Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიხსნება თუ არა რესტორნები პროტესტის ნიშნად? - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 თებერვალს


ორშაბათიდან შეზღუდვების ნაწილი იხსნება

დღეს გახდება ცნობილი, პროტესტის ნიშნად შაბათს გაიხსნება თუ არა კაფეებისა და რესტორნების ნაწილი. ამის თაობაზე გუშინ საღამოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. რესტორატორებმა საკუთარ გადაწყვეტილებას მას მერე გადახედეს, რაც გუშინ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქების შესახებ გამოაცხადა.

რა შეზღუდვებს შეეხება ეს:

8 თებერვლიდან მთელ საქართველოში ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა. 8 თებერვლიდანვე გაიხსნება ბაზრობები.

15 თებერვლიდან საქართველოში, ყველა სკოლაში სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში. ამ დროიდან რესტორნები ღია სივრცეებში სტუმრების გამასპინძლებას შეძლებენ, თუმცა შაბათ-კვირას ისინიც დაიკეტება.

უცნობია როდის აღდგება საჯარო და კერძო ბაღების მუშაობა, ასევე არ გამოცხადებულა საქალაქთაშორისო მიმოსვლის აღდგენის თარიღიც.

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა პროტესტის ფონზე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს სანქციები გაამკაცროს იმ მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილ წესებს დაარღვევენ.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

თამარ გაბუნიას თქმით, აღმოიფხვრება შეფერხება, თუ არსებობდა და სრულად დაიფარება მაკო გომურის ჯანმრთელობისთვის საჭირო ხარჯები

მაკო გომურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვის როგორც ფინანსური, ასევე სხვა საკითხები ძალაშია და ბოლომდე მივიყვანთ, - ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მიაწოდა.

„დღევანდელი მდგომარეობით თუ მას აქვს ჯანმრთელობის საჭიროება, ესეც ასევე სრულად იქნება დაფარული სახელმწიფოს პასუხისმგებლობით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და საგანგებო მდგომარეობების მართვის სამსახურში სრული მზაობა და მობილიზაციაა იმისთვის, რათა მაკო გომურმა მისთვის საჭირო ყველა სერვისი და დახმარება მიიღოს და აღმოიფხვრას შეფერხება, თუ არსებობდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ეს განცხადება მას მერე გააკეთა რაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულმა მაკო გომურმა სოციალურ ქსელში 3 თებერვალს დაწერა, რომ 3 კვირის წინ გაუტყდა თვალის პროთეზი და უწევს პირველი პროთეზის გამოყენება, რომლის ტარება მტკივნეული და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

წაიკითხე მეტი.

ჯერ არ შექმნილა, უკვე სადავოა - არჩევნებს პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეისწავლის

პარლამენტში ოპოზიციის უდიდესი ნაწილის გარეშე დაიწყებს მუშაობას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეისწავლის. „ქართული ოცნება“ დარწმუნებით აცხადებს, რომ კომისია კიდევ ერთხელ დაადასტურებს არჩევნების შედეგების სიზუსტეს; ხოლო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია კომისიას აბსოლუტურ უნდობლობას უცხადებს და ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შეთავაზებას ცინიკურადაც მიიჩნევს.

დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტში უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ - ორშაბათს დარეგისტრირდება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ უთხრეს რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე დოკუმენტის მხოლოდ სამუშაო ვერსია არსებობს და ის ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი. თუმცა „ოცნების“ წარმომადგენელთა საჯაროდ გაკეთებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, კომისია იმუშავებს „საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით“ და განიხილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული „ნებისმიერი საკითხი და დეტალი“.

წაიკითხე მეტი.

ზაზა გახელაძის პროცესი დღეს დასრულდება

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის განაჩენს ე.წ. უზენაესი სასამართლო დღეს, 5 თებერვალს გამოაცხადებს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

გახელაძის ოჯახი ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს მის გათავისუფლებას. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ, თუმცა, შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.

თვალი ადევნე ამ თემაზე სიახლეებს რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

ჟოზეპ ბორელი მოსკოვში ჩავიდა „ცხადი გზავნილით“ ნავალნის, ასევე დემონსტრაციების ჩახშობის გარშემო

ევროკავშირმა მოსკოვში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი გაგზავნა. სამდღიანი ვიზიტი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებასა და მისთვის პატიმრობის შეფარდებას უკავშირდება.

ბორელი აპირებს, კრემლს „ცხადი გზავნილი“ გადასცეს სტუმრობის დროს მოსკოვში, სადაც 2017 წლის შემდეგ პირველად ჩავიდა ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარგზავნილი.

რუსეთმა საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად ნავალნის 2 თებერვალს თითქმის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა პირობითი სასჯელის მოხდის ნორმების დარღვევის გამო იმ პერიოდში, როცა ის გერმანიაში მკურნალობდა აგვისტოში ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ.

ამ თემაზე ასევე ნახე.

ვეფხვი და პანტერების სამარხები საქართველოში

100 წლის წინ სოფელ ლელობთან მოკლეს ბოლო ვეფხვი, რომელიც საქართველოში ველურ პირობებში არსებობდა. იყვნენ თუ არა მანამდე სხვა ვეფხვებიც? მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ - კი, თუმცა ამის დამადასტურებელი მასალა ბევრი არაა.

1921 წელს მოკლული ვეფხვი საქართველოში აზერბაიჯანიდან მოხვდა. ვარაუდობენ, რომ ამხელა მანძილი მან ძუ ვეფხვის ძებნაში გამოიარა. მარშრუტი, დაახლოებით, ასეთი უნდა ყოფილიყო: აზერბაიჯანი, გარდაბნის ტყე, მანგლისი. შემდეგ ვეფხვი მტკვრის მიდამოებს ტოვებს და მდინარე ხრამს ან მდინარე ალგეთს მაღლა აუყვება. ასე აღმოჩნდა თბილისიდან 23 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ლელობთან, სადაც გლეხების საქონელს ესხმოდა თავს. მისი ბუნაგი მონადირეებმა იპოვეს და მოკლეს.

XVIII საუკუნეში მოღვაწე გერმანელ მოგზაურსა და მეცნიერს, გიულდენშტედტს აღწერილი აქვს ორი ვეფხვის ტყავი, რომელიც მან სამეგრელოში, კოლხეთის ჭაობებში, ნახა.

არსებობს ვარაუდი, რომ ვეფხვი საქართველოში ბინადრობდა, მაგრამ ფაქტობრივი მასალა, გარდა ამ ვეფხვისა (1921 წელს მოკლული), არა გვაქვს“, - ამბობს ვერა ფხაკაძე, ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიური კოლექციის მთავარი კურატორი.

ვეფხვისა და პანტერების კვალი მუზეუმებში, ისტორიასა და ფოლკლორში რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა თეა თოფურიამ მოიძია. წაიკითხე სტატია აქ.

9 წლის ტაისია და ნათია გაბუნია, დედა-შვილი, ერთმანეთის პირისპირ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG