Accessibility links

2 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საბჭოს მესამე შეხვედრა. ხსენებული საბჭო არის უმაღლესი ოფიციალური ორგანო, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების საფუძველზე და ის მიზნად ისახავს როგორც ასოცირების შეთანხმების განხორციელების ზედამხედველობას, ასევე საერთო ინტერესების განხილვას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში მრავალი აქცენტია გამოკვეთილი. მაგალითად, ტექსტში ნათქვამია, რომ ასოცირების საბჭომ იმსჯელა „საქართველოში ასოცირების განხორციელების 2016 წლის ანგარიშზე” და დადებითად შეაფასა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ასოცირების საბჭოს 2015 წლის ნოემბრის შეხვედრის შემდეგ. ამასთან, ორივე მხარემ აღიარა „საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა, მისი ევროპული არჩევანი, ისევე როგორც დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენების საერთო მიზანი“. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მტკიცედ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრირებას. აღინიშნა 2017-2020 წლებისთვის ასოცირების დღის წესრიგის პრიორიტეტების განსაზღვრის მნიშვნელობა და მისასალმებელ სიახლედ დასახელდა ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. აღინიშნა ასევე მნიშვნელოვანი პროგრესი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჭრილში და ხაზი გაესვა ევროკავშირიდან საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციების წახალისების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ითქვა ისიც, რომ ევროკავშირის დახმარება მიმართული იქნება ეკონომიკურ ზრდაზე, კერძო სექტორის მხარდაჭერაზე, ექსპორტის წახალისებასა და იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობათა განვითარებაზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ესაჭიროება მიღწეული პროგრესის კონსოლიდირება. ევროკავშირმა გამოხატა მზადყოფნა კვლავაც დაეხმაროს საქართველოს მართლმსაჯულების სფეროს რეფორმებისა და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით ...

როგორც ასოცირების საბჭოს 2 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოქტომბერში საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო „კონკურენტუნარიანი“, „კარგად ორგანიზებული“ და, საერთო ჯამში, დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები, როგორც ეს აღნიშნულია ეუთოსა და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის პირველად ანგარიშში. თუმცა „ორივე მხარემ გაამახვილა ყურადღება „არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობაზე“. საგანგებოდ გამოიკვეთა კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც საჭიროებს ყურადღებას:

„ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ მართლმსაჯულების სფეროში ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების მხრივ მიღწეულ პროგრესს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ესაჭიროება მიღწეული პროგრესის კონსოლიდირება. ევროკავშირმა გამოხატა მზადყოფნა კვლავაც დაეხმაროს საქართველოს მართლმსაჯულების სფეროს რეფორმებისა და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით“.

ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ „მტკიცე საპარლამენტო უმრავლესობა არის პასუხისმგებლობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, საქართველოში პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმების გატარების კუთხით. ევროკავშირმა გამოხატა მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს ახალ მთავრობასთან ევროკავშირისა და საქართველოს საერთო, ორმხრივი ინტერესების გატარების მიზნით“.

მსჯელობა შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებსა და რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე. მაგალითად, ასოცირების საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონ აფხაზეთს შორის ე. წ. შეთანხმების რატიფიცირების გამო, შეთანხმებისა, რომელიც მიზნად ისახავს „სამხედრო ძალების გაერთიანებული დაჯგუფების” შექმნას და ეს ნაბიჯი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის უაღრესად საზიანოდ მიიჩნია. ითქვა, რომ ეს შეთანხმება, ისევე როგორც სხვა მსგავსი შეთანხმებები, აბსოლუტურად უკანონოა. საბჭომ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას „შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ორივე მხარემ გამოხატა შეშფოთება ადამიანის უფლებათა მხრივ ამ რეგიონებში არსებული მდგომარეობით, მათ შორის საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში, გადაადგილების შეზღუდვისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვის კუთხით“.

ასოცირების საბჭოს თავმჯდომარეობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ფედერიკა მოგერინი და გიორგი კვირიკაშვილი ერთად წარდგნენ მედიის წინაშე. ყურადღება საგანგებოდ გამახვილდა სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე. ითქვა, რომ საქართველომ პირნათლად შეასრულა ყველა პირობა, ყველანაირად დაიმსახურა სავიზო ლიბერალიზაცია და პროცესი დაგვირგვინდება მალევე მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი მიაღწევენ შეთანხმებას უვიზო მიმოსვლის სწრაფი შეჩერების მექანიზმის გარშემო.

პრემიერ-მინისტრთან გამოვხატე ჩემი კვლავაც ოპტიმისტური მოლოდინი იმისა, რომ მომავალ რამდენიმე დღეში მიღებული იქნება კომპრომისული გადაწყვეტილება საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის - განსაკუთრებით, ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით...

ზოგადად, სავიზო ლიბერალიზაციის საკითხი ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა საქართველოს პრემიერის მიერ ბრიუსელში გამართული შეხვედრების ფარგლებში - იქნებოდა ეს შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან, ევროკომისართან მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსთან თუ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, მარტინ შულცთან. გამოიკვეთა იმედი იმისა, რომ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით საერთო ენა მალე გამოინახება და, შესაბამისად, ვერაფერი შეუშლის ხელს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებას ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში. კონკრეტული ვადები არ დასახელებულა, თუმცა გარკვეული ოპტიმისტური პროგნოზი მაინც გააკეთა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა:

„პრემიერ-მინისტრთან გამოვხატე ჩემი კვლავაც ოპტიმისტური მოლოდინი იმისა, რომ მომავალ რამდენიმე დღეში მიღებული იქნება კომპრომისული გადაწყვეტილება საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის - განსაკუთრებით, ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით“.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის თანახმად, მარტინ შულცის ოპტიმისტური პროგნოზი შესაძლოა გამართლდეს. როგორც რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი იტყობინება, შეჩერების მექანიზმის საკითხს შესაძლოა 8 დეკემბერს უყაროს კენჭი ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE), თუკი 7 დეკემბერს მიღწეული იქნება კომპრომისული შეთანხმება ტრიალოგის ფარგლებში. ამ ფაქტების შესაბამისად, რიკარდ იოზვიაკი ვარაუდობს, რომ შეჩერების მექანიზმის საკითხი შეიძლება 12-15 დეკემბრის შუალედში დამტკიცდეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ბრიუსელიდან წამოსული არაერთი დაპირების თანახმად, ამას დაუყოვნებლივ უნდა მოჰყვეს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის დაგვირგვინება.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შედგა გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. როგორც მასპინძელმა აღნიშნა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველო ნატოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და მოკავშირეები ძლიერ აფასებენ ქართველი სამხედროების განსაკუთრებულ სიმამაცესა და პროფესიონალიზმს, რაც კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა ავღანეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დროს. ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობაზე შავი ზღვის რეგიონში:

„გარდა ამისა, გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად. ჩვენ შევაფასეთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა. რასაკვირველია, საქართველო, როგორც სახელმწიფო შავიზღვისპირეთში, ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, ვისთანაც თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ნატოსთვის, რადგანაც შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მთელი ალიანსისთვის, ხოლო საქართველოსთან პარტნიორობა წარმოადგენს ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს“.

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა გახდეს ნატოს წევრი და „ყველა ქვეყანას, საქართველოს ჩათვლით, რა თქმა უნდა, აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს რა გზას აირჩევს, მათ შორის - უსაფრთხოების როგორ სისტემაში ისურვებს გაწევრიანებას“.

შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე კვირა საქართველოს შიდაპოლიტიკურ სარბიელზე მწვავე დისკუსიებით გამოირჩეოდა. შესაბამისი საფუძველი კი შექმნა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური განვითარების გეგმამ, რომელიც პრემიერმა კვირიკაშვილმა საქართველოს ახლად დამტკიცებული მთავრობის პირველსავე სხდომაზე, 29 ნოემბერს, წარადგინა. ამ გეგმის თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა გაიზარდოს აქციზის გადასახადი თამბაქოს ნაწარმზე. იგივე ელის იმპორტირებულ ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებს. საზოგადოებამ შეიტყო, რომ მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა, ასევე, ეგრეთ წოდებული ლარიზაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით, რისთვისაც სახელმწიფო დამატებით 65 მილიონ ლარს გამოყოფს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს იქნება ერთჯერადი დახმარება ყველაზე დაზარალებული ადამიანებისთვის:

“ერთ კლიენტზე ერთ ბანკში 100 000 ლარამდე ნარჩენი თანხის სუბსიდია გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში. მაგალითად, თუ კურსია 2,5, მოხდება ლარში კონვერტაცია კურსით 2,30. ამ სესხებზე გაუქმდება წინასწარ დაფარვის საკომისიოც, რაც საგრძნობლად შეამცირებს ზეწოლას ლარის კურსზე. 400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, ვინც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს. ამავე გეგმით, მცირე ზომის სესხები, ახალი სესხები - 2017 წლის პირველი იანვრიდან 100 000 ლარამდე, შემდეგ წელს 200 000 ლარამდე - გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით“.

მთავრობის გეგმა ასევე გულისხმობს ონლაინ სესხების გაცემის დარეგულირებას, რასაც, წინასწარი ინფორმაციით, 6-8 თვე დასჭირდება. 29 ნოემბერს წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამას ხალხის მოტყუებად აფასებენ ოპოზიციაში, სადაც ვარაუდობენ, რომ გაუთვლელ ნაბიჯებს შესაძლოა ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო მეტად გაუფასურება მოჰყვეს.

მიმდინარე კვირაში ლარის კურსის მკვეთრმა ვარდნამ, მართალია, დროის მოკლე მონაკვეთში, მაგრამ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ხუთშაბათს რამდენიმე საათის განმავლობაში სავალუტო ჯიხურებში ერთი ამერიკული დოლარის ფასმა 2.70 ლარსაც კი მიაღწია. 2 დეკემბერს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა და ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.55 ლარი შეადგინა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG