Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა განასხვავებს და აერთიანებს ოპოზიციისა და ხელისუფლების სამუშაო ჯგუფებს პარლამენტში - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 ივლისს


ორი ფორმატი 12 პუნქტისთვის - როგორ მოახერხებენ მმართველი და ოპოზიციური პარტიები შეთანხმებას?

ბრიუსელი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ერთად მუშაობისკენ მოუწოდებს, თუმცა პარლამენტში მაინც ცალ-ცალკე სამუშაო ჯგუფები იქმნება ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“ არ შეუერთდნენ „ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებს.

ოპოზიციის დიდ ნაწილს მმართველი პარტიასთან ერთად კანონპროექტებზე მუშაობა უიმედო პროცესად მიაჩნია, რის გამოც მხარეები ორ, პარალელურ სივრცეში მოქმედებენ. ამ ეტაპზე შეუთანხმებლობისთვის განწირული ერთ-ერთი საკითხი - დეოლიგარქიზაციაა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკრაინის მსგავსი კანონის მიღებაზე აკეთებენ აქცენტს და დარწმუნებული არიან, რომ უკრაინული კანონით განსაზღვრული კრიტერიუმები ვერაფრით მოერგება მმართველი პარტიის დამფუძნებელს - ბიძინა ივანიშვილს.
საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის შეუთანხმებლობა საქმეს უორმაგებს არასამთავრობო სექტორს, რომლის წარმომადგენლებიც, ევროკომისიის მოთხოვნების საფუძველზე, აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

პრეზიდენტი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას

„კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს”, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართვას „მთავარი არხის“ ჟურნალისტისადმი. „ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას. "ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!" ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს“, - წერს პრეზიდენტი ფეისბუკზე.

გუშინ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს... შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას სიტყვების შეფასება სთხოვა.

გარდა ამისა, კობახიძემ უკრაინის უმაღლეს რადაში უმრავლესობის ფრაქციის „ხალხის მსახურის" თავმჯდომარეს, დავით არახამიას „არაკაცი“ უწოდა. ერთი დღით ადრე არახამიამ ირაკლი კობახიძეს „მთავარს არხთან“ ინტერვიუში КГБ-ს აგენტის შვილი უწოდა.

წაიკითხე მეტი.

„წინასწარ ლაპარაკი ტრაბახის ტოლფასია“ - დავით ხიდაშელი "ვითიბი ბანკ საქართველოს" შეძენაზე

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი „VTB ბანკ საქართველოს“ შეძენასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „წინასწარ ლაპარაკი ტრაბახის ტოლფასია“.

შეტყობინებაში ის პირობას დებს, რომ გვაცნობებს, როგორც კი შეიძენს რამეს. ამავე შეტყობინებაში ხიდაშელი ლაპარაკობს საქართველოში დაგეგმილ 47 პროექტზე, ასევე, დეზინფორმაციაზე მის წინააღმდეგ.

„ისეთი ადამიანების დაუცველი დემოკრატია შექმენით, მანდ რომ ჩივილსაც აზრი არ აქვს. რასაც უნდათ იძახიან და წერენ“, - წერს ხიდაშელი.

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე დაწესებული სანქციების გამო, სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიამ“ საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სასესხო პორტფელი გაასხვისა. მომსახურების ეს ნაწილი „ლიბერთი ბანკმა“ ჩაიბარა; საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი კი „ბაზის ბანკს“ მიჰყიდა.

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი დავით ხიდაშელი „კარტოგრაფების საქმის“ ფიგურანტია, მის სახელს უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დავალებით საქართველო-აზებაიჯანის საზღვრების ამსახველი რუკების მოეძიება რუსეთის არქივებში. რაც საფუძვლად დაედო საზღვრის დამდგენი კომისიის წვერების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას.

წაიკითხე მეტი.

ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემაზე საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოკუპირებულ აფხაზეთში, "ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის" და მის მიმდებარედ 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის საკითხზე დროულად იმოქმედოს აფხაზეთში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის შეკავებისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებისკენ.

საქართველოს მთავრობა დუმილს განაგრძობს ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ამის გამო მთავრობა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც გააკრიტიკა.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკისკენ, საზოგადოებას გააცნოს დიპლომატიური სტრატეგია და არსებულ კონტექსტში გააძლიეროს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის და მშვიდობის მშენებლობის პროცესი.

წაიკითხე მეტი.

"გაზპრომი" აცხადებს, რომ Nord Stream-1-ის კიდევ ერთ ტურბინას გამორთავს

"გაზპრომმა" განაცხადა, რომ 27 ივლისიდან მუშაობას შეწყვეტს Nord Stream-1-ის გაზსადენის კიდევ ერთი ტურბინა, რითაც 20%-მდე შემცირდება სატუმბი მოცულობის დაგეგმილი სიმძლავრე.

კორპორაციის თანახმად, "პორტოვაიას" კომპრესორის სადგურზე გაზის ტურბინის ძრავა მოითხოვს დაგეგმილ კაპიტალურ შეკეთებას და მოვლას. ამ ცვლილების გათვალისწინებით, ოთხშაბათიდან Nord Stream-1-ის ყოველდღიური სიმძლავრე დღეში არაუმეტეს 33 მილიონი კუბური მეტრი გაზი იქნება.

Nord Stream-1 არის მაგისტრალური გაზსადენი, რომლის მეშვეობითაც რუსული გაზი გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში შედის. მისი დაგეგმილი მოცულობა დღეში 167 მილიონი კუბური მეტრია. ივნისიდან "გაზპრომმა" დაიწყო გაზის სატუმბი მოცულობის შემცირება და ეს ახსნა ტურბინების შეკეთების აუცილებლობით, რაც რთულდება რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გამო.

წაიკითხე მეტი.

ერევნის მერის ინიციატივით, მუშაობის ადრე დასაწყებად ქალაქს დილის 7 საათზე მუსიკა გააღვიძებს

ერევნის მერი, ჰრაჩია სარქისიანი, აცხადებს, რომ დედაქალაქმა ადრე უნდა გაიღვიძოს და სამუშაო დღე ადრე დაიწყოს.

"ამიერიდან მუსიკას, რომელიც ჩვენ ერევნის მერიის საათიდან გვესმის, ერთდროულად დედაქალაქის 12-ვე ადმინისტრაციულ რაიონში დილის 7 საათზე გაიგონებენ. გარდა ამისა, ჩვენ თანაქალაქელებს შესაძლებლობა ექნებათ დღის განმავლობაში თვალი ადევნონ დროს და ჰაერის ტემპერატურას ახალ LED-ეკრანზე, რომელიც სპენდიაროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სახურავზე დაიდგმება", - დაწერა ერევნის მერმა თავის ფეისბუკში.

ჰრაჩია სარქისიანი ერევნის მერი 2021 წლის ბოლოს გახდა. ის მმართველი პარტია "სამოქალაქო ხელშეკრულების" წევრია. სომხეთის დედაქალაქის მერის თანამდებობაზე მან ამავე პარტიის წარმომადგენელი ჰაიკ მარუთიანი შეცვალა, რომელიც უხუცესთა საბჭოს კენჭისყრის შედეგად თანამდებობიდან მოხსნეს.

წაიკითხე მეტი.

სინამდვილეში რა დროშა გამოფინეს სოხუმში?

23 ივლისს აფხაზეთში ე.წ. სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. დღესასწაულზე გამოიტანეს დროშები, რომლებიდანაც ერთი საქართველოს სახელმწიფო დროშას ჰგავდა. რა დროშა იყო სინამდვილეში და რატომ გამოიტანეს ის ზეიმზე?

ფეისბუკი წალეკა კომენტარებმა: „ვერ ვიჯერებ, ეს როგორ?“, „და ცოცხალია ამის შემოქმედი?“, „რა ხდება?“, „რატომ გაგიკვირდათ ჩვენივე მიწაზე ჩვენივე დროშა“, „მოდიან აზრზე“, „ვაიიი, ახლა მართლა გამიკვირდა“, „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“, „სიზმარში ხომ არ ვარ, მითხარით ვინმემ“, „მონტაჟია“...

დროშა, რომელიც ვიდეოზე ჩანს, ჰერალდიკის ექსპერტებისთვის კარგად არის ნაცნობი. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა გონგაძე ამბობს, რომ ის მე-14 საუკუნის საზღვაო რუკებზე გვხვდება. ისტორიული დროშა აფხაზეთში ხშირად გამოაქვთ გამოფენებზე.

წაიკითხე მეტი თეა თოფურიას სტატიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG