Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის საკონსტიტუციო სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ - რა არ უნდა გამოგრჩეს 8 ივნისს


მოთვინიერება თუ უფლებამოსილებების გამიჯვნა? - ელჩებზე უარი საკონსტიტუციო სასამართლოში

„ქართული ოცნების“ მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მთავრობა ამბობს, რომ პრეზიდენტმა ელჩების დანიშვნის პროცესს ხელი შეუშალა, რაც, მათი თქმით, საკონსტიტუციო ნორმას არღვევს და პრეზიდენტის სიმბოლურ უფლებამოსილებას სცდება.

საქმე სასამართლომდე აღარ მივიდა დაპირისპირების მეორე საკითხზე, ზურაბიშვილის ევროპულ ვიზიტებზე მთავრობასთან შეთანხმების გარეშე. თუმცა ელჩების დანიშვნის ნაწილში საკონსტიტუციო სარჩელი მალევე მომზადდა. ამას წინ უძღოდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც ამგვარი სარჩელის შეტანის შესაძლებლობა შექმნა.

რადიო თავისუფლებისთვის ერთ-ერთი დიპლომატის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი და მთავრობა ბოლო თვეებში საერთოდ ვეღარ ახერხებენ საერთო ენის გამონახვას ელჩების კანდიდატურებთან დაკავშირებით, ერთმანეთს სასურველ კანდიდატებს უბლოკავენ და ახალი ელჩების დანიშვნის პროცესი გაჩერებულია.

კონსტიტუციონალისტი კონსტანტინე ჩოკორაია თვლის, რომ ელჩების კანდიდატურების შერჩევისას პრეზიდენტის როლი არ არის სიმბოლური და მისი უფლებაა, რომ "დანიშნოს ან არ დანიშნოს ელჩები", რადგან ის, როგორც სახელმწიფოს მეთაური, თანამონაწილეა საქართველოს საგარეო პოლიტიკის. მეორე მხრივ, ჩოკორაია სიმართლის „გარკვეულ მარცვლებს“ მთავრობის პოზიციაშიც ხედავს, რადგან საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და საგარეო პოლიტიკაზე მთავრობაა პასუხისმგებელი.

არის თუ არა პრეზიდენტი ვალდებული, რომ ბრმად გაიზიაროს მთავრობის პოზიცია საქართველოს ელჩების დანიშვნა-გათავისუფლებაზე? წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის - განცხადების პროექტი

ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა შეიმუშავეს ერთობლივი განცხადების პროექტი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რომელშიც ვკითხულობთ:

„უნდა გამოვავლინოთ სიმამაცე, გაბედულება და ხედვა გაუარესების პროცესში მყოფი საერთაშორისო გარემოს პირისპირ. გეოპოლიტიკური მოცემულობების ცვლილება ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ამით ვუერთგულებთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს. უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის ქვეშაა - თუმცა მოლდაველები და ქართველებიც, რომლებიც უფრო ნათელი მომავლისკენ მიილტვიან - ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია. ამიტომაც, ეს პალატა მძლავრად მოგიწოდებთ მისცეთ უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და [მათი] მიღწევების გათვალისწინებით“.

წაიკითხე მეტი.

საქართველოში მედიის მდგომარეობაზე დებატები ევროპარლამენტში გაიმართება

დღეს, 8 მაისს ევროპარლამენტში გაიმართება დებატები, რომლის თემაცაა მედიის მდგომარეობა საქართველოში და ამ საკითხზე რეზოლუციის მიღება.

რეზოლუციის სათაურია: „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“. მას კენჭს ხვალ, 9 ივნისს უყრიან.

გუშინ ევროპარლამენტარებმა ერთობლივი ღია წერილი გაავრცელეს, სადაც ასევე იყო ნახსენები მედიაგარემო საქართველოში. ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე წერენ: „...ის იყო ევროკომისია შეუდგა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობაზე რეკომენდაციებზე მუშაობას, მთავრობისადმი კრიტიკული მედიასაშუალების მფლობელის მიმართ გამოტანილ იქნა განაჩენი, რითაც საქართველოს სურათს კიდევ ერთი შავი ლაქა დაემატა“.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

დამოუკიდებელი ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან სავარაუდოდ დღეს შევლენ - გიული ალასანია

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ „ვივამედში“ სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტები სავარაუდოდ დღეს შევლენ. მათი სამედიცინო დასკვნა კი ერთ კვირაში იქნება მზად.

„ისევ ისე გამოიყურება და განწყობაც ისეთივე აქვს, როგორც აქამდე ჰქონდა. რაც ექსპერტებისგან მოვისმინე, ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოა ჩატარებული, ზოგი ნაწილი კი დასამუშავებელია. როგორც ვიცი, ხვალ კიდევ აპირებენ შემოსვლას და ალბათ შეკითხვები და პასუხები კიდევ დაემატება“, - განაცხადა გიული ალასანიამ ინტერპრესნიუსთან კომენტარში.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ტყვეობაში ქარხანა "აზოვსტალიდან" ევაკუირებული 2500-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი იმყოფება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტყვეობაში იმყოფება "აზოვსტალის" დამცველი ორ-ნახევარ ათასზე მეტი უკრაინელი მებრძოლი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მათი გათავისუფლების საკითხებით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოა დაკავებული.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსული მხარისთვის წამგებიანია "აზოვსტალის" უკრაინელი მებრძოლების წამება, რადგან ისინი "საჯარო პატიმრებს" წარმოადგენენ. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები უკრაინელის სამხედროების მომავალი ბედის შესახებ, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მათი მხრიდან პიარის მცდელობაა.

წაიკითხე მეტი.

რუსეთისა და ბელარუსის სასწავლებლები ბოლონიის პროცესიდან გარიცხეს

რუსეთისა და ბელარუსის საგანმანათლებლო ორგანიზაციები ბოლონიის პროცესიდან გარიცხეს მას შემდეგ, რაც რექტორების უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა უკრაინაში ომს. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, დმიტრი აფანასიევმა განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება 11 აპრილს გამოცხადდა.

აფანასიევმა აღნიშნა, რომ დეკლარაცია არ არის ხელშეკრულება, რომლის გაუქმებაცაა საჭირო. „მე ვიტყოდი, რომ ბოლონიის სისტემა გავიდა ჩვენგან, და არა ჩვენ მისგან“, - თქვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ.

რუსეთი 2003 წლიდან მონაწილეობს ბოლონიის პროცესში. ის ითვალისწინებს განათლების ორდონიან სისტემას: ბაკალავრიატსა და მაგისტრატურას.

წაიკითხე მეტი.

„დე, აღარ წახვიდე 24-საათიანზე, გთხოვ“, - ექთნები ბრძოლას იწყებენ

სამუშაო დღის ბოლოა. ია კლინიკიდან გამოდის. „კამილიელების სამედიცინო ცენტრში“ დღეს რვასაათიანი სამუშაო დღე ჰქონდა. სახლში შედარებით ადრე მივა და ღამესაც შვილებთან ერთად გაათენებს. სამაგიეროდ, გუშინ დილით დაასრულა 24-საათიანი მორიგეობა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

38 წლის ია ხელაძე ექთანია. ორ სამსახურში უწევს მუშაობა, რომ თვის ბოლოს 1000 ლარამდე მოაგროვოს. იას ორი შვილი ჰყავს - 14 წლის თემო და 11 წლის ანი. ის მარტოხელა დედაა. კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ისვენებს. კვირაში ორჯერ 24-საათიან მორიგეობაზე მიდის კლინიკაში.

რამდენიმე დღის წინ, იამ სოციალურ ქსელში შვილთან სატელეფონო მიმოწერის ფოტო გამოაქვეყნა. მორიგეობაზე წასულ დედას, ანი სწერს:

"დე, აღარ წახვიდე 24-საათიანზე, გთხოვ. ძალიან გთხოვ, აღარაფერს მოგთხოვ, რასაც იყიდი, მარტო იმას შევჭამ, ან არ შევჭამ. სულ ჩემს გვერდით იყავი, გთხოვ. 5 საათამდე იმუშავე მარტო".

ზუსტად ერთი წლის წინ, ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირმა, „სოლიდარობის ქსელმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, სახელწოდებით „კორონავირუსის პანდემია და ექთნების შრომის ღირებულება“. როგორც ანგარიშში ვკითხულობდით, მიუხედავად პანდემიური ფონით დაპირებული სახელფასო მატებისა, ექთნების შემოსავლების ზოგადი ზრდა მაინც ვერ მოხერხდა.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი გახდა, სამუზეუმო სფეროში რეორგანიზაცია დაიწყო. რეორგანიზაციის ფარგლებში შესუსტდა ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის ხელთ არსებული მართვის ბერკეტებიც. ის ახლა ვალდებულია, ყველა გადაწყვეტილება მუზეუმის დირექტორატთან ერთად მიიღოს - დირექტორატი ძირითადად მინისტრის მიერ დანიშნული კადრებით არის დაკომპლექტებული.

დავით ლორთქიფანიძემ სამუზეუმო სფეროში მიმდინარე ცვლილებებზე საჯაროდ მხოლოდ ერთხელ, ეროვნულ მუზეუმში ისაუბრა მედიასთან - ამ დღეს ის ნიკოლოზ ახალბედაშვილის მხრიდან თავდასხმის სამიზნე გახდა. ხელოვნების მუზეუმის მაშინდელი დირექტორი, რომელიც ახლა ლორთქიფანიძის მოადგილის თანამდებობას იკავებს, ლორთქიფანიძეს „მუზეუმის გამოშიგვნაში” ადანაშაულებდა - სწორედ ახალბედაშვილი აწერს ხელს ეროვნული მუზეუმიდან მეცნიერების გათავისუფლების ბრძანებს.

დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ კონკრეტულ ადამიანებზე ლაპარაკი არ სურს, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს ეროვნული მუზეუმის დასაცავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG