Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მივა თუ არა ოპოზიცია შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 7 ივლისს


რა დღის წესრიგზე შეთანხმდება საპარლამენტო ოპოზიცია ევროკავშირის პირობების შესასრულებლად?

პარლამენტში დატვირთული დღე იქნება. 7 ივლისს საპარლამენტო ოპოზიციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნდა შეხვდეს. საუბრის თემა ევროკავშირის 12 პირობის შესრულებაა.

საპარლამენტო ოპოზიცია ვერ შეთანხმდა ერთიან პოზიციაზე, ყველა დაესწრება თუ არა შეხვედრას. პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მისვლას აპირებენ პარტიების - „მოქალაქეების“, „საქართველოსთვის“ და „გირჩის“ დეპუტატები.

შეხვედრაზე მისვლას ემხრობა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძეც. მისი თქმით, ოპოზიცია პაპუაშვილს საკუთარი დღის წესრიგით უნდა ელაპარაკოს და საპარლამენტო მუშაობის გაძლიერების მიზნით ყველა პლატფორმა გამოიყენოს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი კი ფიქრობს, რომ ოპოზიციას საკუთარი დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს, რომელიც არასამთავრობო სექტორის 12 პუნქტთან იქნება თანხვედრაში. ლევან ბეჟაშვილმა ასევე დააანონსა, რომ დღეს, 7 ივლისს ოპოზიცია წარადგენს თავის ჩამოყალიბებულ დღის წესრიგს.

ცალკეული პარტიები პლენარული სხდომების განახლებასა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ემხრობიან.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

მაკფოლის თქმით, მსჯელობა იწყება საქართველოდან და ბელარუსიდან კონკრეტული პირებისთვის სანქციების დაწესებაზე

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი „პალიტრანიუსს“ ელაპარაკა საქართველოდან და ბელარუსიდან პუტინთან დაკავშირებული პირებისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე. როგორც ის აღნიშნავს, ამ საკითხზე მსჯელობა ახლა იწყება.

მაკფოლმა უპასუხა შეკითხვას: უწევთ თუ არა აშშ-ის მთავრობას კონსულტაციას დასასანქცირებელი პირების სიის შემუშავებაში და თუ არიან მათ შორის ქართველები?

„ჯგუფი, რომელსაც მე კოორდინაციას ვუწევ, საერთაშორისო, დამოუკიდებელი და უპარტიოა. ჩვენ გვყავს ამერიკელები, უკრაინელები, ევროპელები, რუსებიც კი, რომლებიც მონაწილეობენ ამ ჯგუფში, მაგრამ ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ უკრაინის, ბრიტანეთის, ამერიკის მთავრობებთან, რათა შევიმუშაოთ ახალი იდეები, რა შეიძლება, გაკეთდეს. ჩვენ ვეხმარებით მათ საკითხების გადაჭრაში, ჩვენ ვაძლევთ მათ რჩევას და არა პირიქით, - თქვა მაკფოლმა და განმარტა, - რაც შეეხება სახელებს, პიროვნებებს, ჩვენ ვადგენთ დასასანქცირებელი პიროვნებების სიებს. სამუშაო დოკუმენტი #3 ადგენს კრიტერიუმებს, როგორ გავაფართოოთ სანქცირებული პიროვნებების სია, რომელიც ათასებს აღწევს რუსეთის შიგნით. ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს.

წაიკითხე მეტი.

საბერძნეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ და მისი დაჯგუფების 12 წევრია დაკავებული - მედია

ბერძნული მედიის ცნობით, ადგილობრივმა პოლიციამ ჩატარებული ოპერაციის საფუძველზე ქართველი ე. წ. კანონიერი ქურდი აკაკი (კაკო) ბილანიშვილი და მისი კრიმინალური 12-კაციანი დაჯგუფების წევრები 8 ივნისს დააკავა. 1 ივლისს კი ათენის პროკურატურის განკარგულებით, დაკავებულთა ფოტოები გასაჯაროვდა, მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

დაკავებულთა შორის ერთი ერაყის მოქალაქეა, ყველა დანარჩენი კი საქართველოს მოქალაქეები არიან.

ბერძნული მედია ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაჯგუფების წევრებმა ათეულობით სახლი გაქურდეს, ნაქურდლის ოდენობა კი 120 ათას ევროს შეადგენს.

აკაკი ბილანიშვილის ოჯახის ახლობელი, ადვოკატი თამარ აბესაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ „აკაკი ბილანიშვილს არაფერი აქვს დასაჭერი, დაკავებულიც არ ყოფილა. საფუძველი არ არსებობს. ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს ისეთი მძიმე, ვერც კი იფიქრებთ, რომ რამეს უდგას სათავეში. კაცი არის მწოლიარე, ინსულტიანი, მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება ექიმის - მითხარით, ასეთი რამ შესაძლებელია? [ჯანმრთელობის მდგომარეობა] არაფერ შუაშია, ვერ დააკავებდნენ ისედაც, მტკიცებულებები უნდა გეკავოს ხელში“, - ამბობს თამარ აბესაძე.

წაიკითხე მეტი.

