აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა, დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა და რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 19 ოქტომბერს გამართულ ფინალურ ტელედებატებში, რუსეთის პრეზიდენტის გამო, ცხარედ იდავეს. ჰილარიმ თავის მეტოქეს უწოდა პოტენციური „თოჯინა“, რომელიც, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, პუტინს თეთრ სახლში ეყოლება. პასუხად რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ, ამერიკული მედიისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილის ძალისხმევით, საპრეზიდენტო არჩევნები „ყალბდება“, რათა მან არ გაიმარჯვოს არჩევნებში. კლინტონ-ტრამპის ბოლო სატელევიზიო დებეტების შესახებ გვესაუბრება კობა ლიკლიკაძე.
8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, დონალდ ტრამპმა და ჰილარი კლინტონმა დასკვნითი დებატები ნევადის შტატის ქალაქ ლას ვეგასის უნივერისტეტში გამართეს. ბოლო დებატების წინ, რესპუბლიკელთა კანდიდატმა საგრძნობლად დაკარგა საზოგადოების მხარდაჭერა, მის მიერ ქალების მისამართით გამოთქმული უცენზურო შეფასებების გამო. 7 ოქტომბერს „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა 11 წლის წინანდელი ვიდეო, რომელშიც ტრამპი უცენზურო სიტყვებით ლაპარაკობს ქალებზე. ამას მოჰყვა მორიგი სკანდალი – 41 წლის ამერიკელმა ქალმა, რომელიც მილიარდერის რეალიტი შოუში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ 2006 წელს ტრამპმა ის სამსახურში შესაძლო აყვანისთვის გასაუბრებაზე მიიპატიჟა და ეცადა ინტიმურ კავშირზე დაეყოლიებინა იგი. კიდევ ერთმა ქალმა უამბო „ვაშინგტონ ტაიმსს“, რომ მსგავსი ინციდენტი მოხდა 1990-იან წლებში ნიუ-იორკის ღამის კლუბში, სადაც ის მიმტანად მუშაობდა. ეს ბრალდებები ერთ-ერთმა ქალმა პარასკევს წარმოადგინა ლას-ვეგასში გამართულ პრესკონფერენციაზე, რაც წინ უძღოდა ზემოხსენებულ დებატებს, რომელზეც ტრამპის მეტოქე ჰილარი კლინტონმა განაცხადა, დონალდ ტრამპი ფიქრობს „ქალების დამცირება მას დიდად წარმოაჩენსო“. ჰილარი კლინტონმა ვლადიმერ პუტინის პოტენციური მარიონეტი უწოდა დონალდ ტრამპს, რომელიც რუსეთის სურვილების შესრულებას ცდილობს.
„ცხადია, თქვენ არ აღიარებთ, რომ რუსეთმა კიბერთავდასხმა განახორციელა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, რომ თქვენ მოუწოდეთ მათ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჯაშუშობისკენ, რომ თქვენ გსურთ გააჟღეროთ პუტინის ხაზი, სურვილები შეუსრულოთ მას, დაშალოთ ნატო, გააკეთოთ ყველაფერი, რაც მას სურს“.
რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა უარყო ეს ბრალდებები და თქვა, რომ არ იცნობს პუტინს. თუმცა, ტრამპმა აშშ-სათვის პრობლემა უწოდა იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ სცემს პატივს არც კლინტონს და არც ბარაკ ობამას.
„მას ღია საზღვრები სურს. ახლა პუტინზე შეგვიძლია ვისაუბროთ. მე არ ვიცნობ პუტინს. მას ჩემზე კარგი რაღაცები აქვს ნათქვამი. თუ კარგი ურთიერთობა გვექნება, ეს კარგი იქნება. თუ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს კარგი ურთიერთობა ექნებათ და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოლებენ, ეს კარგი იქნება. პუტინი კლინტონს პატივს არ სცემს. ის პატივს არ სცემს ჩვენს პრეზიდენტს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე ვართ. ვინაიდან ჩვენ ვართ ქვეყანა უზარმაზარი რაოდენობის ბირთვული ქობინებით. მათი რიცხვი 1800-ა, სხვათა შორის. მათ გაზარდეს რიცხვი, ჩვენ – არა. 1800 ბირთვული ქობინა, ეს კი სახიფათო თამაშს თამაშობს. როგორც მე ვხედავ, პუტინი პატივს არ სცემს ამ პიროვნებას“.
ლას ვეგასის უნივერისტეტში გამართული დებატების დროს რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ ამერიკული მედიისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის ძალისხმევით საპრეზიდენტო არჩევნები „ყალბდება“, რათა მან არ გაიმარჯვოს არჩევნებში. თუმცა, დონალდ ტრამპმა თავი აარიდა პასუხს შეკითხვაზე, აღიარებს თუ არა იგი 8 ნოემბრის არჩევნების შედეგებს.