ნატოს პრესმდივანმა, ოანა ლუნჯესკუმ განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ორი გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გეგმის გამო. იმ გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი რომ მოიხმარს, უარყოფით გავლენას მოახდენს რეგიონში შექმნილ ვითარებაზე და საფრთხეს შეუქმნის მის სტაბილურობასო, აღნიშნა ლუნჯესკუმ. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ზღუდავს გადაადგილების უფლებას და გავლენას ახდენს ადგილობრივ მცხოვრებთა საარსებო საშუალებაზე. ნატოს პრესმდივნის თანახმად, ალიანსი მოუწოდებს მათ, ვისი ინიციატივაც იყო გამშვები პუნქტების დახურვა, გადასინჯონ გადაწყვეტილება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თავისუფლად გადაადგილების უფლება. დღეს გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში ნატო კვლავინდებურად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ლუნჯესკუს თქმით, ნატო მოუწოდებს რუსეთს, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა საქართველოს რეგიონები სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი. გასულ კვირაში სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მარტიდან აპირებენ "საზღვარზე" ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის (ნაბაკევი-ხურჩისა და მეორე ოტობაია-ორსანტიის) დახურვას.
ნატოს პრესმდივანი შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთში გამშვები პუნქტების დაგეგმილი ჩაკეტვის გამო
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1