Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა გახელაძის სოლიდარობის აქცია და პროვოკაციის მოლოდინი დე ფაქტო რესპუბლიკაში


23 ივნისს ზაზა გახელაძე 34 წლის გახდება. მისი ოჯახი თანასოფლელებთან ერთად დილიდან ქვემო ჭალის ცენტრში შეიკრიბება და საპროტესტო აქციას დაიწყებს.

სოფელში ჩავლენ სამოქალაქო აქტივისტები და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები მოაწყობენ მსვლელობას ცენტრალური ავტომაგისტრალისკენ, ზაზას მამა კი, მიხეილ გახელაძე, შეეცდება საოკუპაციო ხაზზე გადავიდეს და ამით დე ფაქტო ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიქციოს.

გახელაძეების ოჯახს საქართველოს ხელისუფლების იმედი აღარ აქვს. ზაზას დედა, ნანა ბუნტური, ამბობს, რომ თითქმის ერთი წელია, ხელისუფლება მათ ატყუებს.

23 ივნისის აქციას გამოეხმაურა დე ფაქტო უშიშროების კომიტეტიც. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე. წ. უშიშროების კომიტეტი პროვოკაციულ ინიციატივად მიიჩნევს ზაზა გახელაძის ოჯახის მიერ 23 ივნისს დაგეგმილ აქციას.

22 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ე.წ. უშიშროების კომიტეტი წერს, რომ 15 ივნისს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფორმატით გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „სახელმწიფო საზღვრის“ უკანონოდ გადაკვეთისა და „სასაზღვრო ორგანოების“ წარმომადგენელთა მიმართ იარაღის გამოყენებისთვის მსჯავრდებული ზაზა გახელაძის შემდგომი ბედი და, მიუხედავად ქართული მხარის განცხადებისა, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში გადაწყვეტა, საქართველოში ცალკეული ოპოზიცური ძალები ცდილობენ მოლაპარაკების პროცესი ჩაშალონ.

ე. წ. უშიშროების კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერ დავით ქაცარავას მიერ 17 ივნისს ფეისბუკით გამოქვეყნებულ შეტყობინებაზე, რომ 23 ივნისს, მოძრაობის მხარდაჭერით, ზაზა გახელაძის ოჯახი გეგმავს საპროტესტო აქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის უშუალო სიახლოვეს, რათა საქართველოს ხელისუფლებას უბიძგონ უფრო აქტიური ქმედებებისკენ. ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებითვე, მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ აქციის მონაწილეები წააქეზონ „სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისკენ“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის თანახმად, აქციის ინიციატორებს შეახსენებენ, რომ სასჯელისგან გათავისუფლება ხდება „კანონიერი საფუძვლებით და პირობებით“ და არა „პოლიტიკური შანტაჟის“ შედეგად, მსგავსი „პროვოკაციული ინიციატივების რეალიზაცია“ კი, მიუხედავად იმისა, თუ ვისგან მომდინარეობს, არა მხოლოდ ხელს არ უწყობს უთანხმოების დიპლომატიური და ცივილიზებული გზით გადაჭრას, არამედ მნიშვნელოვნად აზიანებს მთლიანად მოლაპარაკების პროცესს.

ე.წ. უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ „საზღვრის“ დარღვევის ნებისმიერი მცდელობა „კანონმდებლობის“ ფარგლებში აღიკვეთება, და საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს და მოქალაქეებს მოუწოდებს არ დაუშვან მსგავსი ქმედებები.

ამ განცხადებას ფეისბუკით უპასუხა მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ. ის წერს, რომ აქცია დაგეგმილია ზაზა გახელაძის ოჯახის მიერ და ანტისაოკუპაციო მოძრაობა მხარს უჭერს ოჯახის ბრძოლას და ინიციატივას. ქაცარავას თანახმად, „ძალა ერთობაშია“ არავის მოუწოდებს ოკუპაციის ხაზის გადაკვეთისკენ და თუ ვინმე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გადააფიქრებინონ. კაგებეს მიერ გავრცელებული განცხადება ცნობილია ზაზა გახელაძის ოჯახისთვის. ზაზას ცოლი, ირმა ბუთხუზი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, ამის მიუხედავად, ზაზას მამა გეგმას არ შეცვლის და მხოლოდ ის შეეცდება საოკუპაციო ხაზზე გადავიდეს.

კაგებეს მსგავსი განცხადება გაავრცელა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელიც ჟენევის დისკუსიის წინ მოსალოდნელ პროვოკაციაზე პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კი მოუწოდებს მორიგი „ქართული ავანტიურა“ აღკვეთოს და მოვლენების სახიფათო განვითარება არ დაუშვას.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში დააკავეს ე. წ. საზღვრის დარღვევისთვის. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს, მოგვიანებით კი ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობისთვისაც. 2021 წლის თებერვალში ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. უკანონო პატიმრის ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების არაერთ დაპირებას ზაზა გახელაძის გათავისუფლების შესახებ დღემდე შედეგი არ მოჰყოლია, ამიტომ 23 ივნისს, ზაზა გახელაძის დაბადების დღეს, საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა საერთაშორისო ფორმატთან ერთად გამოყენებულია სხვა, არაფორმალური, მექანიზმებიც.

XS
SM
MD
LG