Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ დააკვირდება არჩევნებს? - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 სექტემბერს


რაც მეტი სანდო თვალია - ნახეთ ვინ აკვირდება 2 ოქტომბრის არჩევნებს

არჩევნებამდე 9 დღე რჩება. პანდემიის მიუხედავად საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ნაკლებობა არ იქნება 2 ოქტომბერს. ცესკოს ვებსაიტზე ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირებულია 36 საერთაშორისო და 75 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ერთიანად, 3000-ზე მეტი დამკვირვებლით.

შარშანდელი არჩევნებისგან განსხვავებით, პანდემიას არ შეუცვლია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მისიის გეგმები. მისიამ ოფისი 26 აგვისტოს გახსნა. თბილისში მუშაობს ძირითადი გუნდი 12 საერთაშორისო ექსპერტის შემადგენლობით. 2 სექტემბერს საქართველოში 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი ჩამოვიდა და ისინი 4 სექტემბრიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდნენ, წინასაარჩევნო პროცესების შესაფასებლად. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 29 სექტემბერს საქართველოში ელოდებიან დაახლოებით 300 მოკლევადიან დამკვირვებელს უშუალოდ კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესების შესაფასებლად.

კიდევ რომელი ორგანიზაციები დააკვირდებიან არჩევნებს საქართველოში? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ვარლამ გოლეთიანი კმაყოფილია "ნამახვანჰესის" მშენებლობის გაჩერებით

"რიონის ხეობის მცველების" ლიდერი ვარლამ გოლეთიანი კმაყოფილია კომპანია "ენკას" გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც "ნამახვანჰესის" მშენებლობა წყდება და ქვეყანასთან ხელშეკრულება უქმდება. რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს გოლეთიანმა თქვა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა ხელს არ აძლევს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ პროექტით პირადი სარგებლის მიღებაზე ფიქრობდნენ.

"ხელისუფლებაში მყოფი მთელი წყება ჩინოვნიკების არის დაინტერესებული ამ პროცესით ფინანსურად. ეს პირდაპირ ურტყამთ მათ. ის რომ „ენკა“ გავა, პირდაპირ დაარტყამს კორუფციაში ჩართულ პირებს... თუ კომპანია დარჩებოდა რიონის ხეობაში, გაცილებით დიდი იქნებოდა ზარალი, ვიდრე გასვლის შემთხვევაში. გასვლის შემთხვევაშიც იზარალებს სახელმწიფო, რადგან კომპანია ყველა შემთხვევაში მოგებული რჩებოდა", - განაცხადა გოლეთიანმა.

აქტივისტების ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ კომპანიამ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გუშინ განაცხადა. მოგვიანებით კომენტარი გავრცელდა ეკონომიკის სამინისტროდან, საიდანაც ირკვევა, რომ სამინისტროს ერთი თვით ადრე უკვე ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ენკა“ კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და ამდენად, ინვესტორები მსგავსი პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან. თუმცა ისიც ცხადია, რომ პროექტი არ არის მარტივი, მას აქვს ეკოლოგიური, სოციალური და ტექნიკური ხასიათის გამოწვევები და ამდენად, როგორც მთავრობის, ასევე ინვესტორის ვალდებულებაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პროექტში შემავალი ცალკეული მახასიათებლების ხელახალი შესწავლა გაიმართოს" - წერია განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

ირაკლი კობახიძე კარლ ჰარცელის განცხადებაზე: დიპლომატიური სტანდარტები აცდენილი იყო

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი განცხადება „დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო“.

საუბარია კარლ ჰარცელის გუშინდელ განცხადებაზე სადაც მან თქვა, რომ საქართველოს ელჩი ევროკავშირში სუს-ის ფაილებთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ ამ საკითხს სერიოზულად უყურებენ.

შეგახსენებთ, რომ ჩანაწერებში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ჟურნალისტებთან, სასულიეროო პირებთან და სხვა მოქალაქეებთან ერთად ფიგურირებენ ელჩებიც.

„ის, რომ ჩვენი მეგობრები ინტერესდებიან, არის აბსოლუტურად ბუნებრივი“, - თქვა გუშინ ირაკლი კობახიძემ კარლ ჰარცელის საპასუხოდ. "შეიძლება ვიღაც ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ, უნდა დაინტერესებულიყვნენ და დაინტერესდნენ კიდეც. უნდა მოეფინოს ნათელი, ვინ რა ინფორმაცია გაიტანა, რა იყო ავთენტური, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს“, - დაამატა მან.

წაიკითხე მეტი.

გაეროს გენასამბლეა: ევროპელი ლიდერები ლუკაშენკას აკრიტიკებენ

გაეროს გენერალური ასამბლეა ნიუ--იორკში გრძელდება. გუშინ საერთაშორისო ტრიბუნა ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკას გასაკრიტიკებლად გამოიყენეს პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებმა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მოუწოდა ბელარუსის რეჟიმს, რომ გაათავისუფლოს ქვეყანაში მყოფი პოლიტიკური პატიმრები და შეწყვიტოს მიგრანტთა კრიზისის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.

ლეიტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაეროს ტრიბუნიდან გაიხსენა ბელარუსში სამოქალაქო საზოგადოების დევნის ფაქტები და განაცხადა, რომ ბელარუსის რეჟიმი საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა კი ბელარუსის კრიზისის განმუხტვის ერთადერთ გზად ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება დაასახელა.

პრეზიდენტი ლევიტსი გუშინ ასამბლეის პარალელურად საქართველოს პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, რომელიც ასევე ამ ყოველწლიურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსასვლელადაა ჩასული ნიუ-იორკში.

„შეხვედრაზე აღინიშნა ლატვიის მხარდაჭერისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის კონსოლიდაციის მნიშვნელობა, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და NATO-ს მომავალ სამიტებზე სათანადოდ იყოს შეფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი", - ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხე მეტი.

აშშ გმობს დმანისსა და რუსთავში მომხდარ თავდასხმებს

დმანისსა და რუსთავში მომხდარი თავდასხმების შესახებ განცხადებას აქვეყნებს აშშ-ის საელჩო საქართველოში. მასში ვკითხულობთ, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში. ეს და ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს მთავრობის ერთგულებაზე უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ.

ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში. მთავრობას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, რომლის მიმართაც ამომრჩეველს ექნება ნდობა".

საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ ხელისუფლების და ოპოზიციის მიმართ მოწოდებასაც: „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეძლონ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების დემოკრატიული უფლებებით სარგებლობა დაშინების, შევიწროების ან ძალადობის საფრთხეების გარეშე, აგრეთვე, შეძლონ აქტიური ნაბიჯების გადადგმა იმ პირთა პასუხისგებისთვის, ვინც არღვევს არჩევნების პირობებს".

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ველოსიპედის ქარხანა თბილისში და კუნძული ბათუმში - პარტიების წინასაარჩევნო დაპირებები

თვითმმართველობის არჩევნებამდე არასრული 2 კვირა რჩება. პოლიტიკოსები წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ და დაპირებებს იძლევიან. რადიო თავისუფლებამ თავი მოუყარა პოლიტიკურ აღთქმებს, რომელთა ნაწილი წინა არჩევნებზეც მოგისმენიათ, ნაწილი კი არარეალური და პოპულისტურია.

მმართველი პარტია “ქართული ოცნება”

“ქართული ოცნება” ცდილობს ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც 9 წელიწადში ვერ მოასწრო და ძველ დაპირებებს ახლებსაც უმატებს.

  • პრობლემები, რომელსაც ქართული ოცნება აღიარებს, სიღარიე და უმუშევრობაა. მათ წინააღმდეგ ბრძოლის ხელისუფლების ფორმულა ასეთია:
  • 2,5 მილიარდი ლარი ადგილობრივი წარმოების გასაზრდელად მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ჯამში უნდა შეიქმნას 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი და დაფინანსდეს 1300-მდე ახალი საწარმო;
  • 7 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს სოფლის მეურნეობაზე;
  • 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქს იქნება წყალი 24-საათის განმავლობაში;
  • მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაიგება 1500 კმ-მდე გზა;
  • იმპორტირებული საქონელი ნელ-ნელა (ვადა არ არის დაზუსტებული) სრულად ჩანაცვლდება ადგილობრივი წარმოების პროდუქციით.

გაერთიანებული ოპოზიცია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, დროა და გირჩი - მეტი თავისუფლება

ეს ოპოზიციური პარტიები 2 ოქტომბრის არჩევნებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების რეფერენდუმად მიიჩნევენ და შეთანხმებულად მოქმედებენ. დაპირებებს შედარებით ნაკლებად გასცემენ.

მათ გეგმებში შედის:

  • კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება
  • გადასახადების შემცირება
  • მთავრობისა და ადმინისტრაციული რესურსის შემცირება
  • ქვეყნის დასავლური კურსის განმტკიცება
  • სასამართლოს გათავისუფლება პოლიტიკური გავლენებისგან
  • ძალოვანი უწყებების რეფორმა
  • კორუფციასთან ბრძოლა

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

"მკვდარი სულების არდადეგები" (რეჟისორი კეკო ჭელიძე) ესაა დოკუმენტური ფილმი 45 წლის მუსიკოსზე, ლევან სვანიძეზე, რომელსაც იცნობს ყველა, ვისაც უყვარს 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა, განსაკუთრებით როკჯგუფი "ამორალი", რომელშიც ლევანი ბასგიტარაზე უკრავდა. ვშიშობ, ახალგაზრდა თაობამ ბევრი არაფერი იცის ლევანზე, რომელიც ახლაც წერს მუსიკას. მაგრამ "მკვდარი სულების არდადეგები" არაა მხოლოდ წესიერი, თუმცა ეკონომიკურად გაჭირვებული კაცის პორტრეტი, ავტორების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს კონკრეტულიდან ზოგადზე გადასვლა, თანაც ისე, რომ არ დაკარგეს კონტაქტი კონკრეტულთან, რაც დოკუმენტურ კინოში ბევრს არ გამოსდის.

XS
SM
MD
LG