ცერცვაძე მოქალაქეებს ურჩევს, რესპირაციული სიმპტომების დროს დაუყოვნებლივ გაიკეთონ კოვიდტესტი

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან ილაპარაკა ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის გაზრდილ მაჩვენებელზე. როგორც ის ამბობს, მსოფლიოში აღინიშნება კოვიდის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რაოდენობის მკვეთრი ზრდა.

„საქართველოშიც, სამწუხაროდ, ფიქსირდება ახალი შემთხვევების ზრდა. სულ რაღაც ორი კვირის წინ იყო 50-60 ახალი შემთხვევა და დღეს 600-ზე მეტი ახალი შემთხვევაა. ის, რაც კარგია, ჩვენთან გარდაცვალების რაოდენობა შენარჩუნებულია ძალიან დაბალ, პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულზე. ყოველდღიურად გარდაცვალების ნული შემთხვევაა, ან აქა-იქ გამოერევა ერთი, მაქსიმუმ ორი. სადღეისოდ, ძალიან სასიხარულოა ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ბოლო 3 თვის მონაცემებით, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით აქვს შეუდარებლად ნაკლები გარდაცვალების შემთხვევა, ვიდრე ამერიკას, ევროპას, ავსტრალიას, იაპონიას, ბევრ სხვა ქვეყანას. ეს ძალიან კარგია. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა“, - თქვა ცერცვაძემ.

წაიკითხე მეტი.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო ოფიცრების სწავლება დაიწყო

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ოფიცრების სამხედრო სწავლება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სწავლება ძარწემის პოლიგონზე მიმდინარეობს.

წვრთნებს ინსტრუქტაჟს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო უწევს. მათი განცხადებით, საცეცხლე მომზადების დროს, უსაფრთხოების ტექნიკას და დისციპლინას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. დე ფაქტო რესპუბლიკაში კიდევ იგეგმება სამხედრო სწავლებები. უკვე რეგულარულად მიმდინარეობს საველე გასვლები, რაც სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო მომზადების მზადყოფნის დონის ასამაღლებლად ხდება.

წაიკითხე მეტი.

ფონ დერ ლაიენი: მომზადებული უნდა დავხვდეთ რუსეთიდან გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტას

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 6 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა შეიმუშაოს საგანგებო ვითარების გეგმები, რათა მოემზადოს რუსეთიდან გაზის იმპორტის სრული შეწყვეტის შემთხვევისთვის.

ფონ დერ ლაიენის თქმით, კომისიას დაგეგმილი აქვს, ივლისის შუა რიცხვებში გამოაცხადოს მთელი ევროკავშირის მასშტაბით საგანგებო გეგმები, რათა უზრუნველყოს „გაზის მიწოდება იქ, სადაც ის ყველაზე მეტად არის საჭირო“ იმ შემთხვევაში, თუკი სრულად შეწყდება რუსეთიდან გაზის მოწოდება.

წაიკითხე მეტი.

"არ მეგონა, თუ გადავრჩებოდი". ლეგენდარული „ტაირა“ რუსული ტყვეობის შესახებ

იულია პაიევსკაია („ტაირა“) რუსული პროპაგანდისთვის, „მაიდნის აქტივისტკა“ და მარიუპოლის „ნაცბატალიონის“ სასტიკი სანიტარია, რომელიც არც ქალებს ინდობდა და არც ბავშვებს. „ბერდიანსკის მიმართულებით მარიუპოლის გასასვლელთან გააჩერეს სასწრაფო დახმარების მანქანა. მძღოლის გარდა ავტომობილში ისხდნენ ქალი და ორი ბავშვი. ქალს „ტაირა“ ერქვა. ქალაქიდან გამოსვლის წინ „ტაირამ“ ბავშვების მშობლები დახოცა, რათა საჭიროების შემთხვევაში მათ დედად გაესაღებინა თავი“, - ასე აღწერა რუსულმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ პაიევსკაიას ტყვედ აყვანა.

უკრაინელმა მოხალისე-პარამედიკოსმა იულია პაიევსკაიამ („ტაირა“) სამი თვე გაატარა ტყვეობაში თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ (დსრ) ტერიტორიაზე. 17 ივნისს მისი გათავისუფლების შესახებ საზოგადოებას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამცნო. გათავისუფლებიდან ორიოდე დღეში პაიევსკაიამ გამოაქვეყნა თავისი ფოტო, სადაც ასევე წერდა, რომ ტყვეობის შემდეგ გამოფიტულია და მხოლოდ 50 კგ-ს იწონის.

ჯერ ისევ ჰოსპიტალში მყოფმა იულია პაიევსკაიამ რადიო თავისუფლებას უამბო, თუ რა გადახდა ტყვეობაში და, რა მდგომარეობაში იყო, როცა ტყვეობიდან დაბრუნდა. წაიკითხე მეტი ალინა პინჩუკისა და ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

ერეკლე დეისაძესთან მუსიკაზე, პოლიტიკასა და ხელოვნების დანიშნულებაზე სალაპარაკოდ ქუთაისში ჩავიდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე და თან დაიმგზავრა ეკოს მენეჯერი, მუსიკის ჟურნალისტი და Bloom Music-ის თანადამფუძნებელი ჯაბა შავიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG