Accessibility links

თამამი გზავნილები ევროკავშირის პრეზიდენტის პირველ ყოველწლიურ გამოსვლაში


ერთი რამ აშკარაა ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის პირველი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რომელშიც მან ევროკავშირის მდგომარეობა მიმოიხილა: ევროკავშირი ნამდვილად გაწაფულია, როცა საქმე სიტყვებს ეხება.

მაგრამ გადამწყვეტი და უფრო რთული საკითხია, შეძლებს თუ არა ის ამ სიტყვების შესრულებას?

სიტყვები მართლაც უხვად იყო დღეს ურზულა ფონ დერ ლაიენის პირველი ყოველწლიური გამოსვლისას ევროპარლამენტში. მისი გამოსვლა სრულ 80 წუთს გაგრძელდა; მისი წინამორბედი ჟან-კლოდ იუნკერი სიტყვას, სულ მცირე, ორჯერ ნაკლებ დროში ამთავრებდა ხოლმე. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლების უმეტესობის მსგავსად, მიმართვა დაგვპირდა "მეტ ევროპას", უფრო ღრმა ინტეგრაციას და ბრიუსელს, რომელიც უფრო მეტ საქმეს აიღებს საკუთარ თავზე.

ევროკავშირის ენთუზიასტები პარლამენტში აღაფრთოვანა დაპირებებმა, მიუხედავად იმისა, რომ მათაც იციან, რომ ამ დაპირებათა აბსოლუტური უმრავლესობის შესრულება ძლიერ რთული იქნება.

მაგალითისთვის ავიღოთ საგარეო პოლიტიკის საკითხები, რომლებსაც ფონ დერ ლაიენმა სიტყვის მნიშვნელოვანი ნაწილი მიუძღვნა. ბრიუსელში გასულ კვირებში კიდევ ერთხელ გააცნობიერეს მტკივნეულად, რომ საგარეო პოლიტიკაში გადამწყვეტ სიტყვას, ჯერ ისევ და ძირითადად, ცალკეული წევრი ქვეყნები ამბობენ და არა მთლიანად ევროკავშირი, როდესაც კვიპროსმა წარმატებით დაბლოკა ბელარუსის წინააღმდეგ დაგეგმილი სანქციები თურქეთთან დაკავშირებული საკუთარი პრობლემების გამო.

ამის მიუხედავად აშკარაა, რომ ფონ დერ ლაიენის კომისია საკმაოდ მკვეთრი, მკაცრი და მკაფიო ხდება გლობალურ საკითხებზე გამონათქვამებში, რაც შესაძლოა ერთგვარი პასუხი იყოს მსოფლიოსთვის, სადაც სხვა სახელმწიფოები სულ უფრო აგრესიულად იქცევიან და ემუქრებიან საგარეო ურთიერთობათა მრავალმხრივ - მულტილატერალურ სისტემას, რომელშიც, როგორც წესი, ყვავის ბრიუსელი.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა: „კრიზისის პირობებში მთელ მსოფლიოში ზოგიერთებმა აირჩიეს იზოლირების გზა. სხვებმა აქტიურად სცადეს სისტემის დესტაბილიზება. ევროპამ არჩია, რომ ხელი გაეწვდინა ყველასთვის; ჩვენი ხელმძღვანელობა არ არის დაკავებული პროპაგანდით, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვარგებდა; ეს არ არის „ევროპა უპირველეს ყოვლისა“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველებმა გავცეთ სერიოზული პასუხი გამოწვევებს, როცა საჭიროა.“

მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს სიტყვები მიმართული შეერთებული შტატებისკენ ან ჩინეთისკენ, ან, შესაძლებელია, ორივესკენ, მაინც ნათელია, რომ ევროკავშირი ასეთი თამამი ვერ იქნებოდა გამონათქვამებში, თუნდაც ერთი წლის წინ.

მთელი გამოსვლა ასეთი თამამი გამონათქვამებით იყო სავსე სხვათა მისამართითაც: თურქეთზე, რომელიც ჯერ კიდევ ოფიციალურად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, „მიუხედავად იმისა, რომ რუკაზე ახლოს ვართ, როგორც ჩანს, ჩვენ შორის მანძილი იზრდებაო.“ დასავლეთ ბალკანეთზე, თქვა რეგიონი „ევროპის ნაწილია და არ წარმოადგენს მხოლოდ აბრეშუმის გზაზე გაჩერებას.“ ბელარუსის შესახებ მან თქვა, რომ ბელარუსის „მამაცი“ ხალხი „არ არის სხვისი ჭადრაკის დაფის ფიგურები“.

ყველაზე დიდი ცეცხლი მიმართული იყო მისი მშობლიური გერმანიისა და, მათ შორის, მისივე პარტიაში, ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში მათ წინააღმდეგ, ვინც კვლავ მხარს უჭერს Nordstream 2 მილსადენსა და მჭიდრო კავშირებს რუსეთთან. მან თქვა: „ალექსეი ნავალნის მოწამვლა ქიმიური აგენტით არ არის მხოლოდ ერთი, ცალკეული შემთხვევა. ჩვენ ვნახეთ ეს ქცევა საქართველოში და უკრაინაში, სირიაში, სოლსბერიში და არჩევნებში ჩარევაში მთელ მსოფლიოში. და ეს კანონზომიერება არ იცვლება. და ამას ვერცერთი მილსადენი ვერ შეცვლის.“

მიუხედავად ამ რიტორიკული სიმამაცისა, ძნელია იმის გარკვევა, თუ როგორ შეცვლიან ევროკავშირი და ევროკომისია ვითარებას ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებში.

დიახ, ევროკავშირს აქვს და ექნება განსხვავებები როგორც პეკინთან, ასევე ვაშინგტონთან, მაგრამ გარდა იმისა, რომ დაიცვას მისი შიდა ბაზარი ამერიკის ან ჩინეთის დომინირებისგან, ბრიუსელის გავლენა ამ მიმართულებით განსაკუთრებით დიდი არ არის.

ევროკავშირში შესვლის მსურველ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ჯერ კიდევ წლები აშორებს კლუბში მიღებისგან და მათ ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქის პოტენციური ვეტოც შეიძლება დახვდეს გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.

თურქეთმა, ალბათ, უკვე თავი დაანება კლუბში გაწევრიანებაზე ფიქრსაც, მაგრამ ბრიუსელს ანკარის მუქარის წინაშე, რომ მილიონობით თავშესაფრის მაძიებელს შემოუშვებს ევროკავშირში, ისღა დარჩენია, ფრთხილი იყოს და თურქეთის წინააღმდეგ მხოლოდ სიმბოლური სანქციების მსუბუქი დარტყმებით შემოიფარგლოს.

ბელარუსთან ევროკავშირის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, გარდა უკვე დაგვიანებული და ძალიან სიმბოლური აქტივების გაყინვისა და სავიზო აკრძალვებისა, საკმაოდ შეზღუდულია და კომისია ნამდვილად ვერ შეაჩერებს Nordstream 2-ს. გერმანიას ეს შეეძლო, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ბერლინს ამის განსაკუთრებული სურვილი ჰქონდეს.

ევროკავშირს ისღა დარჩენია, საშინაო პოლიტიკაში მაინც მიაღწიოს წარმატებას; ფონ დერ ლაიენმა განსაკუთრებით უნგრეთის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა წევრების მიმართ მინიშნებით ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ახალი ბიუჯეტის თანხები დაცული იქნება „ნებისმიერი სახის თაღლითობისგან, კორუფციისგან ან ინტერესთა კონფლიქტისგან; და ეს არ შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი“. მან აშკარად პოლონეთისკენ ისროლა კენჭი, როდესაც თქვა, რომ „LGBTQI თავისუფალი ზონები კაცობრიობისგან თავისუფალი ზონებია და მათ ჩვენს ევროკავშირში ადგილი არ აქვთ“ და მიგრაციის და დევნილების კვოტებთან დაკავშირებულ საკითხზე კიდევ ერთხელ თქვა, რომ მთელმა ევროპამ თავისი წილი უნდა იტვირთოს.

გამოსვლაში ასევე გაიჟღერა მოთხოვნებმა ევროკავშირის მინიმალური ხელფასის ჩარჩოების დაწესებისა და 2030 წლისთვის ემისიების 55%-ით შემცირების შესახებ, ასევე ევროკავშირის ციფრული გადასახადისა და ბრიუსელისთვის უფრო მეტი უფლებამოსილების მქონე „ევროპის ჯანმრთელობის კავშირის“ შექმნის თაობაზე; ასე რომ, შეიძლება ითქვას, თუ ევროკავშირი ვერ შეასრულებს დასახულ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს, მას მაინც ბევრი საკამათო ექნება შიდაპოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG