„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის ეფექტურობა იკვლია. გამოკვლევა მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობების, სტუდენტთა აღქმებისა და დამოკიდებულებების შეფასებას. მიუხედავად იმისა, რომ თავად სტუდენტები პროგრამას უმაღლესი ქულებით აფასებენ, გამოკვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ რეალობა სხვაგვარია. ეთნიკურ უმცირესობათა მნიშვნელოვანი ნაწილი, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ქართული ენის უცოდინრობის გამო წყვეტს სწავლას.
თიკო ტყეშელაშვილი, კავკასიური ინსტიტუტის პროექტის კოორდინატორი, 2010 წელს იხსენებს, როდესაც ის ხელმძღვანელობდა იმ პროგრამას, რომელიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის - უფრო ზუსტად კი, აბიტურიენტებისათვის - ქართული ენის შესწავლის მიზნით შეიქმნა, რათა შემდგომში მათ მისცემოდათ შესაძლებლობა ჩაებარებინათ და ესწავლათ უმაღლეს სასწავლებლებში. პროგრამა ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და ნინო წმინდის მუნიციპალიტეტში სამი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ კვირაში ორჯერ ქართული ენის შემსწავლელ კურსებზე ევლოთ. როგორც თიკო ჰყვება, აბიტურიენტების ინტერესმა მათ მოლოდინს გადააჭარბა. ეთნიკურ უმცირესობებში ქართული ენისადმი ინტერესის გაზრდას თიკო ტყეშელაშვილი იმ ნაბიჯებს უკავშირებს, რომლებიც 2005 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადადგა და რასაც „საშეღავათო პოლიტიკა“ დაერქვა. ამ პოლიტიკის მიხედვით, 2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობებისათვის უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად „კვოტირების სისტემა“ დაინერგა.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაიზარდოს შესაძლებლობები, დამხმარე მექანიზმები იმისათვის, რომ სტუდენტებმა წარმატებით დაასრულონ სწავლა, რადგან ამის ეფექტი ეთნიკურ უმცირესობაზე და ინტეგრაციაზე საზოგადოებაში არის ძალიან დიდი...თიკო ტყეშელაშვილი
სისტემის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ ერთ, მშობლიურ, ენაზე ჩაბარებული ზოგადი უნარების ტესტით ხვდებიან და შემდეგ იწყებენ ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან პროგრამას, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სტუდენტს ეძლევა საშუალება სწავლა ბაკალავრიატის საფეხურზე განაგრძოს:
„სტუდენტები, ოჯახები, რომლებიც მანამდე არ ფიქრობდნენ საქართველოში სწავლის გაგრძელებაზე და სამსახურის ძიებაზე საერთოდ რომ არ ფიქრობდნენ, მათ გაუჩნდათ ამის იმედი და არსებობდა მაგალითები, ვინც მოინდომა, ჩააბარა და გაიარა მისაღები გამოცდები წარმატებით. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაიზარდოს შესაძლებლობები, დამხმარე მექანიზმები იმისათვის, რომ სტუდენტებმა წარმატებით დაასრულონ სწავლა, რადგან ამის ეფექტი ეთნიკურ უმცირესობაზე და ინტეგრაციაზე საზოგადოებაში არის ძალიან დიდი“.
სწორედ იმ ერთწლიანი მომზადების პროგრამის ეფექტურობა იკვლია ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს ქართულ ენას ასწავლის და შემდგომ უკვე საფუძველს უყრის მათ უმაღლეს განათლებას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვოტირების სისტემის შემოღება, უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, განისაზღვრა როგორც დროებითი პოლიტიკა და მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა დრო 2010 წლიდან 2018-19 სასწავლო წლის ჩათვლით. რაც შეეხება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, მისი სწავლება სავალდებულოა პირველი სასწავლო წლის განმავლობაში. შალვა ტაბატაძე, „სამოქალაქო ინტეგრაციის ურთიერთობების ცენტრის“ ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იმ საკითხებზე მიუთითებს, რომლებიც გამოკვლევისას გამოიკვეთა და როგორც „კვოტირების სისტემის“, ისე ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის ხარვეზებზე მეტყველებს. მისი თქმით, ეთნიკური უმცირესობებისათვის კვოტირებით გამოყოფილი ადგილები სრულად არ არის ათვისებული, ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს:
„მისაღებ გამოცდებზე დაბალი შედეგი, საატესტატო გამოცდების ჩაგდება და სწავლის მიტოვების მაღალი მაჩვენებელი. საბაკალავრო დონეზე სტუდენტთა დიდი ნაწილი წყვეტს სწავლას ან იჩერებს სტუდენტის სტატუსს და ძალიან დიდი პროცენტი სტუდენტებისა საბაკალავრო პროგრამის დასრულებას ვერ ახერხებს. მთავარი მიზეზი ამისა ის ენობრივი კომპეტენციაა, რომელიც ძალიან ხშირად საკმარისი არ არის საბაკალავრო დონეზე სასწავლად“.
ანუ, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები ასრულებენ ქართული ენის შემსწავლელ ერთწლიან სავალდებულო პროგრამას, მათი კომპეტენცია მაინც ვერ ხდება საკმარისი იმისათვის, რომ სტუდენტებმა სწავლა საბაკალავრო საფეხურზე ბოლომდე დაასრულონ. თუკი გამოკვლევაში მოყვანილ სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობით, უნდა ითქვას, რომ, მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წელს 156 აბიტურიენტი ჩაირიცხა, საბაკალავრო პროგრამის დასრულება კი მხოლოდ 23-მა სტუდენტმა, ანუ 14 %-მა, შეძლო. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ, გამოკვლევის თანახმად, ყველაზე მეტი აბიტურიენტი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ირჩევს სწავლის გასაგრძელებლად. ის, რომ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლას სტუდენტების ნაწილი არ ასრულებს, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, თუმცა, მისი თქმით, მხოლოდ ქართული ენის უცოდინრობა არ არის მიზეზი იმისა, რომ სტუდენტები სწავლას ან აჩერებენ, ან საერთოდ ტოვებენ:
„ქართულენოვანი და ქართველი სტუდენტებისათვისაც არსებობს უამრავი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება სტუდენტმა შეაჩეროს სწავლა ან შეწყვიტოს სწავლა. ამ შემთხვევაშიც არის ეს მიზეზები, მაგრამ აქ დამატებითი სირთულე ასევე არის ენის კარგად არცოდნა. ხშირად სწავლას წყვეტენ საყოფაცხოვრებო მიზეზებითაც. მაგალითად, საცხოვრებლად გადადიან აზერბაიჯანში ან სომხეთში, დაქორწინების გამოც ხშირად ანებებენ თავს სწავლას“.
რეალურად შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ, ერთი მხრივ, მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და, მეორე მხრივ, არ აქვთ კომპეტენცია იმისათვის, რომ თავად შეაფასონ ის გარემო და ის რესურსები, რომელიც მათ გააჩნიათ ამ მიმართულებით...ნათია გორგაძე
„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის მთავარი მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ როგორ აფასებენ ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან პროგრამას თავად სტუდენტები, როგორია მათი დამოკიდებულება ამ პროგრამის მიმართ. ამჟამად ქართული ენის ერთწლიან პროგრამაში 577 სტუდენტია ჩართული. ცენტრმა 280 სტუდენტი გამოკითხა. პროექტის მენეჯერის, ნათია გორგაძის, თქმით, გამოკითხული სტუდენტების უმეტესობა პროგრამას, პედაგოგთა კვალიფიკაციას და, რაც მთავარია, ქართული ენის ცოდნას, ხშირ შემთხვევაში, უმაღლესი და მაღალი ქულით აფასებს. ნათია გორგაძე ფიქრობს, რომ სტუდენტები ადეკვატურად ვერ აფასებენ რეალურად არსებულ სიტუაციას:
„რეალურად შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ, ერთი მხრივ, მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და, მეორე მხრივ, არ აქვთ კომპეტენცია იმისათვის, რომ თავად შეაფასონ ის გარემო და ის რესურსები, რომელიც მათ გააჩნიათ ამ მიმართულებით“.
ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის შემსწავლელი ერთწლიანი პროგრამის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ცენტრი იძლევა გარკვეულ რეკომენდაციებსაც. პირველ რიგში, მიუთითებენ, რომ აუცილებელია ქართული ენის ფლობის დონეების განსაზღვრა სტუდენტების მიღებისა და სწავლების ეტაპზე; მასწავლებელთა გადამზადება სწავლების თანამედროვე მეთოდების სათანადოდ გამოყენებისთვის; სასწავლო რესურსების მორგება მკაფიოდ განსაზღვრულ დონეებზე; კლასგარეშე აქტივობების მნიშვნელობის უკეთ წარმოჩენა სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის მოსამზადებლად და სოციალური ინტეგრაციისთვის.