Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოცნება" გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტს - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 ივლისს


ელჩზე "თავდასხმა არ ყოფილა" - როგორ ეხმაურება "ქართული ოცნება" სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას?

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის 20 ივლისის განცხადების შესახებ შეკითხვებს გუშინ „ქართული ოცნების“ ლიდერები უპასუხებდნენ. ისინი ამბობენ, რომ აშშ-ის ელჩზე მმართველი გუნდის მხრიდან თავდასხმა არ ყოფილა.

ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა:

"არცერთი ასეთი თავდასხმა არ ყოფილა. ერთადერთი, ასეთი რაც იყო, დაისვა ასეთი კითხვები ჩვენი მხრიდან, საუბარი არ მაქვს სხვების მხრიდან დასმულ შეკითხვებზე. ჩვენი კითხვები ეხებოდა ორ თემას: პირველი თემა უკავშირდებოდა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან, როდესაც ერთ-ერთი მოსამართლე ბრალს სდებს აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს ზეწოლაში ამერიკის ელჩის სახელით, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ დაისვას კითხვები და ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება, როგორც თავდასხმა“, - განაცხადა მან.

ელჩ დეგნანზე კითხვა დაუსვეს პარლამენტის წევრს, არჩილ თალაკვაძესაც. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ კელი დეგნანზე თავდასხმას მათ ოპოზიცია აბრალებს, რაც რეალობას არ შეესაბამება.

"ხელისუფლების რომელიმე ოფიციალური პირის მხრიდან არასოდეს ყოფილა არანაირი თავდასხმა და ასეთი გამორიცხულია მომავალშიც", - თქვა მან.

"ქართული ოცნება" ევროპელი პარტნიორებისა და ამერიკის ელჩის მიმართ არამეგობრული ტონის გამო გააკრიტიკა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრეზიდენტმა თქვა, რომ არ შეიძლება საქართველო იყოს "მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს..."

წაიკითხე მეტი რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

"არჩევნების გაყალბებაზე" გოგაშვილმა დოკუმენტები "გამჭვირვალობას" და ISFED-ს მისცა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "სამართლიანი არჩევნები" აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, არჩევნებზე ამომრჩეველთა მობილიზების სქემაზე დოკუმენტები მათ გადასცა.

კვლევა, რომელიც ამ ორგანიზაციის სახელითაც 21 ივლისს გასაჯაროვდა, გოგაშვილის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის, საჯარო წყაროებით გადამოწმებას ეყრდნობა.

"კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება...
უფრო კონკრეტულად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს სავარაუდოდ სთავაზობდნენ პირობითი მსჯავრის გაუქმებას, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას), სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ.",
- ვკითხულობთ კვლევაში.

წაიკითხე მეტი.

ომი უკრაინაში: მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმას

სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 19 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ხარკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანზე სარაკეტო დარტყმის შედეგად. ადგილობრივი ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის, „ურაგანის“ გამოყენებით იერიში მიიტანეს სავაჭრო ობიექტებსა და საცხოვრებელ სახლზე, სადაც სტომატოლოგიური კაბინეტიც მდებარეობს.

გუშინ ეუთოს ადამიანის უფლებების ოფისმა გაავრცელა ანგარიში უკრაინის ომში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. დოკუმენტში მოყვანილ, ყველაზე მძიმე შემთხვევებს მიეკუთვნება რუსეთის არმიის მიერ მარტში მარიუპოლის თეატრის დაბომბვა, რომელსაც ადამიანების დიდი რაოდენობა აფარებდა თავს.

ამავე რანგის შემთხვევაა კრამატორსკის სადგურისთვის ცეცხლის დაშენა, სადაც ადამიანების დიდი რაოდენობა იმყოფებოდა.

წაიკითხე მეტი.

ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. პაკეტი მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიების ექსპორტზე კიდევ უფრო მეტ კონტროლს.

ამავე დროს, ევროკავშირი გამოყოფს 500 მილიონ ევროს, რათა უკრაინისთვის სამხედრო სფეროში დახმარება გაზარდოს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, ბრიუსელში განაცხადა, რომ გაძლიერებული და გახანგრძლივებული სანქციები რუსეთისთვის ძლიერი სიგნალია. ზეწოლა გაგრძელდება, სანამ საჭირო იქნება, თქვა მან.

წაიკითხე მეტი.

იტალიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაშალა, ვადამდელი არჩევები 70 დღეში გაიმართება

იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ, პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომის შემდეგ დაშალა პარლამენტის ორივე პალატა. მატარელამ გამოაცხადა, რომ შესაბამის დეკრეტს ხელი მოაწერა 21 ივლისის საღამოს, რომში.

პრეზიდენტის თქმით, ის პოლიტიკურმა ვითარებამ მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.

კონსტიტუციის თანახმად, იტალიამ 70 დღეში უნდა აირჩიოს ახალი პარლამენტი. კენჭისყრა დაგეგმილი იყო 2023 წლის გაზაფხულისთვის. დრაგის უკვე ერთი კვირის წინ სურდა გადადგომა, როცა მას პოპულისტურმა მმართველმა პარტიამ, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“, მხარი არ დაუჭირა უნდობლობის ვოტუმის გამო კენჭისყრაში.

წაიკითხე მეტი.

გაძლებს ევროპა რუსული გაზის გარეშე?

ევროპა მძიმე ზამთრისთვის ემზადება. რუსეთმა მას უკვე შეუმცირა ბუნებრივი აირის მიწოდება, ამას კი თან დაერთო მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადთან“ დაკავშირებული დრამა. რუსეთმა ამ მარშრუტით გაზის ტრანსპორტირება 11 ივლისს, ათი დღით შეაჩერა და მიზეზად დაასახელა „ყოველწლიური გეგმური ტექნიკური მომსახურება“.

ხუთშაბათს გაზის მიწოდება აღდგა, თუმცა ევროკავშირი შიშობს, რომ რუსეთი გააგრძელებს ბუნებრივი აირის გამოყენებას მასზე ზეწოლის განსახორციელებლად. ეს კი პრობლემებს ბევრი სხვადასხვა კუთხით შექმნის.

რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება შეუმცირა. უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ კრემლმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა 6 ქვეყანას და კიდევ ექვსს - შეუმცირა. ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკის ქვეყანას, გერმანიას, აირის მიწოდება ორი მესამედით აქვს შემცირებული. რუსული მხარე ამას მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 1-თან“ დაკავშირებული პრობლემებით ქმნის - ამბობს, რომ კანადა, სანქციების გამო, არ აძლევს ტურბინებს, რომელიც მილსადენის ოპერირებისთვისაა საჭირო, თუმცა ევროპის ლიდერები ამ არგუმენტს არ იღებენ და ამბობენ, რომ გაზის მიწოდების შემცირება პოლიტიკური მიზნებითაა გამოწვეული.

დეტალები ევროპის ენერგეტიკული კრიზისის შესახებ წაიკითხე აქ.

სამშენებლო ბიზნესისთვის გამარტივებული რეგულაციები და განადგურებული რეკრეაციული სივრცეები თბილისში

რა შეცვალა გენგეგმამ თბილისში - რა სქემით გრძელდება მშენებლობები და აკრძალვის მიუხედავად, როგორ შენდება სახლები საშიშ ზონებში.

XS
SM
MD
LG