Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19: 4 პაციენტის ინფიცირების წყარო ისევ უცნობია - რა არ უნდა გამოგრჩეს 12 ივნისს


რა ვიცით 4 კოვიდინფიცირებულზე, რომელთა ინფიცირების წყაროც ვერ დგინდება

დადასტურებული შემთხვევა - 831

გარდაცვლილი - 13

გამოჯანმრთელებული - 694

კარანტინში - 3213

სტაციონარში - 303

10 ივნისს საქართველოში კორონავირუსი 4 ისეთ პირს დაუდასტურდა, რომელთა ინფიცირების წყაროს ამ დრომდე ეძებენ, თუმცა უშედეგოდ. ამ შემთხვევიდან გამკაცრდა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებები უსაფრთხოების წესების დაცვაზე. ასევე, გაისმა შესაძლო "მეორე ტალღის" გაჩენაზე ინფორმაციაც.

4 ინფიცირებულზე რადიო თავისუფლებას უფრო მეტს უყვება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი, ანა კასრაძე. მისი თქმით, ინფიცირებულთან არცერთს არ აქვს მოგზაურობის ისტორია, არცერთს არ აქვს ერთმანეთთან და მოქმედ კლასტერებთან კავშირი.

"მათ თვითდინებით მიმართეს კოვიდკლინიკას, აწუხებდათ კოვიდისთვის დამახასიათებელი გარკვეული სიმპტომები", - ამბობს ის.

მისვე თქმით, ასაკობრივი კატეგორია სხვადასხვაა, ერთი არის ხანშიშესული ქალი, დანარჩენი საშუალო ასაკის, ბავშვები არ არიან. თითო ადამიანს 10-დან 20 კონტაქტამდე ჰყავთ, ამაში შედიან ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები - ზოგს უფრო მეტი, ზოგს ნაკლები - დამოკიდებულია იმაზე, რა აქტივობები ჰქონდათ.

"მათი კონტაქტების ნაწილი გადაყვანილია იზოლაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ 14 დღის განმავლობაში შეიძლება გამოუვლინდეთ სიმპტომები. ნაწილს, რომელთა პასუხებიც უკვე ცნობილია, არ აქვთ ინფექცია", - აღნიშნავს ის.

წაიკითხე მეტი.

ამავე თემაზე ასევე ნახე:

კონგრესმენების ანგარიშს, სადაც ივანიშვილი პუტინის ინტერესების გამტარებლად არის მოხსენიებული, თბილისში უპასუხეს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირედ მიიჩნევს.

ამის შესახებ საუბარია 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც გლობალური საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ეხება. ხელმომწერებს შორის არიან წარმომადგენელთა პალატის წევრები: ჯონსონი, უილსონი, უიტმენი, ვაგნერი, მუნი, ბეკონი, ბერგმანი, დანი, ჰიგინსი, ნორმანი, კრენშოუ, შტაილი და უოლცი.

ნათქვამია, რომ საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ მონაწილეობს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციაში.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ 13 კონგრესმენის ანგარიში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კორუფციის ხარჯზე მოპოვებული თანხის კონკრეტული ლობისტებისთვის გადახდის დამსახურებაა“.

მისი შეფასებით, „დაბალი დონის“ დოკუმენტში მოყვანილი ფრაზები „არის იმ ფულის დამსახურება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ ხალხის ხარჯზე, კორუფციის ხარჯზე მოიპოვა და შემდეგ გადაუხადა კონკრეტულ ლობისტებს“.

აი, რამდენიმე ფრაზა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეფასებებიდან კონგრესმენების ანგარიშზე:

გია ვოლსკი - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი: მე მაინც ვფიქრობ, რომ ის ერთი წინადადება საკმაოდ განსწავლული, აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია“.

კახა კუჭავა - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე: ამ დოკუმენტის მთელი პათოსის ფონზე, ის ერთი წინადადება, რომელმაც გამოიწვა ასეთი აჟიოტაჟი, მთლიანად ამოგდებულია კონტექსტიდან და, ჩემი აზრით, პირდაპირ ჩანს ის სამუშაო, რომელიც გაწიეს ლობისტებმა“.

სალომე სამადაშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი: „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ელოდებიან იმ პოლიტიკურ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც რეალურად მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, დაბრუნდეს დასავლურ ორბიტაზე და ჩამოეხსნას რუსეთის რეგიონალურ გავლენის სფეროს“.

გრიგოლ ვაშაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი: „ჩვენმა მთავარმა მოკავშირეებმა ნათლად აუხსნეს ქართულ ოცნებას, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გარდა, მათთვის სხვა გამოსავალი არ არსებობს, ხოლო საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური ვალდებულებაა ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება გაისტუმრონ ისტორიის სანაგვეზე“.

თავდაცვის მინისტრი პარლამენტში მიდის

დღეს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ.

ცნობისთვის, წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი უმცირდება. სამინისტრო, რომელიც ძალოვან უწყებებში საბიუჯეტო ხარჯების ყველაზე მსხვილი მომხმარებელია, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო 2020 წელს ვერ მიიღებს 75 მილიონ ლარს, რაც სამხედრო უწყების წლიური ბიუჯეტის, დაახლოებით, 9-10 პროცენტია.

დღეს პირველი შემთხვევაა, როცა "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილი მიდის.

პარლამენტი პირბადეების ტარების სავალდებულო წესს დღეს მიიღებს

დღეს პარლამენტში გაიმართება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების მესამე, დაჩქარებული მოსმენა, რომელიც სავალდებულოს ხდის დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარებას და ამ წესის დარღვევის გამო შესაბამის ჯარიმასაც აწესებს. მხარდაჭერის შემდეგ ცვლილება დღესვე ამოქმედდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პანდემიის ან ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას - 500 ლარით.

ასევე, ქორწილისა და ქელეხის გადახდისთვის პირი 2 000 ლარით, კომპანია კი 10 ათასით დაჯარიმდება.

სავალდებულო წესები, რომელთა დაცვა ზღვაზე დასვენებისას მოგიწევთ

საზაფხულო სეზონი შიდა ტურისტებისთვის ბათუმში 15 ივნისს გაიხსნება, ბათუმელებმა კი საზღვაო სეზონი, უკვე თვეზე მეტია, დაიწყეს. ბათუმის პლაჟზე ქოლგებისა და შეზლონგების გაქირავების სერვისი ჯერ არ მუშაობს. ადგილობრივები პლაჟებზე მზისგან თავს საკუთარი ძალებით იცავენ და კომფორტსაც თავად იქმნიან, თუმცა ეს ბათუმელების ნაწილს არ აწუხებს, რადგან, როგორც ამბობენ, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნისთანავე ზღვაზე გასვლა განტვირთვის საუკეთესო საშუალება იყო.

პირბადის გამოყენება პლაჟებზე მხოლოდ იმ დროს იქნება სავალდებულო, როცა მოქალაქე ნივთს იძენს ან ქირაობს და მას ამ მიზნით ფულადი ანგარიშსწორება გარე პირთან უხდება - ეს და სხვა რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინიტროს ოფიციალურად ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ რადიო თავისუფლებას პლაჟებზე ყოფნისა და ზღვაზე ბანაობისთვის უსაფრთხოების რამდენიმე აუცილებელი წესი გაუზიარა. მისი თქმით, ეს წესები იმ ტურისტული ქვეყნების გამოცდილებას ემყარება, სადაც ყველაზე მთავარი რეკომენდაცია ისევ სოციალური დისტანცირებაა როგორც პლაჟებზე ყოფნისას, ასევე ზღვაში ბანაობისას. იგი არ ეხება მხოლოდ ერთი ოჯახის წევრებს. ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ამ დოკუმენტს რამდენიმე დღეში ოფიციალურად გამოაქვეყნებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. ჯერჯერობით არ არის დადგენილი, თუ ვის დაევალება იქ ჩამოთვლილი წესების ადმინისტრირება.

წაიკითხე მეტი.

როგორ დავახრჩოთ დეზდემონა დისტანციის დაცვით - ახალი წესები თეატრებისთვის

სპექტაკლზე მისულებს, ბილეთების გარდა, სიცხესაც შეუმოწმებენ. თუმცა, სავარაუდოდ, ბილეთებსაც ყველა ვერ იშოვის, რადგან ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ​შემუშავებული რეკომენდაციებით, მაყურებლები ერთმანეთისგან უსაფრთხო მანძილზე უნდა დასხდნენ, თანაც - ნიღბით. აკრძალულია ანტრაქტი და, ამასთან, ფურშეტიც.

კოტე მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი, ეკა მაზმიშვილი, ამბობს, რომ რეკომენდაციების ნაწილი მისაღებია, მაგრამ ზოგიერთი პუნქტის შესრულებას, უბრალოდ, ვერ შეძლებენ - მაგალითად, ვერ შეამცირებენ რეკვიზიტებს და არც სცენაზე დისტანციის დაცვა გამოუვათ.

ახალი წესების მიხედვით, თეატრში მსახიობებმა უნდა შეამცირონ რეპეტიციების დრო; ასევე, თუ რეპეტიციისას ათ კაცზე მეტმა მოიყარა თავი, ისინი ერთმანეთს 2 მეტრით უნდა დაშორდნენ. ორკესტრის/გუნდის/ მომღერალთა ანსამბლის სცენაზე განთავსების შემთხვევაშიც 2 მეტრის დისტანცია უნდა იყოს გათვალისწინებული...

რადგანაც ანტრაქტზე გასვლა არ შეიძლება, გამოდის, რომ თეატრები მიზანსცენის შეცვლას ვერ შეძლებენ და მხოლოდ ერთმოქმედებიანი სპექტაკლები უნდა წარმოადგინონ, ასეთი კი ბევრი არ არის.

რას ფიქრობენ მსახიობები, დრამატურგები და რეჟისორები და როგორ უნდა გადარჩეს თეატრი ფინანსურად, წაიკითხე თეა თოფურიას სტატიაში.

როგორ აღმოჩნდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი იუსტიციის მინისტრის დაცულ სამსახურებრივ ელექტრონულ სისტემაში?

პაროლი - 1: როგორ არის დაცული თეა წულუკიანის ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოება? როგორ დასაჯეს მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების უყურადღებობის გამო რიგითი თანამშრომელი?

გიორგი მგელაძის ჟურნალისტური გამოძიება თეა წულუკიანის პირად ფოსტაში უცხო პირის არაერთხელ შეღწევის შესახებ ნახე აქ.

XS
SM
MD
LG