Accessibility links

site logo site logo

ვინ (არ) იცის, რომ საქართველო ღიაა ტურისტებისთვის? - აშშ-ის მოქალაქის გამოცდილება


ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ეკა გურგენიძე ამბობს, რომ ორი ავიაკომპანია - ამერიკული UNITED და გერმანული LUFTHANSA - უარს ეუბნებოდა საქართველოში მოგზაურობაზე, რადგან არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქვეყანა ღიაა უცხოელი ტურისტებისთვის. 

- ქართული პასპორტი არ გაქვთ?
- არა.
- საქართველოში რატომ მიდიხართ?
- ოჯახის მოსანახულებლად.
- საქართველო არის დახურული უცხოელი ტურისტებისთვის.

ეს დიალოგი, ეკა გურგენიძის თქმით, აშშ-ში, დალასის საერთაშორისო აეროპორტში შედგა მასსა და ამერიკული ავიაკომპანია UNITED-ის წარმომადგენელს შორის.

ეკა რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რომ ზუსტად იცოდა, საქართველომ პირველი თებერვლიდან გახსნა საჰაერო მიმოსვლა, თუმცა აეროპორტში ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ.

„ბილეთი რომ ვიყიდე, გავეცანი საქართველოში მოგზაურობის მოთხოვნებს და მჭირდებოდა მხოლოდ სრული ვაქცინაცია. თუმცა აეროპორტებში, თავიანთ სისტემაში რომ გადაამოწმეს, ნახეს, რომ საქართველო არის დაკეტილი. ამომიბეჭდეს და წამაკითხეს“, - ამბობს ეკა.

მისივე თქმით, ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როცა ავიაკომპანია ამოწმებს, რამდენად ლეგალურად ტოვებს მოქალაქე ქვეყანას, რადგან, ერთი მხრივ, ხდება შესაძლო კანონდარღვევის პრევენცია, მეორე მხრივ, შესაძლოა ავიაკომპანიას მოუწიოს მოქალაქის უკან დაბრუნება უფასოდ, რაც მის ინტერესში არ შედის.

ეკას სთხოვდნენ სამუშაო ვიზიტის ან ნებისმიერ სხვა ქართულ დოკუმენტს.

„ვუთხარი, რომ ეს ძველი ინფორმაცია იყო და ვთხოვე, შესულიყვნენ საელჩოს ვებსაიტზე“, - იხსენებს ეკა და ამატებს: „რატომ უნდა შევიდეო. საერთოდ არ მევალებაო ეს. რა ინფორმაციაც მაქვს კომპიუტერში, იმას უნდა ვენდოო, მეუბნებოდა“.

საბოლოოდ, ოპერატორმა დარეკა საერთაშორისო ურთიერთობებში (International Desk), საიდანაც რამდენიმე წუთში აცნობეს, რომ ეკა უნდა გაეშვათ თვითმფრინავისკენ.

„ჩავთვალე, რომ ეს ალბათ არის ამ ავიაკომპანიის და საერთოდ აეროპორტის პრობლემა“, - ამბობს ეკა და განაგრძობს: „მაგრამ მიუნხენშიც ზუსტად იგივე მითხრეს!“

ეკასთან ერთად სხვა ქართველებიც იყვნენ, თუმცა მათ ქართული პასპორტები ჰქონდათ და პრობლემა არ შექმნიათ. გამონაკლისი მხოლოდ ეკა იყო.

მან აუხსნა LUFTHANSA-ს წარმომადგენელს, რომ ამერიკაში ზუსტად იგივე პრობლემა შეექმნა და „იქ რომ არ არ გაერკვიათ, არ გამომიშვებდნენ. მკითხა, ქართულად ლაპარაკი ხომ იცი, რომ ადგილობრივებს აუხსნა სიტუაციაო და გამიშვა“.

„ანუ საქართველო რომ ტურისტებისთვის გახსნილია, ამის შესახებ მხოლოდ ჩვენ ვიცით? ასე ვაპირებთ ტურისტების მოზიდვას?“ - ამბობს ეკა.

საქართველომ საჰაერო მიმოსვლა - კოვიდშეზღუდვების შემდეგ - სრულად აღადგინა 2021 წლის პირველ თებერვალს.

მას შემდეგ, ქვეყანაში ოპერირებს არაერთი უცხოური ავიაკომპანია, მათ შორის, LUFTHANSA, TURKISH AIRLINES, WIZZ AIR.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ რეგულარულად აწვდის განახლებულ ინფორმაციას საქართველოში მოქმედი სასაზღვრო რეგულაციების შესახებ როგორც ქვეყნის ავიაბაზარზე მოქმედ ავიაგადამზიდებს, ასევე საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციას (IATA).

„IATA-ს სპეციალურ პორტალზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია ბოლოს 2021 წლის 1-ლ ივნისს განახლდა“.

აეროპორტების გაერთიანებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საზღვრების გახსნის შესახებ თავადაც აცნობეს სპეციალურ ბაზაში მყოფ აეროპორტებს.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტელეკომპანია „რუსთავი 2”-თან საუბარში ამბობს, რომ ეკა გურგენიძის შემთხვევას ამოწმებენ და მიზეზს იკვლევენ და ასეთ პრობლემას მასშტაბური ხასიათი არ აქვს.

„შეიძლება რაღაც შეფერხება იყო, მაგრამ არა ჩვენი მიზეზით“, - ამბობს ნათია თურნავა და განაგრძობს: „მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, ქვეყნები ცვლიან რეგულაციებს, ასეთ დროს არ არის გამორიცხული, არა მარტო საქართველოსთან დაკავშირებით, სხვა ქვეყანასთან დაკავშირებითაც რაღაც შეფერხება იყოს ინფორმაციული“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG