Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოსკარს“ 90-ე იუბილე აქვს - რა გვახსოვს მისი ისტორიიდან?


„ოსკარს” თუ „ოსკარებს“ - კინოს ბიზნესში ყველაზე ავტორიტეტულ ჯილდოს - წელს 90-ე იუბილე აქვს.

ეს ფეშენებელური კინომოვლენა 1929 წლის შემდეგ იპყრობს კინოს მოყვარულთა წარმოსახვას მთელ მსოფლიოში. 90-ე ცერემონია, რომელზეც პრემიებს ამერიკის კინოაკადემია გასცემს, ჰოლივუდში გაიმართება.

რა დაგვამახსოვრდა „ოსკარების“ ისტორიიდან?

1929: „ოსკარის“ გადაცემის პირველი ცერემონია გაიმართა 1929 წლის 16 მაისს ჰოლივუდში, რუზველტის სასტუმროში,და მას მსახიობი დაგლას ფეირბენკსი უფროსი მასპინძლობდა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში გაიმარჯვა ე.წ. „მუნჯი კინოს“ ნიმუშმა - რომანტიკულმა ფილმმა „ფრთები/Wings”, რომელშიც მოქმედება პირველი მსოფლიო ომის დროს ვითარდება.

1939: აკადემიამ ოფიციალურად დაიწყო სახელ „ოსკარის“ დარქმევა თავისი პრემიებისთვის. დაუდასტურებელი, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ამ სახელის ისტორია უკავშირდება აკადემიის ბიბლიოთეკარს, მარგარეტ ჰერიკს, რომელსაც უთქვამს, ეს სტატუეტი ბიძაჩემ ოსკარს ჰგავსო.

მილოშ ფორმანი. 25 მარტი 1985 წ.
მილოშ ფორმანი. 25 მარტი 1985 წ.

1940: ჰატი მაკდენიელი გახდა პირველი შავკანიანი მსახიობი, რომელმაც „ოსკარი“ მოიპოვა. მსახიობს პრემია გადასცეს ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „ქარწაღებულნი/Gone with the Wind." მაკდენიელი ცერემონიაზე იძულებული იყო სეგრეგირებულ, განცალკევებულ მაგიდასთან მჯდარიყო. მას შემდეგ 51 წელი გავიდა, სანამ „ოსკარს“ სხვა შავკანიანი მსახიობი ქალი მოიპოვებდა - ვუპი გოლდბერგი, ფილმისათვის „მოჩვენება/Ghost."

1953: „ოსკარები“ პირველად გადაიცა ტელევიზიით. შოუს წამყვანმა, ბობ ჰოუპმა, ეს მოვლენა აღნიშნა სიტყვებით: „ხომ ამაღელვებელია იმის ცოდნა, რომ ამ მომხიბვლელი ვარსკვლავებიდან ბევრი ამ საღამოს თქვენს სახლებში იქნება? მთელი ამერიკის მასშტაბით, დიასახლისები ქმრებს მიმართავენ: ‘პერანგი ჩაიცვი, დღეს ჯოან კროუფორდი მოდის’“.

ოსკარის ჯილდო
ოსკარის ჯილდო

1963: სიდნი პუატიე გახდა პირველი შავკანიანი მამაკაცი, რომელმაც „ოსკარი“ მოიპოვა როლისთვის ფილმში „მინდვრის შროშანები/Lilies of the Field".

1968: „ოსკარებით“ დაჯილდოების ცერემონია ორი დღით გადაიდო მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის გამო 4 აპრილს.

1969: ამ წელს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როცა საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში პრემია გაიყო. კეთრინ ჰეპბერნს პრემია მიენიჭა როლისათვის ფილმში „ლომი ზამთარში/The Lion in Winter“, ბარბარა სტრეიზანდს - როლისათვის სურათში „სასაცილო გოგონა/Funny Girl." ჰეპბერნი ცერემონიას არ დასწრებია.

მარლონ ბრანდო
მარლონ ბრანდო

1973: „ოსკარი“ მარლონ ბრანდოს ერგო ვიტო კორლეონეს როლისთვის ფილმში „ნათლია“, მაგრამ ცერემონიას ბოიკოტს უცხადებს - აპროტესტებს ამერიკელი ინდიელების დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ფილმებსა და ტელევიზიაში. ბრანდოს ნაცვლად სცენაზე გადის ამერიკელი ინდიელი აქტივისტი ქალი, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი საშინ ლიტლფეზერი, რომელიც ბრანდოს სახელით უარს ამბობს სტატუეტის აღებაზე.

2002: ჰოლი ბერი გახდა პირველი და დღემდე ერთადერთი შავკანიანი ქალი, რომელსაც „ოსკარი“ გადაეცა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „ურჩხულთა მეჯლისი/Monster’s Ball”. თავისი პრემია მან მიუძღვნა „ყველა უსახელო, უსახო არათეთრკანიან ქალს, რომელსაც ახლა შანსი მიეცა, რადგან დღეს ეს კარი გაიხსნა“.

2003: „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება/The Lord of the Rings: The Return of the King" „ოსკარების“ ისტორიაში ერთგვარი რეკორდსმენი გახდა - სურათმა პრემია მოიპოვა ყველა კატეგორიაში, რომელშიც წარდგენილი იყო. ამასთან, ის გახდა ისტორიაში მესამე ფილმი, რომელსაც 11 ოსკარი ერგო - 1997 წლის „ტიტანიკის/Titanic“ და 1959 წლის „ბენ ჰურის/Ben-Hur" შემდეგ.

რომან პოლანსკი
რომან პოლანსკი

ასევე 2003 წელს რომან პოლანსკის მიაკუთვნეს საუკეთესო რეჟისორის „ოსკარი“ ჰოლოკოსტის შესახებ გადაღებული ფილმისთვის „პიანისტი/The Pianist”, თუმცა მან ლოს ანჯელესში ჩასვლა ვერ შეძლო. აშშ-ში მას სისხლის სამართლებრივი ბრალდება ელოდა 1977 წელს არასრულწლოვანის გაუპატიურების გამო. აუდიტორია მის „ოსკარს“ ფეხზე ადგომითა და ოვაციებით შეხვდა.

2009: კეთრინ ბიგელოუ გახდა პირველი ქალი, რომელსაც „ოსკარი“ სარეჟისორო ნამუშევრისთვის ერგო, ფილმისათვის „ქარიშხლის მბრძანებელი/The Hurt Locker".

2016: რიგით მეორე წელს მსახიობის ნომინაციებში წარდგენილი ოცივე კანდიდატი თეთრკანიანია, რაც იწვევს მწვავე კრიტიკას და სოციალურ მედიაში გაჩენილ ჰეშტეგს #OscarsSoWhite. პროტესტის პასუხად, აკადემია აცხადებს, რომ გეგმავს გააძლიეროს ქალთა და უმცირესობათა წარმომადგენლობა.

ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალი. 2016 წ.
ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალი. 2016 წ.

2017: „მთვარის შუქი/Moonlight" გახდა პირველი ფილმი, რომელშიც მხოლოდ შავკანიანი მსახიობები თამაშობდნენ და რომელმაც „ოსკარი“ საუკეთესო ფილმის ნომინაციაში მიიღო, თუმცა პირველ წუთებში, კულისებში არეული კონვერტების გამო, გამარჯვებულ ფილმად გამოაცხადეს მიუზიკლი „ლა ლა ლენდი/La La Land".

მასალა მომზადებულია სააგენტო „როიტერსზე“ დაყრდნობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG