Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რუსეთთან და თურქეთთან ითამაშებს


საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ჯგუფში თურქეთი ითამაშებს. მომავალ ევრობასკეტზე, ჯგუფის შეხვედრები საქართველოში, გერმანიაში, იტალიასა და ჩეხეთში უნდა გაიმართოს და შეჯიბრების მასპინძელ ქვეყნებს თავიანთ ჯგუფში თითო სასურველი მეტოქის ჩასმა ავტომატურად შეეძლოთ.

უკვე ისიც გარკვეულია, რომ რუსეთის ნაკრებიც საქართველოს ნაკრების ჯგუფში იქნება. რუსეთი კენჭისყრის წინ, მეორე კალათაშია განთესილი, ისევე, როგორც ჩეხეთი, იტალია და ლიტვა. იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფური ეტაპის შეხვედრების მასპინძელი ნაკრებების ერთ ჯგუფში მოხვედრა გამორიცხულია, საქართველოს ნაკრებს მეორე კალათიდან ლიტვა ან რუსეთი უნდა შეხვედროდა. ლიტვის ვარიანტი არ გამოვიდა, რადგან ბალტიისპირელებზე არჩევანი გერმანელებმა შეაჩერეს.

ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა 29 აპრილს გაიმართება ბერლინში. ექვს კალათში გადანაწილებული ოცდაოთხი ქვეყნის ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაშია განთესილი, თურქეთი - მესამეში. ამრიგად, მომავალი კენჭისყრიდან პირველი, მეხუთე და მეექვსე კალათებიდან ველით მეტოქეებს. აქვე ნაკრებთა კენჭისყრისწინა განლაგება:

  • პირველი კალათა: ესპანეთი, სერბეთი, საბერძნეთი და საფრანგეთი.
  • მეორე კალათა: ლიტვა, რუსეთი, იტალია, ჩეხეთი.
  • მესამე კალათა: პოლონეთი, ხორვატია, თურქეთი, სლოვენია.
  • მეოთხე კალათა: გერმანია, უკრაინა, ფინეთი, საქართველო.
  • მეხუთე კალათა: ბელგია, უნგრეთი, ისრაელი, ბრიტანეთი.
  • მეექვსე კალათა: ბოსნია-ჰერცეგოვინა, ნიდერლანდი, ესტონეთი, ბულგარეთი.
XS
SM
MD
LG