Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებები: მთავარი ხარვეზები 2020 წლის საქართველოში


2020 წელს, საქართველოსა და მსოფლიოში მთავარი გამოწვევა COVID-19 იყო. პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ხელი შეუწყო სიღარიბის გაზრდას, უთანასწორობის გაღრმავებას. საქართველოში, ჯანდაცვის, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების ფონზე, მედიასა თუ უფლებადამცველების ანგარიშებში არაერთი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტი მოხვდა.

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. 72 წლის წინ, 1948 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებას — ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით; ადამიანის უფლებების დაცვა და პატივისცემა არის ყველა სახელმწიფოს ვალდებულება და მიზანი, რომლისკენაც დემოკრატიული საზოგადოებები უნდა მიისწრაფოდნენ.


საარჩევნო უფლება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში მნიშვნელოვან ხარვეზებზე მიუთითებენ როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები.

ბუნდოვანი ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა; დაძაბული ატმოსფერო და ამომრჩეველთა დაშინება; შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი — სიებში ამომრჩევლების ხელმოწერების მეტობა ბიულეტენების რაოდენობაზე; ძალადობა და დაუდგენელ პირთა მობილიზება საარჩევნო უბნების მიმდებარედ — ეს ის ხარვეზებია, რომელთა გამოც ოპოზიციის სრული სპექტრი არ აღიარებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილ შედეგებს და რომელთა გამოც, ქვეყანა მწვავე პოლიტიკურ კრიზისში შევიდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, 2020 წლის არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები იყო.

მანიფესტაციის უფლება

8 ნოემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ადამიანები ხელისუფლებამ წყლის ჭავლით დაშალა. სამართალდამცველებს არ გაუფრთხილებიათ დემონსტრანტები ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც კანონდარღვევაა.

ხელისუფლება წყლის ჭავლის გამოყენებით შლის ოპოზიციურ აქციას. 8 ნოემბერი, 2020.
ხელისუფლება წყლის ჭავლის გამოყენებით შლის ოპოზიციურ აქციას. 8 ნოემბერი, 2020.

სპეცტექნიკის გამოყენებას წინ უძღოდა მხოლოდ აქციის რამდენიმე მონაწილის მხრიდან რკინის ღობის მორღვევის მცდელობა და ცესკოს შენობასთან რკინის ბარიკადზე დემონსტრაციულად ბრახუნი. ადამიანების დიდი ნაწილი კი მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს. აქციაზე დაშავდნენ ჟურნალისტებიც, რომელთა ნაწილი პოლიციისთვის სრულიად იდენტიფიცირებადი უნდა ყოფილიყო, თუმცა მათ ახლო მანძილიდან დაუმიზნეს წყლის ჭავლი.

სახალხო დამცველის შეფასებით, გამოყენებული ძალა არ იყო აუცილებელი და პროპორციული.

(უ)თანასწორობა

კორონავირუსის პანდემიის ადრეულ ეტაპზე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვას ამ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს აზერბაიჯანული თემის მიმართ სიძულვილის ტალღა მოჰყვა.

უფლებადამცველების აზრით, ეთნიკური უმცირესობებს კოვიდ-19-თან დაკავშირებით მათთვის გასაგები ფორმით ინფორმაცია არ მიეწოდებოდათ, რაც ძირითადი პრობლემა იყო.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ შეფასებით, ამ რეგიონის ჩაკეტვის და საგანგებო პირობებში მართვის მდგომარეობაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ხარვეზები, მათ შორის, აღნიშნული თემების ინფორმაციული და პოლიტიკური გაუცხოება და იზოლაცია

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა

გამოწვევად რჩება სტერეოტიპები, წინასწარგანწყობები, დასაქმების ადგილზე დისკრიმინაცია და აგრესია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების მიმართ.

რადიკალურად განწყობილი ჯგუფების თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდნენ ლგბტქ ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ წევრები, რომელთაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ; ასევე, მათი ოფისი, რომელსაც ესროდნენ საღებავს, კვერცხებს.

პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო სამსახური დაკარგა ლგბტქ ადამიანების ნაწილმა, რომლებიც დაბალშემოსავლიან სამსახურში არიან დასაქმებული და ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარი ოჯახების მხარდაჭერის გარეშე უწევთ ცხოვრება. განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ტრანსგენდერი ადამიანები. ტრანს ქალებმა, დახმარების თხოვნით, რამდენიმე საპროტესტო აქციაც გამართეს.

მადონა, რომელმაც თავის დაწვა სცადა
please wait

No media source currently available

0:00 0:21:33 0:00

ოჯახში ძალადობა

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, პანდემიის დროს იმატა ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების რისკმა. დაწესებული შეზღუდვების გამო, მსხვერპლები მოძალადეებთან დიდი დოზით აღმოჩნდნენ ერთ სივრცეში გამოკეტილნი.

ომბუდსმენის შეფასებით, რისკები გაიზარდა, ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის შესაძლებლობა კი შემცირდა; მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში 19 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 12 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, 7 შემთხვევაში კი — სხვა მოტივი. ამასთან, დაფიქსირდა 23 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგან 14 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.

კრიზისი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

უმწვავეს პრობლემად რჩება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეთა გადაადგილების თავისუფლება. კოვიდ-19-ის გამო, დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ გამყოფი ხაზების ჩაკეტვა მძიმედ აისახა იქ მცხოვრებთა სოციალურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე, რამაც ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა.

რამდენიმე პაციენტი, მათ შორის, კოვიდინფიცირებული, ტრაგიკულად გარდაიცვალა, რადგან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად არ გადმოიყვანეს.

კვლავ საგანგაშოა გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა. საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეებს კვლავ იტაცებენ, აკავებენ და, ძირითადად, ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ. ამასთან, უფლებადამცველებისთვის განსაკუთრებით საგანგაშოა აფხაზეთში, გალის რაიონში ირაკლი ბებუას დევნა და მისთვის 9-წლიანი უკანონო პატიმრობის მისჯა.

„პოლიტპატიმრები“

კარტოგრაფების საქმე

უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილი პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მაღალჩინოსნებს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს. მათ ბრალი ედებათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენაში, რაც მიმართულია საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ.

EMC-ის შეფასებით, კარტოგრაფების საქმე საქართველოში კრიტიკულად მაღალი შერჩევითი, პოლიტიზებული მართლმსაჯულების მკაფიო გამოვლინებაა.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მტკიცებით, ბრალდებულების და მათი უფლებადამცველების მიმართ მიმდინარეობს საინფორმაციო იერიში, რასაც, მათ შორის, თან ახლავს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.

საქმეს აქტიურად და დეტალურად სწავლობს სახალხო დამცველიც, რომელიც პოლიტიკური მოტივაციის ნიშნებს უკვე ხედავს, თუმცა საბოლოო შეფასებას საქმის მასალების სრულად შესწავლის შემდეგ გააკეთებს.

გიორგი რურუას საქმე

უფლებადამცველების ნაწილი, ასევე, გამოყოფს გიორგი რურუას საქმეს, რომელიც პოლიტიკურ პროცესში გააქტიურების შემდეგ, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

მედიის თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში დირექტორის იმპიჩმენტისა და ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ, უფლებადამცველები მაუწყებელში კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაზე საუბრობენ.

ტელევიზიიდან გათავისუფლებული ჟურნალისტების საქმეების შესწავლის საფუძველზე სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ დაირღვა თანამშრომელთა შრომითი უფლებები, მათ მიმართ ხორციელდებოდა დევნა, განსხვავებული აზრის, კერძოდ, მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე ღიად დაფიქსირებული კრიტიკული მოსაზრებების გამო. ომბუდსმენმა გამოძიების დაწყების წინადადებით პროკურორს მიმართა, მაგრამ მისი რეკომენდაცია არ იქნა გაზიარებული.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საუბრობს ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე — ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღესაც; ჟურნალისტები დაზიანდნენ და გაუფუჭდათ ტექნიკა 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან მიმდინარე აქციის დაშლისას.

სახალხო დამცველი განსაკუთრებით უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ დღემდე არ მომხდარა ინფორმაციის თავისუფლების აქტის პარლამენტში ინიცირება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვალდებულება, ჯერ კიდევ 2015 წლიდან, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმებით იყო გათვალისწინებული.

უსახლკარობა და სოციალური მდგომარეობა

COVID-19-ის გავრცელების შედეგად, განსაკუთრებული რისკის წინაშე აღმოჩნდნენ უსახლკარო, მიუსაფარი ადამიანები, რომელთაც ნაკლებად აქვთ, ან არ აქვთ წვდომა ჰიგიენისა და სანიტარიული საშუალებების, შესაბამისი ჯანდაცვის სერვისებზე. თავშესაფარში კოვიდინფექციის გავრცელების განმაპირობებელი კი საერთო საცხოვრებელი ფართი და სველი წერტილებია.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში — ადგილობრივ მონაცემთა ბაზები უსახლკარო პირთა შესახებ. ქვეყნის მასშტაბით 19 მუნიციპალიტეტში უსახლკარო პირთა დასახმარებლად მიზნობრივი პროგრამები არ ხორციელდება. ზუსტი სტატისტიკის არქონის პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო პირების დროული იდენტიფიცირება და თავშესაფრით უზრუნველყოფა.

პატიმართა ჩაგვრა

ომბუდსმენის მტკიცებით, კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა ციხეებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა, რაც პატიმართა ჩაგვრისა და ძალადობის გარდა, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტიან ფუნქციონირებასაც უქმნის საფრთხეს.

„წლის განმავლობაში ე.წ. პრივილეგირებული პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველის წარმომადგენლების საქმიანობაში ხელის შეშლის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევებს. აღნიშნული ინციდენტები განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან, იკვეთება, რომ ბოლო პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლა სისტემურ პრობლემად ჩამოყალიბდა, რაც სახელმწიფო ორგანოების მხრიდან დროულ და ეფექტურ რეაგირებას საჭიროებს“, — აცხადებს სახალხო დამცველი.

ამასთან, ომბუდსმენის შეფასებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ეპიდემიის მართვის მიზნით შემოღებულმა განსაკუთრებულმა პირობებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პატიმართა უფლებრივ მდგომარეობაზე — ფაქტობრივად შეჩერდა ისედაც მწირი სარეაბილიტაციო აქტივობები; მაქსიმალურად შეიზღუდა პატიმრების კონტაქტი გარე სამყაროსთან, რადგან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნით სარგებლობის, ასევე, ამავე კოდექსით განსაზღვრული ამანათების მიღების უფლება.

თავშესაფრის მაძიებლები

კორონავირუსმა, სახალხო დამცველის შეფასებით, ასევე, უარყოფითად იმოქმედა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, განსაკუთრებით, თავშესაფრის მაძიებელ პირებზე, რომლებიც ანტიკრიზისული სოციალური პროგრამების ცალკეული კომპონენტის მიღმა აღმოჩნდნენ.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG