Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად გამსახურდიას აპოთეოზი


„აპოთეოზი“ თავდაპირველი მნიშვნელობით რელიგიური შინაარსის ტერმინია და ის წინაქრისტიანულ ბერძნულ-რომაულ რელიგიებში მოკვდავად დაბადებული ადამიანის უკვდავ ღმერთად აღზევებას, მის გაღმერთებას ნიშნავს. მოგვიანებით, უკვე ახალ ეპოქაში, მან გადატანითი მნიშვნელობაც შეიძინა და შექებისა თუ ხოტბის შესხმის გამომხატველ მეტაფორად იქცა. ზვიად გამსახურდიაზე საუბრისას სწორედ პირველადი აზრი უფრო მართებული იქნებოდა, რამდენადაც იგი საქართველოს უახლეს წარსულში ერთადერთი პიროვნება მგონია, რომელმაც უკვე სიცოცხლეშივე გადააბიჯა ადამიანური ყოფის ზღვარს და ზეისტორიულ არსებად იქცა და, ვინაიდან ისტორია მოკვდავ ადამიანთა ცხოვრებას მოგვითხრობს, მასში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ადგილი არ მოიპოვება. შესაბამისად, ზვიად გამსახურდიაზე საუბარი რელიგიური ტერმინოლოგიით უფრო ადეკვატური იქნებოდა.

არც მისი ფენომენის გაგებაა შესაძლებელი მხოლოდ პოლიტიკური თვალსაწიერიდან, რამდენადაც თითქმის შეუძლებელია გამსახურდიას მოღვაწეობას რომელიმე მეტ-ნაკლებად თანამედროვე პოლიტიკური მიმდინარეობა თუ მოდელი მიესადაგოს. თვით საზოგადოებრივი მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებლის მაქს ვებერის მიერ აღწერილი „ქარიზმატული“ ლიდერი, რომელიც XX საუკუნის „ბელადების“ დასახასიათებლად იხმარება ხოლმე და რომელთა ხელისუფლებასაც, ვებერის თქმით, მათდამი ბრმადმორჩილი მასები განსაზღვრავენ, საკმარისი არ იქნებოდა გამსახურდიას და მის სახელთან დაკავშირებული მოვლენების ასახსნელად.

მისი მიმდევრები თუ თაყვანისმცემლები გამსახურდიას ხშირად ამკობდნენ ისეთი შედარებებით, როგორიცაა „წმინდა გიორგი“, „მოსე“, „მესია“ და ა.შ. მიუხედავად ასეთი ეპითეტების უკან მდგარი მლიქვნელობისა და პირფერობისა, განსაკუთრებით მის ხელისუფლებაში მყოფი თანამდებობის მქონე პირთა მხრიდან, რელიგიური შინაარსის ფრაზეოლოგია ყველაზე უკეთ გამოხატავს იმ ფენომენის არსს, რადაც გამსახურდია საქართველოს მოევლინა: არა როგორც პოლიტიკოსი ან ბელადი, არამედ როგორც მხსნელი, „მესია“.

ზვიად გამსახურდია თავად იყო ავტორი ქართული პოლიტიკური მესიანიზმისა – იმ ერთადერთი იდეოლოგიისა, რომელიც პოსტსაბჭოთა საქართველოში შეიქმნა და დღემდე მნიშვნელოვანწილად ქართული პოლიტიკური რიტორიკისა და მსოფლმხედველობის განმსაზღვრელი რჩება. მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი გამსახურდიას წარმატებაში იყო ის, რომ მასში ადამიანებმა ის დაინახეს, რაც მათ ყველაზე მეტად აკლდათ და ენატრებოდათ: ხორცად ქცეული სურვილი „ხსნისა“, ცოცხალი „ზეადამიანი“, რომელსაც ყველა მათი პრობლემის მოგვარება შეეძლებოდა, სარწმუნოების მომტანი, რომელიც მათ არსებობას შინაარსსა და საზრისს შესძენდა. გამსახურდიამ საქართველოში გააღვიძა თაყვანისცემისა და მოტივირებულობის რელიგიური ინსტინქტები, რომლებსაც ძალადაკარგული და გაქვავებული საბჭოთა სისტემა სტალინის შემდეგ ვეღარ იძლეოდა.

გასული საუკუნის 80-იანი წლების საქართველოს მოსახლეობას ტერმინი „საზოგადოება“ ძნელად თუ მიესადაგება: არსებობდა, ერთი მხრივ, შედარებით მცირერიცხოვანი მმართველი ფენა – სხვადასხვა სახის ელიტარული ჯგუფებისგან შემდგარი ქვეყნის ოფიციალური თუ „ჩრდილოვანი“ პოლიტიკური და კულტურული ნომენკლატურა და, მეორე მხრივ, ხმის უფლების არმქონე „სტატისტთა“ უზარმაზარი მასა, რომლის ფუნქციაც საბჭოთა საზოგადოებაში მხოლოდ ფონის შექმნა იყო. გამსახურდიას ძირითადი მხარდამჭერი სწორედ ეს კატეგორია აღმოჩნდა, არა იმიტომ, რომ უელიტარულესი წარმოშობის ზვიად გამსახურდია „სახალხო გმირი“ ან სოციალური თანასწორობისათვის მებრძოლი იყო, არამედ მან ის სივრცე შექმნა, სადაც სტატისტ-უმრავლესობას სცენაზე დგომისა და საკუთარი მნიშვნელოვნების განცდა მიეცემოდა. ასეთი განცდისათვის კი ადამიანებს პოლიტიკური სტრატეგიები ან ეკონომიკური პროგრამები კი არ სჭირდებოდათ, არამედ რელიგიური იმპულსი, რომელიც მათ ცხოვრებას აზრსა და მოტივაციას მიანიჭებდა.

ამის უნარი და ჰაბიტუსი კი იმდროინდელ საქართველოში აღმოაჩნდა მხოლოდ ერთ ადამიანს – ზვიად გამსახურდიას, რომელმაც შეძლო საქართველო ერთ უზარმაზარ ლიტურგიულ სცენად ექცია, რომელზე დგომაც ყველას შეეძლო, განურჩევლად სოციალური წარმომავლობისა თუ სტატუსისა. „ზვიადი, ზვიადის“ ძახილში არავინ იყო „არც მონა და არც თავისუფალი, არც ქალი და არც კაცი“, არამედ ყველა ერთი იყო, როგორც ევქარისტიის დროს ქრისტეს მისტიურ სხეულში.

გამსახურდიას საჯარო გამოსვლები ექსტატურ რელიგიურ რიტუალებს უფრო ჰგავდა, ვიდრე პოლიტიკურ სიტყვებს, მისი მეტყველება კი ქადაგებები ან შელოცვები უფრო იყო, ვიდრე თუნდაც პოლიტიკური ლოზუნგები, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა გამომხატველობას, ინტონაციას ენიჭებოდა და არა შინაარსს. გამსახურდიას სიტყვების რელიგიურ-ეზოტერული შეფერილობის შინაარსი, რომელიც მსმენელთა უმრავლესობას არ ესმოდა, მხოლოდ ხაზს უსვამდა ნანახისა და გაგონილის გონებით მიუწვდომლობას: გამსახურდიას პირით ჭეშმარიტება ღაღადებდა, რომელიც უნდა მოგესმინა და რომლის ძალითაც უნდა დამუხტულიყავი! ამის საუკეთესო ილუსტრაცია 1990 წლის 26 მაისს გამსახურდიას მიერ წარმოთქმული „საპროგრამო“ სიტყვაა, რომელიც სახარებისეული სიმბოლიკის სრულიად არაკანონიკურ, თვითნებურ ინტერპრეტაციაზე აგებული პოლიტიკური მისტიციზმის ნიმუშია, სადაც ის საკუთარ გზას აიგივებს ქრისტეს გზასთან, რომელიც „განსაწმენდელთან მიგვიყვანს“ და ვინც ამ გზას არ გაჰყვება, „ვინც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით, შეჩვენებული იყოს უკუნისამდე!“ სიტყვის დასასრულს ლოცვა-კურთხევისა თუ წყევლა-შეჩვენების ფორმულები მთელ სანახაობას აქცევს რელიგიურ ექსტაზად, რომლის კულმინაციაც ორატორის ხელში ატაცებაა. ეს ყველაფერი კი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ გამსახურდიას მისი მიმდევრები მართლაც მესიად აღიქვამდნენ, რომელსაც მათი ხსნა შეეძლო.

ამდენად, სრულიად უსუსური და არაფრისმთქმელი იყო გამსახურდიას ოპონენტთა არგუმენტები, რომ ის ავტორიტარია და განსხვავებულ აზრს არ აჭაჭანებს. განსხვავებით გამსახურდიას მიმართ სხვადასხვა სახის ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფებისა, რომლებსაც ერთმანეთი არანაკლებად სძულდათ, ვიდრე გამსახურდია, ხოლო თავისი მსოფლმხედველობითა და ლოზუნგებით არაფრით განსხვადებოდნენ არც გამსახურდიასგან და არც მისი მომხრეებისგან, „ზვიადისტებს“ განკაცებული ჭეშმარიტებისადმი რწმენა ამოძრავებდათ და არა დემოკრატიისა თუ სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის აბსტრაქტული იდეები, რომელთა შესახებ იმ დროს საქართველოში ყველას საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენები ჰქონდა. ის, რასაც „ზვიადისტობა“ ეწოდა, დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე მყოფ საქართველოში აღმოჩნდა ერთადერთი ცოცხალი სარწმუნოება, რომლის რელიგიური მუხტიც იმდენად მაღალი იყო, რომ მისი მეშვეობით ადამიანები მზად იყვნენ, თავი გაეწირათ, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკური მიზეზით ოჯახების ნგრევაზე თუ მრავალწლიანი მეგობრების ერთმანეთს გადამტერებაზე.

გამსახურდიაც და მისი ერთგული მიმდევრებიც, საბოლოო ჯამში, ამ რელიგიური სიუჟეტის სცენარში აღმოჩნდნენ, სადაც მხსნელად მოვლენილი იღუპება, მის მცნებათა აღმსარებლები კი დევნასა და შევიწროებას განიცდიან. ძალისმიერი გზით დამხობითა და ბუნდოვან ვითარებაში დაღუპვით ზვიად გამსახურდია სამუდამოდ იქცა ლეგენდად. ლეგენდები კი ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანი და მიმზიდველია, ვიდრე ისტორიული თუ პოლიტიკური ანალიზები.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG