Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასტუმრო „ოაზისში“ მყოფი კოვიდინფიცირებული ექიმია


ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, სასტუმრო „ოაზისში“ ეპიდემიოლოგიური კვლევა დაწყებულია და შედეგების მიხედვით სასტუმროში მყოფი 400-მდე ექიმი, რომლებიც კონფერენციას ესწრებოდნენ, კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადანაწილდება.

„400-მდე ექიმი ესწრებოდა ამ კონფერენციას, კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთ ექიმს, რომელიც „ავერსის“ ქსელის კლინიკის წარმომადგენელია, თუმცა ეს არ უკავშირდება ამ ეტაპზე „ავერსის“ ქსელში ინფექციის გავრცელებას. წყარო დადგენილია, ჩვენ სასტუმრო „ოაზისში“ დავიწყეთ მყისიერი გამოკვლევა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან საუბარში, წყალტუბოში დევნილებისათვის ბინების გადაცემის ცერემონიალის პარალელურად.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა მოუწოდა ყველას, ვინც აჭარიდან შინ ბრუნდება, მიმართოს თვითიზოლაციას, ნებისმიერი სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში კი დარეკოს ცხელ ხაზზე, 112-ში.

2 სექტემბერს, ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისში“ კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში 38-ით გაიზარდა კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო-მაღაზია "დონას" კლასტერს განეკუთვნება.

კაფე-საკონდიტრო "დონას" მეორე ფილიალი დღეს 2 სექტემბერს დაიხურა. 31 აგვისტოს დაიხურა კაფეს ერთი ფილიალი, მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე გამყიდველ-კონსულტანტს ვირუსი გამოუვლინდა. ვირუსი დაუდგინდა ერთ-ერთ მეპატრონეს, რომელიც მუშაობდა საკონდიტრო კაფეში. ამ მიზეზით გუშინ თვითიზოლაციაში 50-ზე მეტი პირი გადავიდა. მათ კონტაქტი ჰქონდათ კაფე-საკონდიტროს ინფიცირებულ თანამშრომელთან. ამ კლასტერში უკვე ინფიცირებული 22 ადამიანია.

2 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით სულ ინფიცირებულია 1548 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 1270, ხოლო გარდაცვლილია - 19.

არსებული ვითარების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG