Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 დღე აშშ-ში ხელისუფლების გადაცემამდე - რა არ უნდა გამოგრჩეს 8 იანვარს


ტრამპი ტვიტერზე ახალი განცხადებით გამოჩნდა

12-საათიანი დაბლოკვის შემდეგ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ახალი განცხადებით გამოჩნდა ტვიტერზე. დონალდ ტრამპი 20 იანვარს ხელისუფლების შეუფერხებლად გადაცემას ჰპირდება ამერიკას. თუმცა ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ისევ არსად ახსენებს არჩევნებში დამარცხებას.

„ამერიკა იყო და ყოველთვის უნდა იყოს კანონისა და წესრიგის ქვეყანა“, - ამბობს ვიდეოში მოქმედი პრეზიდენტი.

ტრამპის ანგარიში ისევ დაბლოკილია ფეისბუკსა და ინსტაგრამზე. ბლოკი თავდაპირველად 24-საათიანი იყო, თუმცა სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ზაკერბერგმა განაცხადა, რომ ბლოკი სულ მცირე 2 კვირით, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე გააგრძელა.

„შეტევა დემოკრატიაზე“, „შავი დღე“, „იმედგაცრუება“, „სირცხვილი“ - ასე მოიხსენიებდნენ აშშ-ის როგორც დემოკრატი, ასევე რესპუბლიკელი პოლიტიკოსები პრეზიდენტ ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრას. ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი მოუწოდებს მოქმედ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და მის ოფისს, რომ კონსტიტუციის 25-ე შესწორების მიხედვით იმოქმედონ და დაუყოვნებლივ გადააყენონ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

6 იანვარს მომხდარის გამო მთელი მსოფლოს ლიდერებმა გამოთქვეს გულისწყრომა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დონალდ ტრამპს შეახსენა, რომ არჩევნებში დამარცხება „დემოკრატიის ფუნდამენტური წესია“.

ამერიკაში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ მწვავე დისკუსია საქართველოშიც გაჩაღდა. სოციალურ ქსელებში გამოიკვეთა იმედგაცრუება აშშ-ის დემოკრატიის ხარისხისა და ამერიკის, როგორც დემოკრატიის ორიენტირის მიმართ. რა აჩვენა აშშ-ის მოვლენებმა მსოფლიოს და როგორ ჩანს ეს ყველაფერი საქართველოდან? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პატრიარქის ეპისტოლე გამოქვეყნდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის 2021 წლის საშობაო ეპისტოლე 7 იანვარს, საღამოს გამოქვეყნდა. მოლოდინის მიუხედავად, 6 იანვარს დაწყებულ საშობაო ლიტურგიაზე ეპისტოლე ვერ მოისმინეს.

საპატრიარქომ დაგვიანების მიზეზად ტექსტში შესატანი ცვლილებები დაგვისახელა.

ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალთა შინაგან მდგომარეობაზე: „შეიძლება კარგი ექიმი იყო, ან ინჟინერი, მიწის მუშაკი, მომსახურე პერსონალი, ან მეცნიერების ნებისმიერ დარგში გქონდეს დიდი წარმატება, იყო ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს ცნობილი წარმომადგენელი, სპორტსმენი, ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, სტუდენტი, თუნდაც სასულიერო პირი, მაგრამ თუ შენს საქმიანობასთან ერთად არ გაქვს თვალი უფლისკენ მხედველი და არ ზრუნავ შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, იქნები ცარიელი ჭურჭელი, ღვთის სისავსის მიღმა მყოფი“.

ეპისტოლეში ვკითხულობთ კორონავირუსის პანდემიის შესახებაც: ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა. ვირუსის უცნაურმა ბუნებამ აიძულა ადამიანები გარკვეულ რეგულაციებს დამორჩილებოდნენ. ეს აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ღმერთთან მეტი სიახლოვეც, რადგან არავინ იცის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე“.

კიდევ რა წერია ეპისტოლეში, წაიკითხე აქ.

კორონავირუსის გავრცელება საქართველოში

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 28 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, მიმდინარე თვის, იანვრის განმავლობაში ყოველდღიურად 20 000 ტესტი გაკეთდეს. ამის მიზანი უსიმპტომო პაციენტების გამოვლენა იქნება.

დღეს უნდა გახდეს ცნობილი კორონავირუსის ტესტირების პასუხი, რომელიც პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს გაუკეთდა. ის ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული სასულიერო პირის კონტაქტია და თვითიზოლაციაში იმყოფება.

პატრიარქის ექიმი, ცისანა შარტავა ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან კონტაქტი 4 იანვარს, მის დაბადების დღეზე ჰქონდა.

წაიკითხე მეტი.

უბიუჯეტოდ დარჩენილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა უბიუჯეტოდ დარჩა. გასული წლის დეკემბერში ადგილობრივმა პარლამენტმა ვერ შეძლო 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება. ე. წ. დეპუტატები დე ფაქტო პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას განაგრძობენ.

დეპუტატების ნაწილი საპარლამენტო მუშაობის გაგრძელებაზე უარს იმ დრომდე ამბობს, ვიდრე დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, ურუზმაგ ჯაგაევს, დე ფაქტო პრეზიდენტი არ გადააყენებს. დე ფაქტო პარლამენტის ხელმძღვანელობა და ე. წ. აღმასრულებელი ხელისუფლება კი გაფიცულ დეპუტატებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ.

წაიკითხე მეტი გოგა აფციაურის სტატიაში.

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო გამოსვლების დროს, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ყურადღება მიაქციეს, რომ აქციის მონაწილეს ხელში საქართველოს დროშა უჭირავს. „შეგიძლიათ, ვინმემ ამიხსნას, რა უნდა ამ არეულობაზე საქართველოს დროშას?“ - წერს ტვიტერზე ერთ-ერთი მომხმარებელი.

სხვები წერენ, რომ აქციის მონაწილე შეცდა, რადგან ჯორჯიის შტატის დროშით ყოფნა სურდა, სინამდვილეში კი ეს ევროპის ქვეყნის, საქართველოს სახელმწიფო დროშაა.

12 დღე ხელისუფლების გადაცემამდე, საუბრები 25-ე შესწორებაზე, ვაშინგტონი 6 იანვრის შემდეგ

ვაშინგტონის მერმა ორი კვირით გააგრძელა 6 იანვარს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კონგრესის შენობაში ტრამპის მომხრეთა შეჭრის შედეგად მომხდარი მასობრივი არეულობის შემდეგ, რასაც ოთხი ადამიანი შეეწირა.

აშშ-ის დედაქალაქში კომენდანტის საათი იმოქმედებს 20 იანვრამდე, პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებული ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ინაუგურაციამდე.

7 იანვარს, აშშ-ის კონგრესში მისი მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ ტრამპს მკვეთრად გაემიჯნენ მისი მომხრე რესპუბლიკელი კანონმდებლები, ხოლო ზოგიერთმა უშუალოდ მას დააკისრა პასუხისმგებლობა კაპიტოლიუმში მოწყობილი არეულობის გამო. დემოკრატები ვიცე-პრეზიდენტს კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებისკენ მოუწოდებენ. ამ მოწოდებას სულ მცირე ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენიც ღიად იზიარებს.

წაიკითხე მეტი.

„2012 წელს სენატის სახელით ოფიციალურად ჩავედით საქართველოში, არჩევნების სამეთვალყურეოდ. არჩევნები იმართებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მილიარდერი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ახლად დაფუძნებულ პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის“, - აშშ-ის კონგრესში, კონგრესმენებისა და სენატორების გაფართოებულ სხდომაზე დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა მაგალითად მოიყვანა საქართველოში 2012 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის ფაქტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG