Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 ოქტომბრიდან სწავლის დისტანციურად გაგრძელება მშობლის არჩევანზე იქნება დამოკიდებული


მიუხედავად იმისა, რომ 1 ოქტობრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში პირველიდან მეექვე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახში, მშობლებს ექნებათ არჩევანის უფლება. მათ შეეძლებათ კვლავ დისტაცნიური სწავლების მეთოდი აირჩიონ.

იგივე წესი შეეხება გორისა და ფოთის სკოლებს. 1 ოქტომრიდან გორისა და ფოთის ყველა სკოლის 12-ვე კლასში სწავლა სასწავლო ოთახებში განახლდება, თუმცა სურვილის შემთხვევაში მოსწავლის მშობელს შეუძლია დისტანციური სწავლება აირჩიოს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუ მშობელს, ოჯახს აქვს გადაწყვეტილება, რომ მათ ურჩევნიათ ბავშვმა სწავლა გააგრძელოს დისტანციურ ფორმატში, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ ანუ იმ სკოლებში სადაც დისტანციურიდან გადავდივართ საკლასო ოთახებში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით - თბილისში, რუსთავში ქუთაისში, ზუგდიდში, ხოლო გორში და ფოთში ყველა კლასში, ამ სკოლებშიც მშობლები თუ ჩათვლიან, რომ მათ ურჩევნიათ რომ ბავშვმა გააგრძელოს სასწავლო პროცესი დისტანციურად, ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება უზრუნველყოფილი“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, აჭარის გარდა ყველგან, სპეციალურად განკუთვნილ რესურს ოთახში შეხვდებიან სპეცმასწავლებლები.

„ეს იქნება სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სკოლები შეათანხმებენ. ეს იქნება 1 ოქტობრიდან ყველა სკოლაში, აჭარის გარდა“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ყველგან, სადაც სწავლა დისტანციურად მიმდინარეობდა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში 1 ოქტომბრიდან დაბრუნდებიან. გორსა და ფოთში კი სკოლას დაუბრუნდება ყველა კლასის მოსწავლე. გამონაკლისი იქნება აჭარა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ბათუმი და ქობულეთი იყო პირველი ორი მუნიციპალიტეტი, სადაც მთავრობის 7 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურად უნდა დაწყებულიყო პირველ ოქტომბრამდე. 11 სექტემბერს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამგვარადვე დაწყებულიყო სასწავლო წელი საქართველოს დიდ ქალაქებში, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. დახურვის ბრძანება მიეცათ იმ სკოლებსაც, რომლებმაც შემოწმების საფუძველზე სწავლის შენობებში დასაწყებად მზაობა აჩვენეს და სასწავლო პროცესი 1 სექტემბრიდან დაიწყეს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 259 პირს დაუდასტურდა. ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 399-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში 62 ადამიანი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 1 705. კორონავირუსით საქართველოში 25 პირია გარდაცვლილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG