Accessibility links

site logo site logo

ბრიუსელში ვიზიტის შეჯამება და განცხადებები - რა არ უნდა გამოგრჩეს 19 მაისს


გაუქმებული და საბოლოოდ შემდგარი შეხვედრა - სტოლტენბერგი ღარიბაშვილს საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა

ბრიუსელში NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საცხოვრებელ რეზიდენციაში უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრაზე მედიისთვის კომენტარები არ გაკეთებულა.

დღის დასაწყისში ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პრემიერის შეხვედრა სტოლტენბერგთან გაუქმდა. მოკლე პრესრელიზში არ იყო განმარტებული მიზეზი. "ქართული ოცნების" წევრებმა სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობით ახსნეს შეხვედრის გაუქმება, თუმცა შუადღისას NATO-ს საიტზე ინფორმაცია განახლდა და დაიწერა, რომ შეხვედრა შედგებოდა.

შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგმა „ტვიტერზე" დაწერა, რომ სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მან საქართველოს ახლო პარტნიორი უწოდა.

ორდღიანი ვიზიტის ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს.

მოგვიანებით ბორელმა ტვიტერზე დაწერა, რომ საუბარი შეეხებოდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ევროკავშირ-საქართველოს დღის წესრიგს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში არსებული პრობლემური საკითხებიც ახსენა: "სურვილი გვაქვს ვიმუშაოთ საერთო ევროპულ მომავალზე და დაგეხმაროთ საჭირო რეფორმების გატარებაში, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში. მნიშვნელოვანია პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა და პოლიტიკური ძალების გაერთიანება", - წერია ტვიტში.

თვალი ადევნე გამოხმაურებებსა და შეფასებებს რადიო თავისუფლების ვებსაიტზე.

გიორგი გაბუნია - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა გვარამია იყოს თავისუფალი

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი“, - ამ სიტყვებით მიმართა აქციის მონაწილეებს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი გაბუნიამ. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორთან ერთად, საქართველოს მომავალიც დააპატიმრა.

გიორგი გაბუნიამ აქციის მონაწილეებს ტელეკომპანიის ოფისთან მიმართა. ნიკა გვარამიას მიმართ მხარდამჭერი აქცია, რომელიც გუშინ პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო „მთავარ არხთან“ დასრულდა. დემონსტრაცია მედიის წარმომადგენლების მიერ იყო ორგანიზებული.

თავად ნიკა გვარამია კი უკვე მეოთხე დღეა რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაშია. 18 მაისს ის დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა მოინახულა. „ნიკას სიმშვიდე, სხვათა შორის, გადამდებიცაა. მშვიდი ხარ მაშინ, როცა შენ იცი, რომ მართალი ხარ", - თქვა მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

წაიკითხე მეტი.

ვითარება უკრაინაში: Human Rights Watch-მა ომის დანაშაულის მტკიცებულებები მოაგროვა

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი (HRW) 18 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში აცხადებს, რომ შეაგროვა რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის მტკიცებულებები კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში.

Human Rights Watch-ი გამოძიების ფარგლებში ესაუბრა 65 ადამიანს, რომლებმაც აღწერეს განუკითხავად დახვრეტის 22 შემთხვევა, სიცოცხლის უკანონო მოსპობის კიდევ 9 შემთხვევა, 6 ადამიანის გატაცება და წამების 7 ინციდენტი.

„სამოქალაქო პირების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ომის აშკარა დანაშაულებია, რომლებიც სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა იქნეს გამოძიებული და შესაბამისად გასამართლებული“, - განაცხადა გიორგი გოგიამ, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებულმა დირექტორმა.

რამდენიმე შემთხვევის შესახებ ანგარიშიდან, წაიკითხე აქ.

საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის გავლება განაახლეს ზარდიანთკარის მახლობლად

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს ცხინვალის სიახლოვეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკართან. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა სოფელში გორის მერის წარმომადგენელმა, მერაბ მახარაშვილმა.

მისი ცნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუშაობენ: "უკვე არსებული საოკუპაციო ხაზის შიგნითა მხარეს ავლებენ. ალბათ, თავისი ხალხიც რომ აკონტროლონ".
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის მიერ დღეს, 18 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუას შემოგარენში მიმდინარეობს „სამხრეთ ოსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად მოწყობის სამუშაოები დაახლოებით 700-მეტრიან მონაკვეთზე“.

წაიკითხე მეტი.

პროკურატურის გამოძიება ე.წ. მოსმენების საქმეზე ეფექტიანად არ მიმდინარეობს - არასამთავრობოები

უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე მიმდინარე გამოძიების პროცესი 7 თვის თავზეც ეფექტიანად არ მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს.

მათ მიაჩნიათ, რომ თბილისის პროკურატურის რეაგირება არსებითად არაეფექტიანია და სამართლებრივი შედეგის დადგომას არ ისახავს მიზნად.

„ამ დრომდე არ არის გამოკითხული შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების მსხვერპლთა ნაწილი, ხოლო უკვე გამოკითხული პირებიდან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურამ და სასამართლომ ყველას დაუსაბუთებელი უარი განუცხადა. დანაშაულის მსხვერპლებისთვის, დაზარალებულის სტატუსის არარსებობის პირობებში, გამოძიების მიმდინარეობის, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და მათი შედეგების თაობაზე ინფორმაცია ხელმიუწვდომელი რჩება", - ნათქვამია მესამე სექტორის განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა.

„მე სამშობლოში დავბრუნდი“, - უთხრა მამალაძემ „TV პირველს“. მამალაძე, რომელიც საქართველოში 19 წლის განმავლობაში ვერ ჩამოდიოდა, ტელეარხთან საუბარში აცხადებს, რომ არ აპირებს პოლიტიკაში ჩართვას. „არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან“, - ასეთია მისი სამომავლო გეგმები.

შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსან ლევან მამალაძეს 17 წელი ჰქონდა მისჯილი და ინტერპოლის ცირკულარით იძებნებოდა. მან ქვეყანა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ დატოვა. მამალაძეს ბრალად დასდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა და 2006 წელს თავისუფლების 17 წლით აღკვეთა მიესაჯა. მან 2020 წელს შეწყალების თხოვნით მიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

წაიკითხე მეტი.

ბაიდენი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების ძალისხმევას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ფინეთის და შვედეთის ძალისხმევას ნატოში გაწევრიანების თაობაზე, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის ფონზე - და თქვა, რომ აშშ ფხიზლად მიადევნებს თვალს ამ ქვეყნების უსაფრთხოებას.

"გულითადად მივესალმები და მტკიცედ ვუჭერ მხარს ფინეთის და შვედეთის ისტორიული მნიშვნელობის განაცხადებს ნატოში გაწევრიანების თაობაზე და მოუთმენლად ველი აშშ-ის კონგრესსა და ჩვენს ნატოელ მოკავშირეებთან თანამშრომლობას საიმისოდ, რომ ფინეთი და შვედეთი სწრაფად შემოვიდნენ ისტორიაში ყველაზე ძლიერ თავდაცვით ალიანსში", - ამბობს ბაიდენი 18 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტი 19 მაისს თეთრ სახლში ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაგდალენა ანდერსონს უმასპინძლებს.

წაიკითხე მეტი.

რუსეთი მოსკვიჩზე გადაჯდება

მოსკოვის მერიამ ფრანგული ავტომშენებლობის გიგანტ Renault Group-ისგან რუსეთში მდებარე საავტომობილო ქარხნის Renault Russia-ს სრული წილი გამოისყიდა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, გარდა იმისა, რომ სახელი შეეცვლება საწარმოს (დაერქმევა МАЗ „Москвич“ - მოსკოვის საავტომობილო ქარხანა „მოსკვიჩი“), გაცოცხლდება საბჭოთა ბრენდის, „მოსკვიჩის“ წარმოებაც, რომელიც 2015 წლიდან ასევე Renault-ს საკუთრება იყო.

ინფორმაცია მოსკოვის მთავრობისათვის მთელი თავისი რუსული აქტივების მიყიდვის თაობაზე ფრანგულმა კომპანიამაც დაადასტურა. შეთანხმების თანახმად, Renault Russia-ს აქციათა 100% რუსეთის დედაქალაქის მთავრობას გადაეცემა. გარდა ამისა, Renault-ს საკუთრებაში არსებული АвтоВаз-ის აქციების 67,69%-ის მფლობელი გახდება ФГУП НАМИ (ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „საავტომობილო და ავტოსამოტორო კვლევითი ინსტიტუტი“), რომელსაც რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო მართავს. აქციების დარჩენილი ნაწილი სახელმწიფო კორპორაცია Ростех-ის საკუთრებაა. მნიშვნელოვანია, რომ Renault მომავალი 6 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს AvtoVAZ-ში აქციების გამოსყიდვის უფლებას, თუმცა საუბარი არ არის მოსკოვში მდებარე Renault Russia-ს აწ უკვე ყოფილი საწარმოს დაბრუნებაზე.

როგორ იქცევა რენო მოსკვიჩად? წაიკითხე ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, ტელეარხის გენერალური დირექტორის მოვალეობას გიორგი გაბუნია შეასრულებს. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, ის იყო ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის კურატორი და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. გიორგი გაბუნია ამბობს, რომ პასუხისმგებლობა, რომელიც მან დროებით გადაიბარა, საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება მისთვის, თუმცა, მას არა მხოლოდ გუნდის, არამედ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს. მას აქვს საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის იმედიც. რა იგულისხმება ტელევიზიის ფინანსურ პრობლემებში? ვინ შექმნის „მთავარი არხის“ დახმარების ფონდს? შეძლებს თუ არა დასავლეთი „მთავარი არხისა“ და საქართველოში თავისუფალი სიტყვის გადარჩენას? რა ბედი ელის ნიკა გვარამიას გადაცემებს? როდის შეიძლება დატოვოს საპატიმრო ნიკა გვარამიამ? გიორგი გაბუნიამ რადიო თავისუფლების ამ და სხვა კითხვებს უპასუხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG