კაცი, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლა, დაკავებულია. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.
გიორგი კირთაძის საგამოძიებო სამსახურში ყოფნის დროს დააკავეს 1988 წელს დაბადებული იოსებ სირაბიძე. სირაბიძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში ხელბორკილებით მაშინ მიიყვანეს, როცა კირთაძე ამავე სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ამ დროს საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტები იყვნენ, მათ კადრების გადაღება შეძლეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს გუშინ, 19 დეკემბერს, ტელეკომპანია "ფორმულის" პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს, მისთვის უცნობმა პირმა კვერცხები ესროლა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "სისხლის სამართლის კოდექსის" 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს), მალევე დაიწყო.