლოდ დასავლეთ უკრაინაში, სტალინის რეპრესიების მსხვერპლად იქცა ნახევარ მილიონამდე ადამიანი: მათ შორის 153 ათასი მოკლული, 134 ათასი დაპატიმრებული და 200 ათასზე მეტი დეპორტირებული.

აღმოსავლეთ ევროპის სოვეტიზაციის მაგივრად მათი ფინლანდიზაციით, სტალინს შეეძლო, გაეხანგრძლივებინა აშშ-ისგან მიღებული ეკონომიკური და ფინანსური დახმარება და ამით „შიდა ფრონტი“ ნაწილობრივ მაინც დაეწყნარებინა. მაგრამ მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგიაში გამობრძმედილი ჯუღაშვილი დარწმუნებულია, რომ ომის დამთავრების შემდეგ კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის გაჩაღდება კონკურენცია ბაზრებისათვის და, როგორც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ამ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვევს ომს კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის. ჯუღაშვილის აზრით, გრძელვადიან პერიოდში ეს პროგნოზი გარდაუვალია, მაგრამ მოკლე ვადაში კაპიტალისტურმა ქვეყნებმა ხომ შეიძლება შექმნან ერთიანი ფრონტი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ?

ამ ფანტასმაგორიული საფრთხეების წინაშე სტალინი აირჩევს... სტალინად დარჩენას. მისი არჩევანი იქნება იზოლაცია, ტერიტორიული ექსპანსია და სოვეტიზაცია. თუ 1945-ში პოლონეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ბედი უკვე გადაწყვეტილია, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიისა და გერმანიის შემთხვევაში სტალინი დროებითი შესვენების აღებას ამჯობინებს, რადგან შეერთებულ შტატებთან სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილება მისთვის პრიორიტეტულია. ასე, მისთვის ჩვეულ სტილში, მსგავსად ჰიტლერთან ურთიერთობისა, იგი მანევრირებით, „по-тихоньку“ (როგორც მოლოტოვს ეტყვის) მოახდენს ექსპანსიას მანამ, სანამ ამერიკა „ბირთვულ კლანჭებს“ არ დაანახვებს, როგორც ეს თურქეთის, ირანის ან კიდევ ლიბიის შემთხვევაში იქნება.

აღმოსავლეთ ევროპის სოვეტიზაცია შიდაპოლიტიკურ გამყინვარებასაც გამოიწვევს: თუ სტალინის ვიწრო წრე დაკარგავს ომის დროს მოპოვებულ შეზღუდულ დარგობრივ ავტონომიას, საბჭოთა მოსახლეობისათვის ეს გამყინვარება ოცნებების დასამარებით გამოიხატება - იქნება ეს კოლმეურნეობების გაუქმების, ეკლესიების გახსნის თუ სისტემის თუნდაც იოტისოდენა ლიბერალიზაციის იმედი.

ხოლო აღმოსავლეთევროპელთათვის, ისევე როგორც საბჭოთა ხალხისთვის, 1945 წელს მოპოვებული გამარჯვება იქცევა ერთი ჯოჯოხეთის დასასრულად და მეორე ჯოჯოხეთის დასაწყისად.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG