Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ დაგიცვეს თუ ვერ? - კიდევ რას ეკითხებოდნენ დაშავებულ ჟურნალისტებს გამოკითხვაზე?


ვერ დაგეხმარათ თუ არ დაგეხმარათ პოლიცია? იქნებ თქვენი ძახილი ვერ გაიგონეს? ნამდვილად 20 მეტრში იდგნენ? ხომ არ ჯობს დავწეროთ, რომ უფრო მოშორებით იდგნენ? ასეთი შემოთავაზებები ისმოდა გამომძიებლის მხრიდან 5 ივლისს ნაცემი რადიო თავისუფლების ჟურნალისტების, თორნიკე მანდარიას და დათო ქორიძის გამოკითხვის დროს პოლიციაში. საბოლოოდ, ორივეს ჩვენებაში მაინც ჩაიწერა, რომ პოლიცია, შველის თხოვნის მიუხედავად, მათ დროულად არ დაეხმარა.

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების მიერ დაშავებული 53-ვე ჟურნალისტი აცხადებდა, რომ მათზე თავდასხმის დროს, აქციის ტერიტორიაზე მათ გარშემო პოლიცია საერთოდ არ იყო ან იყვნენ იმდენად მცირე რაოდენობით, რომ მოძალადე ჯგუფების შეჩერებას უბრალოდ ვერ შეძლებდნენ.

ამას ამბობდნენ უკვე გამოკითხვაზე მისული ჟურნალისტებიც. ორი მათგანი - რადიო თავისუფლების რეპორტიორები, სხვებისგან განსხვავებით, სცემეს არა უშუალოდ აქციის დროს, პარლამენტის წინ და შორიახლოს, არამედ გაეროს ოფისთან, საიდანაც ისინი „თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელ გიორგი თაბაგართან ერთად გამოვიდნენ.

დათო ქორიძე და თორნიკე მანდარია
დათო ქორიძე და თორნიკე მანდარია

თორნიკე მანდარია იხსენებს, რომ მასზე და დათო ქორიძეზე ძალადობის ნაწილში, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ის, რომ პოლიცია მათგან დაახლოებით 15-20 მეტრში იდგა. მაგრამ ჟურნალისტების ბოლო ხმაზე ყვირილის, დახმარების თხოვნის მიუხედავად, ადგილიდან არავინ განძრეულა.

მას მერეც, როცა სახედასისხლიანებულმა თორნიკე მანდარიამ მათთან მიირბინა და დახმარება სთხოვა, არაფერი შეცვლილა: „ცარიელი სახეებით მიყურებდნენ, გაყინულები, თითქოს კედელს ველაპარაკებოდი“.

ასე მოუთხრო მან ეს ამბავი გამომძიებელსაც. თორნიკეს დაკითხვა 7 საათს გაგრძელდა - ჩვენების მიცემის დროს გამომძიებელი თავიდან ყველაფერს იწერდა, მაგრამ როცა თორნიკემ საბოლოო ტექსტი ნახა, რაზეც ხელი უნდა მოეწერა, აღმოაჩინა, რომ მასში პოლიციის ეპიზოდი ამოღებული იყო.

„შუა გამოკითხვის დროს გამომძიებელი საათზე მეტხანს სადღაც გაქრა. ძალიან დაღლილი ვიყავი უკვე და ვფიქრობ, შესაძლოა, ამაზეც იყო გათვლილი, რომ საბოლოო ჩვენება აღარ წამეკითხა. როცა ვნახე, რომ პოლიციის უმოქმედობაზე არაფერი ეწერა, ძალიან გავბრაზდი და ვუთხარი, რომ ეს ნაწილი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩვენებაში და თუ საერთოდ იქნებოდა რაიმე სამართლებრივი რეაგირება, პოლიციელებმაც უნდა აგონ პასუხი“.

- ეს საკითხი თქვენთვის პრინციპულია?- ჰკითხა მას გამომძიებელმა

- დიახ, რადგან მათ რომ რეაგირება ჰქონოდათ, დიდი ალბათობით, მე და დათო ასეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდით, - უპასუხა თორნიკემ.

გამომძიებელი გამოკითხვის პროცესში მუდმივად ვიღაცას ემესიჯებოდა. როგორც თორნიკე ამბობს, უსვამდა ასეთ შეკითხვებს: ნამდვილად იცი, რომ პოლიციამ გაიგო თქვენი ყვირილი? რა იცი, რომ 20 მეტრი იყო დისტანცია? იქნებ მოშორებით რომ იდგნენ, ასე ჯობს დავწეროთ?

ღამის სამის ნახევარზე თორნიკემ გამომძიებელს უთხრა, რომ ან დაწერდა ისე, როგორც ყვებოდა, ან მეორე დღეს ადვოკატთან ერთად მივიდოდა. გამომძიებელმა უთხრა, კარგიო და ოქმში ჩაიწერა ის, რაც თორნიკე მანდარიამ ილაპარაკა.

დათო ქორიძეს, რომელიც 5 ივლისს ათმა ადამიანმა სცემა, გამოკითხვაზე ადვოკატი ეკა ქობესაშვილი ახლდა. ორივე მომსწრეა გამომძიებლის სიტყვების, ზუსტად იცი, რომ არ მოვიდა პოლიციაიო? იქნებ ვერ მოვიდაო? არ დაგიცვა თუ ვერ დაგიცვაო?

„მერე კი გვითხრა, პოლიციის პირველი წესია, რომ პოლიციელს გმირობა არ მოეთხოვება, მე ვერ ვეტყვი ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციელს, თავი გაწიროსო. მეორე წესი კი ის არის, რომ ეს პირველი წესი სულ უნდა გახსოვდესო. ჩვენ გავშრით და ადვოკატმა კითხვა შეუბრუნა, პოლიციელების მოვალეობა არ არის, რომ თუ კანონი ირღვევა, ეგ აღკვეთოსო? მოკლედ, მთხოვდნენ, რომ მეთქვა, ვითომ ამ პოლიციელებმა ვერ გაიგეს, მაგრამ ეს გამორიცხული იყო, იქ არ ყოფილა ხმაური, ისინი იდგნენ, ჩვენ მათ ვხედავდით და ხმამაღლა ვყვიროდით“.

მხოლოდ მას მერე, რაც თორნიკეს ცხვირი გაუტეხეს და კბილები ჩაუმტვრიეს, ხოლო დათო ათმა ადამიანმა სცემა, მათ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელები მიუახლოვდნენ და ისინი იქაურობას გაარიდეს. თავდამსხმელები არავის დაუკავებია,

ჩვენ დავინტერესდით, როგორ ჩაიარა იმ ჟურნალისტების გამოკითხვამ, ვინც უშუალოდ აქციაზე დაშავდა. აი, რამდენიმე მათგანის მონათხრობი:

დიმიტრი ყირიმლიშვილი
დიმიტრი ყირიმლიშვილი

დიმიტრი ყირიმლიშვილი, „იმედი“:

„გამოკითხვაზე დამიბარეს, მაგრამ არ მივედი, არ მქონდა არაფრის თავი. შევთავაზე, თავად მოსულიყვნენ. გამომძიებელი ჩემთან სახლში მოვიდა და ზუსტად ჩაწერა ის, რაც მოვყევი. პოლიციაზე მკითხა, გამოგარიდათ თუ არა იქიდანო და მე ვუპასუხე, რომ იქ პოლიცია არ ყოფილა-მეთქი. ორი თუ სამი პოლიციელი იყო და იმ ბრბოს გაჩერებას ვერ მოახერხებდნენ-მეთქი და მეტი ამაზე არაფერი უკითხავს. შეიძლება იმიტომ არ დაინტერესდნენ, რომ ჩვენ როცა თავს დაგვესხნენ, იქ პოლიცია საერთოდ არ იყო“.

მაკო ჯაბუა
მაკო ჯაბუა

მაკო ჯაბუა, ტაბულა:

„მე ჩემს იურისტთან ერთად მივედი გამოკითხვაზე, თავდასხმის დამადასტურებელი ვიდეომასალებიც მივიტანე. მკითხეს, რა და როგორ მოხდა. ძალიან ბევრჯერ ვახსენე, რომ პოლიცია გარშემო არ ყოფილა და არც არავინ მიცავდა და შესაბამისად, არც დამატებითი კითხვა დაუსვამს ამაზე ვინმეს. ისედაც ნათელი იყო - იქ პოლიცია არსაც ჩანდა“.

თამარ თათარაშვილი
თამარ თათარაშვილი

თამარ თათარაშვილი, რუსთავი 2:

„მცნეს დაზარალებულად. ყველაფერი გამომკითხეს, როგორ დამეჯახა მოპედი მე და სხვა კოლეგებს. სამი საათის განმავლობაში მიდიოდა ჩემი გამოკითხვა. პოლიციის აქტიურობაზე არაფერი უკითხავთ. მეკითხებოდნენ, აკავებდნენ თუ არა მოძალადეებს. რაზეც ვპასუხობდი, რომ არა“.

ანა ბროლაძე
ანა ბროლაძე

ანა ბროლაძე, საზოგადოებრივი მაუწყებელი:

„მე გამომკითხეს იმ მოპედის ეპიზოდზე, რომელიც გვეჯახებოდა ჟურნალისტებს და მოვყევი ყველაფერი, რაც თავს გადაგვხდა. როგორი აგრესიულები იყვნენ და რა ცოტა იყო სამართალდამცავთა რაოდენობა. როგორ ვერ ახერხებდნენ ჟურნალისტების დაცვას. სხვა კითხვა პოლიციაზე არ დაუსვამთ“.

დეა მამისეიშვილი
დეა მამისეიშვილი

დეა მამისეიშვილი, მთავარი არხი:

„მე რასაც ვამბობდი, აბსოლუტურად ყველაფერს იწერდა პროკურორი. ძალიან ბევრჯერ ვთქვი, რომ პოლიცია არსად ჩანდა. არც ერთ ადგილას, სადაც თავს გვესხმოდნენ. რომ ათი წუთი მირტყამდნენ და მხოლოდ მერე გამოჩნდა. დეტალურად აღვწერდი, სად რამდენი პოლიციელი იყო. გამოკითხვაზე გამომძიებლები აქციის მონაწილეებს ეძახდნენ კონტრაქციის ხალხს, მე კი მათ რადიკალებით მოვიხსენიებდი, ჩვენებაშიც ასე ჩაიწერა“.

რატი წვერავა
რატი წვერავა

რატი წვერავა, ფორმულა:

„მეც მომცეს დაზარალებულის სტატუსი. ჩვენებაში ძირითადად წერია, როგორ დამესხნენ თავს, რა მოხდა. იმ ოქმში როგორც ჩანს, ყურადღება არ მაქვს გამახვილებული იმაზე, რომ სამართალდაცავები არ დამხმარებიან. შეიძლება იმიტომ, რომ იქ პოლიციელი საერთოდ არავინ იყო“.

ბოლო ინფორმაციით, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციისა და დღის განმავლობაში აქციის პარალელურად განვითარებული მოვლენების დროს ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ამ დროისათვის სულ 7 პირია დაკავებული.

7 ივლისს გამართულ ბრიფინგზე შსს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ შსს-მ "პრაიდის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებიდან მხოლოდ პირველი და 3 ივლისის ღონისძიების უსაფრთხოებაზე აიღეს პასუხისმგებლობა.

ჟურნალისტებმა კი კოლეგებზე თავდასხმა 7 ივლისს მთავრობის კანცელარიის წინ გამართული მშვიდობიანი აქციით გააპროტესტეს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG