Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელის ჟენევის მოლაპარაკებებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 11 აგვისტოს


ჟენევის მოლაპარაკებები რუსეთს (ჟენევაში) აღარ უნდა - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

რუსეთი ბოლო დროს აქტიურად ალაპარაკდა საქართველოსთან ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების თაობაზე. მოსკოვი ჩივის, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაჭიანურდა და ამაში დასავლეთს ადანაშაულებს. რუსეთის პოზიციიდან მოლაპარაკებების გაჭიანურება რეგიონში არეულობის ხელშეწყობის მცდელობაა.

მოლაპარაკებები მართლაც 8 თვეა არ გამართულა, თუმცა ამ საკითხში მოსკოვის ასეთი აქტიურობა უცნაურია, რადგან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე გატანილი საკითხების განხილვა რუსეთს, წესით, არ უნდა ეჩქარებოდეს. რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას ის უკვე 14 წელია, ათეულობით რაუნდის განმავლობაში ეწინააღმდეგება. რუსეთი პერმანენტულად უარს აცხადებდა საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენების პირობის დადებაზე და ახლაც საკუთარი პირობებით ითხოვს მოქმედებას.

ჯერ ორშაბათს რუსეთის საგარეო უწყების განცხადება გაჟღერდა, სადაც ჟენევის მოლაპარაკებებს „გეოპოლიტიკური მძევალი“ უწოდეს. შემდეგ კი, 9 აგვისტოს, მედიაში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის ბრალდებები გამოჩნდა. ისიც ფიქრობს, რომ ევროკავშირი, აშშ და შვეიცარია განზრახ ცდილობენ მოლაპარაკებების ჩაშლასა და, შესაბამისად - ხიფათის ინსპირირებას.

რაში დასჭირდა რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებული საერთაშორისო მოლაპარაკებების საკითხის გააქტუალურება? რაზე მიანიშნებს რუსეთში გაკეთებული განცხადებები? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

"კონსერვატიული მოძრაობა" 10-მდე ოფისს ხურავს - აქვს თუ არა "ალტ-ინფოს" ფინანსური პრობლემა?

ჰომოფობიური და ანტიდასავლურად განწყობილი ჯგუფების დაფუძნებული პარტიის, "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერები ბოლო ერთი თვეა ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ და ადასტურებენ, რომ ოფისების დახურვა უწევთ. ეს ხდება მაშინ, როდესაც პარტიის ოფიციალური შემოსავალი - შემოწირულებები არ შემცირებულა.

"კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ საქართველოს რეგიონებში წელს გახსნილი 70-მდე ოფისიდან 10-მდე წარმომადგენლობის დახურვა მოუწევთ.
"კონსერვატიული მოძრაობა" "ალტ-ინფომ" პარტიად გასული წლის ბოლოს, 2021 წლის ნოემბერში დააფუძნა, შემოწირულებების მიღება კი 2022 წლის თებერვლიდან დაიწყო. 31 ივლისის ჩათვლით "კონსერვატიულ მოძრაობას" 339 ათას ლარამდე აქვს მიღებული - საშუალოდ 56 ათასი ლარი თვეში.

აუდიტის სამსახურის ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პარტიის შემოსავლები ივლისში, როდესაც კონსტანტინე მორგოშიამ ახლად გახსნილი ოფისების დახურვაზე დაიწყო ლაპარაკი, 61 ათასი ლარი იყო.

წაიკითხე მეტი გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორიგი კონსილიუმი გაიმართება

ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტები პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, კლინიკა „ვივამედში“ 11 აგვისტოს მოინახულებენ. 11 აგვისტოსვე იგეგმება „ვივამედის“ ექიმებთან ერთად კონსილიუმის გამართვაც, სადაც სპეციალისტები კიდევ ერთხელ განიხილავენ პაციენტისათვის გარკვეული გამოკვლევების ჩატარების საკითხს. პარალელურად, „ემპათიის“ ექსპერტები და მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის პროცესში ამერიკელი და შვეიცარიელი ექიმების ჩართვის მოლოდინში არიან.

როგორც ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, სამი ამერიკელი ექიმის დოკუმენტაცია უკვე გადაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში, რომელმაც უცხოეთიდან მოწვეულ სპეციალისტებს დროებითი ლიცენზია უნდა მიანიჭოს. მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ უცხოელმა სპეციალისტებმა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის უფლება მოიპოვონ.

ამერიკელი ექიმების ჩამოყვანის დეტალების მოგვარებითაა დაკავებული ექსპრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, საქართველოში მოწვეული უცხოელი ექიმების შერჩევაში თავადაც აქტიურადაა ჩართული.

ვინ ჩამოვა საქართველოში სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად? რას ამბობენ კონსილიუმის ექიმები სააკაშვილის მდგომარეობაზე? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თაობაზე რუსეთი გაეროში უშიშროების საბჭოს შეკრებას ითხოვს

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობა დღეს, 11 აგვისტოს უშიშროების საბჭოს შეკრებას ითხოვს. განსახილველი საკითხი კი უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ატომური ელექტროსადგურია.

„ეს საკითხი მოითხოვს დეტალურ საუბარს უშიშროების საბჭოს კოლეგებთან. უკრაინის პროვოკაციები არ უნდა იყოს დამალული საზოგადოებისთვის“, - აცხადებს რუსეთის წარმომადგენლის პირველი მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი.

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ატომური ელექტროსადგური ყველაზე მძლავრია ევროპაში. მარტიდან მოყოლებული, ბირთვულ რეაქტორს რუსი სამხედროები აკონტროლებენ და სამი კვირაა, მის სიახლოვეს ჭურვები ეცემა. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ, გაერო კი მათ მოუწოდებს, არ დაუშვან „ბირთვული კატასტროფა”.

წაიკითხე ვრცლად სანდრო გვინდაძის სტატიაში.

მედიაკოალიცია "ოცნებისგან" "შინ ევროპისკენ" კლიპის გაშვებისთვის მედიის სანქცირების მოთხოვნაში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს

"მედიის ადვოკატირების კოალიცია" პოლიტიკური დევნის ნიშნებს ხედავს მმართველი პარტიის მოთხოვნაში, გატარდეს სანქციები ოპოზიციური არხების, "მთავარი არხის", "ფორმულისა" და "TV პირველის" წინააღმდეგ, აქციის "შინ ევროპისკენ" სარეკლამო კლიპის ეთერში განთავსებისთვის. კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს არის დევნის კიდევ ერთი ნიშანი.

ვიდეოკლიპი, რომელიც 24 ივნისის აქციაზე მოსახლეობას იწვევდა, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" შეფასებით, პოლიტიკურია და მიზნად ისახავს მათ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შექმნას.

"მედიის ადვოკატირების კოალიცია" მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას, არ გააგრძელოს კრიტიკული მედიასაშუალებების შეზღუდვის პრაქტიკა და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს როგორც სადავო საკითხის მნიშვნელობა, ისე მედიის თავისუფლების შეზღუდვის რისკები.

საჩივრის განსახილველად მოსამზადებელი სხდომა კომუნიკაციების კომისიაში დღეს, 11 აგვისტოს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

წაიკითხე მეტი.

„აიდგილარა“ ბიჭვინთის ყოფილი აგარაკის შესახებ შეთანხმების „პარლამენტიდან“ გაწვევას მოითხოვს

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედმა ოპოზიციურმა პარტია „აიდგილარამ“ დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას „პარლამენტიდან“ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის გადაცემის შესახებ შეთანხმების გაწვევისკენ მოუწოდა.

პარტიაში მიჩნევენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა „თავისი დაუფიქრებელი მოქმედებებით ქვეყანაში ვითარება უპრეცედენტო სამოქალაქო დაძაბულობამდე მიიყვანა ყველა მიმართულებით“, მათ შორის, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით.

„რესპუბლიკაში ანტირუსული საპროტესტო განწყობების დაწყების წარუმატებელმა მცდელობებმა უკვე გამოიწვია მორიგი შიდაპოლიტიკური კრიზისი ქვეყნის შიგნით და შექმნა დაძაბულობის წერტილები რუსეთის ფედერაციასთან“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში პარტიზანული მოძრაობა რუსეთის კონტროლს ძირს უთხრის

ბოლო ხანს სამხრეთ უკრაინის ორ რეგიონში ბრძოლების გაძლიერების პარალელურად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში დივერსიის, თავდასხმების, პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანიების „დაბალი დონის“ პარტიზანული ომი მიმდინარეობს რამდენიმე კვირაა, რაც აშკარად უთხრის ძირს რუსეთის კონტროლს.

სამხრეთ უკრაინის ქალაქ ხერსონში პლაკატები მიკრულია ლამპიონების ბოძებზე, ავტობუსების გაჩერებებსა და საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში. ქალაქი რუსული ძალების მიერ არის ოკუპირებული, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის პირველივე დღეებიდან.

"რუსებო! აი, ასე გიზამთ ..." წერია ერთ-ერთ პლაკატზე, დაკეპილი ხორცის სურათის თავზე, რომელიც ივნისში გამოჩნდა,
მეორე პლაკატზე, რომელიც კედლებზე მიუკრავთ ხერსონში, წერია: "თუ გინდა სიცოცხლე, დაგვნებდი!" და შეიცავს QR კოდს, რომელიც, ტელეფონით სკანირების შემთხვევაში, გადაგიყვანთ უკრაინის მთავრობის ვებსაიტზე, რომელსაც კონკრეტული მითითებები აქვს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიმართონ უკრაინელ ჯარისკაცს იმისთვის, რომ მას ჩაბარდნენ.

რას მოიცავს უკრაინელების პარტიზანული ომი, წაიკითხე ვრცლად აქ.

ევგენი პრიგოჟინი უკრაინაში საბრძოლველად წასვლაზე რუსი პატიმრების დათანხმებას პირადად ცდილობს. „პუტინის მზარეულის“ სახელით ცნობილ ბიზნესმენს „სისხლის ბიზნესის“ გემო გაუტკბა, ამბობს წამყვანი რუსი პატიმართა უფლებადამცველი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG