Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ყოველთვის, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკანონო საზღვრის აღმნიშვნელ მორიგ ბანერს აღმართავენ ცხინვალთან გამავალი ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე რომელიმე ქართულ სოფელზე, საქართველოში ნამდვილი კოშმარი იწყება. ოკუპანტების მორიგი თავხედობის, საკუთარი ხელისუფლების უმოქმედობის თუ ამის შედეგად საერთაშორისო საზოგადოების წაყრუების გამო წლების განმავლობაში დაგროვილი ბრაზი და შეურაცხყოფის გრძნობა უეცრად აზვირთდება, დომინოს პრინციპით ერთბაშად შემოუვლის საზოგადოების ყველა ჯგუფსა და ფენას, მძლავრად შეიჭრება საინფორმაციო სივრცეში და მედიასაშუალებებს კარგა ხნით ამყოფებს საგანგებო რეჟიმში. ცხადია, „მეოთხე ხელისუფლებაც“ არ უშვებს ამ შანსს ხელიდან და ვრცელ საეთერო დროს უთმობს „მცოცავი ანექსიის“ მორიგ ფაქტს, არცთუ იშვიათად იმ ექსპერტებისა თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაუსრულებელი ჩართვებით, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც დააკანონა მოსკოვმა დღევანდელი ოკუპაცია, ანუ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა აფხაზეთი და ყოფილი სამხრეთ ოსეთი.

მაგრამ დროთა განმავლობაში ემოცია ცხრება და ჩვენც დაღლილები და დაქანცულები ვუბრუნდებით ყოველდღიურ ყოფას, ოღონდ ერთმანეთზე კიდევ უფრო გაბოროტებული და გადამტერებულები. გვიჭირს საკუთარ თავს გამოვუტყდეთ, რომ ასეთი პიარ-აქციები ამჯერადაც უშედეგო აღმოჩნდა: ოკუპაცია ისევ იქაა, სადაც იყო; არ ისმის საერთაშორისო საზოგადოების ხმა და დუმს საერთაშორისო მედია, რომლისთვისაც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე გაჭიანურებულმა კონფლიქტმაც კი დაკარგა ინტერესი სირიასა და ერაყში მიმდინარე სასტიკი ბრძოლების ფონზე. სულ ბოლოს გაირკვევა ისიც, რომ პატრიოტული შემართებით მოგლეჯილი საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ძველ ადგილას დაუბრუნებიათ, ახლა უკვე ორმაგი მავთულხლართებითა და კბილებამდე შეიარაღებული რუსი მესაზღვრეებით, რომლებიც, „პატრიოტთა“ მხრიდან წამოსული გინებისა და შეურაცხყოფისათვის შემდეგ აუცილებლად რომელიმე ბერშუეთელ თუ ახმაჯელ გლეხს აგებინებენ პასუხს!

აბა, რა ვქნათ? როდემდე უნდა ვითმინოთ და ვუყუროთ ასე მშვიდად ოკუპანტების ამ თავგასულობას? გარედან იოლია ლაპარაკი... აბა, ერთი ჩვენ გვკითხე?! - ისმის უამრავი ჩემი თანამემამულის აღშფოთებული შეძახილი. მათი ნაწილი გაუბედაობასა და უმოქმედობაში სდებს ბრალს საქართველოს მთავრობას, რომელიც ძალიან დიპლომატიური ნაბიჯებით სცემს პასუხს საოკუპაციო ძალების მორიგ თვითნებურ მოქმედებას.

არც გაემტყუნება. ახლო წარსულში არა მხოლოდ გაბედული, არამედ თავზეხელაღებული მოქმედების არაერთი მაგალითი ყოფილა. თუმცა ესეც დღემდე დიდ დავას იწვევს საქართველოში, სადაც პატრიოტიზმის სახელით ყოველგვარი ავანტიურის შეფუთვაა შესაძლებელი.

გულახდილად ითქვას, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ოკუპირებულ ქვეყანას, ისეთს, როგორიც საქართველოა, რაღაც მომენტში შეუძლია უარი თქვას ე.წ. სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაზე, გამოვიდეს ცეცხლის შეწყვეტის ცალმხრივი შეთანხმებიდან და სამხედრო გზით დაიწყოს მიტაცებული მიწების დაბრუნება, პირველ ეტაპზე, ვთქვათ, ახალგორიდან.

დამერწმუნეთ, არ გავა ერთი საათიც, რომ მთელი საერთაშორისო მედია საქართველოში იქნება და საქართველოს ოკუპაციის საკითხიც მთელი ძალით დაბრუნდება „საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში“. ოღონდ რა იქნება ამის საფასური, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

სხვათა შორის, მახსოვს, ერთ-ერთი მორიგი უკანონო „ბორდერიზაციის“ დროს ეს იდეა თბილისში ერთ ძალიან სერიოზულ შეკრებაზე მყოფ სერიოზულ ექსპერტებს შორისაც დადგა განსახილველად. მათ შორის მრავლად იყვნენ ისეთები, რომლებიც ერთხმად მოუწოდებდნენ და ნაწილი ახლაც მოუწოდებს ხელისუფლებას „უფრო აქტიური ქმედებისკენ“. მახსოვს, რომ ყველამ ხელები გაასავსავა და მოვლენათა განვითარების ასეთ სცენარს ერთხმად „სახიფათო“ და „ავანტიურისტული“ უწოდა.

საწყენი ისაა, რომ ასეთი ჭკვიანი ხალხი საჯაროდ, ტელეკამერების წინ, ზოგჯერ ერიდება საუბარს იმაზე, რომ, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, საოკუპაციო საზღვრის გასწვრივ განხორციელებულ რუსეთის პროვოკაციულ ნაბიჯებზე საქართველოს არა აქვს და არც მომავალში ექნება უფრო მართებული და, საერთაშორისო თვალსაზრისით, უფრო მისაღები პასუხი, დასახული მიზნის მისაღწევად აუცილებელი, სტრატეგიული მოთმინების გარდა.

პირველკურსელებს უნივერსიტეტში უკვე რამდენი ხანია ასეთ დავალებას ვაძლევ; ვირჩევთ ერთ რომელიმე წელს ვიკიპედიიდან, რასაც უნდა მოჰყვეს სტუდენტის არჩევანი - ამ წლის ერთი რომელიმე მოვლენა, რომელიც ამავე წელს დასრულებულ ფილმში აღიბეჭდა. კონკრეტულად მოვლენა, ცხადია, მხატვრულ კინოში ასე უცბად ვერ გამოიხატებოდა, მაგრამ კინოს ისტორიამ არაერთი შედევრი იცის (ამ მხრივ ჟან რენუარის „დიდი ილუზია“ უბრალოდ სასწაულია), რომლის ავტორმა გაუსწრო დროს და იწინასწარმეტყველა მოვლენები. გარდა ამისა, კინო ზუსტად გამოხატავს ხოლმე განწყობას, რომელიც კონკრეტულ ეპოქაში იგრძნობა ამა თუ იმ ქვეყანაში, საერთოდ, სამყაროში.

სტუდენტებს დავალება მოსწონთ - გადახედავენ ისტორიას და, რაც მთავარია, უყურებენ ფილმებს. თუმცა მოგვიანებით ირკვევა, რომ საშუალო სკოლა საერთოდ არ ასწავლის მათ „ისტორიულ აზროვნებას“... არა მხოლოდ ისტორიის სიყვარულს, არამედ ფაქტების დაკავშირების, გაერთიანების და განცალკევების, ზოგადად, კვლევის უნარს. შემოქმედებით აზროვნებაზე რომ არ ვთქვათ არაფერი. თუმცა საშუალოსკოლადამთავრებულ ყმაწვილებს რას ვერჩით, როცა ისტორიზმი წლების მანძილზე იყო ქართული კინოს პრობლემა. ”მარადიულ თემებთან” ჭიდილში ქართველ კინემატოგრაფისტებს არაერთხელ დავიწყებიათ, რომ კინო „ფიზიკური რეალობის რეაბილიტაციაა“, დროის შენახვაა, ანუ ძალიან კონკრეტული სახეების ხელოვნებაა. დროის და სივრცის კონსტრუირება კინოფილმს მხატვრულ ნაწარმოებად აქცევს. ესაა სწორედ შემოქმედება, რომლისაც ასე ეშინიათ ხოლმე საქართველოში.

„თვითმფრინავის საქმე“ ჩვენთვის, ქართველებისთვის, 1983 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა სპეციალური კომისიაც კი შექმნა ვიქტორ დომუხოვსკის ხელმძღვანელობით, რათა სიმბოლურად მაინც აღედგინა სამართლიანობა და დახვრეტილი ახალგაზრდების ოჯახები ენუგეშებინა. შემდეგ იყო „ჯინსების თაობა“, დათო ტურაშვილის წარმატებული წიგნი, და ამ წიგნის მიხედვით დადგმული სპექტაკლი, რომელმაც „თვითმფრინავის ბიჭების“ რომანტიკული სახეები შექმნა. 2001 წლის მაისში, როცა დოიაშვილის ამ სპექტაკლის პრემიერა შედგა „თავისუფალ თეატრში“, მოთხოვნილება ინფანტილურ (მაგრამ რომანტიკულ!) ახალგაზრდებზე გარკვეულ განწყობებსაც ამკვიდრებდა ქვეყანაში - განწყობებს, რომლებიც ორი წლის შემდეგ „ვარდების რევოლუციით“ დაგვირგვინდა.

მაგრამ დავუბრუნდეთ 1983 წელს და წარმოვიდგინოთ, რომელ მოვლენებს გამოყოფდნენ სტუდენტები ჩვენს დავალებაში.

  1. იანვარში რეიგანმა 1983 წელი გამოაცხადა „ბიბლიის წლად“.
  2. 8 მარტს საბჭოთა კავშირი „ბოროტების იმპერიად“ გამოცხადდა.
  3. 1 აპრილს საბჭოთა კავშირში დაარსდა ”ანტისიონისტური კომიტეტი“. ქვეყანაში ოფიციალურად დამკვიდრდა ანტისემიტიზმი.
  4. ატენბოროს ფილმი „განდი“ 8 „ოსკარის“ ლაურეატი გახდა.
  5. ამერიკელმა გოგონამ, სამანტა სმითმა, მოსწავლემ, რომელმაც ატომური ომის საშიშროებაზე დაწერა, იური ანდროპოვისგან ოფიციალური მიწვევა მიიღო.
  6. მარგარეტ თეტჩერმა და კონსერვატორებმა გაიმარჯვეს დიდ ბრიტანეთში გამართულ არჩევნებში.
  7. რომის პაპი, იოანე პავლე მეორე ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა პოლონეთს და შეხვდა ლეხ ვალენსას. ერთ თვეში იარუზელსკიმ გამოსცა ბრძანება სამხედრო მდგომარეობის გაუქმების შესახებ და გაათავისუფლა პოლიტპატიმრები.
  8. 1 სექტემბერს საბჭოთა რაკეტამ ჩამოაგდო სამხრეთ კორეის სამგზავრო თვითმფრინავი. დაიღუპა 269 ადამიანი.
  9. ოქტომბერში საქართველომ იზეიმა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი.

ეს, რაც ზუსტად ვიცით.

ყველა ამ ფაქტის გაუთვალისწინებლად ჩვენ ვერ გავიგებთ და ვერ ჩავუღრმავდებით ტრაგედიას, რომელიც მოხდა 1983 წლის ნოემბერში და ისევ დავრჩებით რომანტიკული ილუზიების ამარა, ანდა გადავიღებთ „ანტისაბჭოთა ფილმს“ (რაც, დამეთანხმებით, საბჭოთა კავშირის დანგრევიდან ამდენი წლის შემდეგ, შემოქმედებითი გმირობა ნამდვილად არაა). მით უმეტეს, რომ თვითმფრინავის გამტაცებლები მიეკუთვნებოდნენ იმ სოციალურ ჯგუფს, რომელიც მეტ-ნაკლებად უკეთ იყო საქმის კურსში, თუ რა ხდებოდა მსოფლიოში. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ „ცივი ომის“ პერიოდში დასავლეთმა მნიშვნელოვანი თანხა დახარჯა „მტრული რადიოსადგურების“ ტექნიკური ხარისხის გაძლიერებაზე, საბჭოთა კავშირმა თავად დაიწყო ვიდეომაგნიტოფონების წარმოება და შავ ბაზარზე უკვე თავისუფლად შეიძენდით დასავლური ცხოვრების, ყოველდღიური ყოფის ამსახველ ფილმებს... ანუ სწორედ იმას, რისიც ყოველთვის ეშინოდა საბჭოთა ცენზურას. მათ შორის, ვნახავდით, როგორ ცხოვრობდა ე.წ. „მომხმარებლური საზოგადოება“ ევროპასა და ამერიკაში - რას ყიდულობდნენ, რას ჭამდნენ, რას სვამდნენ, როგორი მანქანები ჰქონდათ და როგორ იცვამდნენ... სავარაუდოდ, იმ წრეს, რომელსაც მიეკუთვნებოდნენ „თვითმფრინავის ბიჭები“ , არც ამ ფილმების ნახვა გაუჭირდებოდათ, არც ფირფიტების შეძენა და არც ანტისაბჭოთა ლიტერატურის გაცნობა... ამ წრის ახალგაზრდებს ბოლოს და ბოლოს მშობლები ჰყავდათ - პარტიული და სახელოვნებო ელიტა, გამოჩენილი ექიმები, მეცნიერები, რომელთაც, სხვებისგან განსხვავებით, დასავლეთში მოგზაურობის საშუალება ჰქონდათ. რას უამბობდნენ მამები თავიანთ შვილებს საბჭოთა საქართველოში დაბრუნების შემდეგ? როგორი საჩუქრები ჩამოჰქონდათ მათთვის? როგორ დასავლეთს ქმნიდნენ ისინი ამ ყმაწვილების წარმოდგენაში?

იური ანდროპოვის მმართველობის 1983 წელი ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივია საბჭოთა კავშირის ისტორიაში. ხელისუფლების სათავეში ანდროპოვის მოსვლისთანავე ინტელიგენცია, რომელსაც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ სჯერა 60-იანი წლების „ოტტეპელის“ იდეების, ხშირად კმაყოფილი იმეორებს, რომ ცეკას პირველ მდივანს „ჯაზი და ამერიკული ლიტერატურა უყვარს“, თუმცა ისიც ახსოვს, რომ იური ანდროპოვი კრემლის სათავეში კაგებედან მოვიდა და სწორედ ანდროპოვის სახელს უკავშირდება 1956 წლის ამბოხების სისხლიანი ჩახშობა უნგრეთში. ამ კონტექსტში შეიძლება წარმოვიდგინოთ ედუარდ შევარდნაძეც - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელმაც „ქართული ცეკას“ მდივნობა კორუფციასთან ბრძოლით და ინტელიგენციასთან არშიყით დაიწყო. ეს იდეოლოგიური ქაოსი - ეს „კარიკატურის კარიკატურა“, სისტემის სრული ლპობა, ყველაზე უფრო სწორედ საბჭოთა-ბურჟუაზიულ ოჯახებში წარმოჩინდა. თუმცა ამ სოციალური წრის (თუ უკვე კლასის?) ქართული გამოვლინება მაინც განსაკუთრებული მგონია. აბსოლუტურად შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ 1983 წლის მოსკოვში, ლენინგრადში, შუა აზიის თუ ბალტიის რესპუბლიკებში, „ცნობილი ადამიანების“ შვილებს თვითმფრინავი გაეტაცათ და მათი სიცოცხლის დასაცავად ლამის მთელი (!) ინტელიგენცია გამოსულიყო.

მოგვიანებით ედუარდ შევარდნაძე იტყვის, რომ „თვითმფრინავის საქმეს“ არასდროს აპატიებს თავის თავს. სინამდვილეში შევარდნაძემ ბრწყინვალედ გამოიყენა ეს ტრაგედია. და არა იმდენად კარიერისთვის. არა, შევარდნაძემ მიაღწია ზუსტად იმას, რასაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა. ორივემ, როგორც ჩანს, იგრძნო „ელიტის“ მართვისა და მანიპულაციის სიამოვნება. ივანიშვილისგან განსხვავებით, შევარდნაძეს არ ჰქონდა ფული. მაგრამ ჰქონდა ძალაუფლება და უკან ედგა ძლევამოსილი კაგებე, რომელიც მართლაც რომ სადისტურად მოქმედებდა: წლების მანძილზე ავრცელებდა ხმებს, რომ „ბიჭები ცოცხლები იყვნენ“, რომ „აღმოჩენილია მათი საფლავი“... თავად შევარდნაძე, როგორც ამბობენ, იბარებდა შეწყალების ქაღალდზე ხელის მომწერ ელიტას და კატეგორიულად სთხოვდა უკან წაეღოთ ხელის მოწერები. ქართული საზოგადოება კი ერთობოდა იმაზე მსჯელობაში, ვინ დათანხმდა ცეკას მდივანს და ვინ არა... ყველაფერი ეს ინტელიგენციის „გასვრის“, მათი დისკრედიტაციის და, თუ გნებავთ, მათზე შურისძიების არაჩვეულებრივი საშუალება გამოდგა... აგერ გიგა ლორთქიფანიძე, რომლის ფილმის „წიგნი ფიცისას“ გადაღება სწორედ ამ ავბედით 1983 წელს დასრულდა, გმირი გამოვიდა ხალხის თვალში - უარი თქვა ხელისმოწერის უკან წაღებაზე... სამაგიეროდ მთელი სია იყო მართლაც რომ ნიჭიერი ადამიანებისა, რომლებმაც უკან დაიხიეს.

მთელ ამ ტრაგედიაში მთავარი ისაა, რომ ქართულ არტისტულ და სამეცნიერო ელიტას „თვითმფრინავის საქმემდე“ არასდროს, აი მართლაც რომ არასდროს გამოუცხადებია სოლიდარობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სიკვდილით დასჯა ელოდა. ქართულ ელიტას ეს ხალხი არასდროს აინტერესებდა. შესაბამისად, მათ წარმოდგენაში „თვითმფრინავის საქმის“ მსხვერპლი გახდა „პროფესორის ბიჭი“, „გამოჩენილი ხელოვანის ბიჭი“, მაგრამ არა ამ თვითმფრინავის პილოტი, არა ბორტგამცილებელი. მით უმეტეს, რომ ეს ხალხი, როგორც მახსოვს, ეთნიკურ უმცირესობას მიეკუთვნებოდა. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? რა ვიცით მათ შესახებ? სად ცხოვრობდნენ? სადღაც ახლადაშენებული მიკრორაიონის კორპუსში? იქაურ „ლვოვის პროექტებში“? რატომ არ გამოუცხადა სოლიდარობა დაღუპულებს ჩვენმა, საბჭოთა ინტელიგენციამ?

შეზღუდული სივრცის პრობლემა და პროვინციალიზმი არახალია ქართული კულტურისთვის. კათარზისი ვერ მოჰყვება ტრაგედიას, თუკი სივრცე არ გაიხსნა და ტრაგიკული ფაქტი არ განზოგადდა. ამდენი წელი გავიდა „თვითმფრინავის საქმის“ დასრულებიდან და ვერანაირად ვერ შევძელით ამ ტრაგედიის მიზეზების დადგენა. აგერ, ზევით, 1983 წლის ფაქტები ჩამოვთვალე. რა ვიცით ჩვენ, რომელმა ფაქტმა ან რომელი ფაქტების კომბინაციამ იმოქმედა „ჯინსების თაობის“ გადაწყვეტილებაზე, დაეტოვებინათ ის შეზღუდული სივრცე, რომელშიც მათ ძლევამოსილი მამები აცხოვრებდნენ? აგერ მხატვრული ფილმი გადაიღეს „მძევლებზე“ და რა ვნახეთ? კლიშეებით გადატვირთული, ჟანრულად გაუმართავი ამბავი ტყავისქურთუკიანი კაგებეშნიკებით და ლენინის პორტრეტებით მათ კაბინეტებში, მსახიობი-მოდელებით და მათ გვერდით „სტანისლავსკის სტილში“ წარმოდგენილი თეატრის მსახიობებით, რომლებიც მხოლოდ ამკვიდრებენ და აძლიერებენ „ჯინსების თაობაზე“ შექმნილ მითებს.

დღეს საქართველოში მოვიდა ახალი თაობა, რომელმაც ნამდვილად დაიწყო ამ შეზღუდული სივრციდან გამოსვლა. აქციაზე, რომელმაც ასე შეაშინა ხელისუფლება, უკვე გვესმოდა მოწოდება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვუცხადოთ სოლიდარობა მხოლოდ ერთ პატარა ჩაგრულ ჯგუფს, უნდა ვიბრძოლოთ საერთოდ ჩაგვრის წინააღმდეგო. ეს ნორმალური და კარგი რეაქცია იყო, იმედის მომცემი რეაქცია. შესაძლებელია ამიტომაც შეეშინდა ხელისუფლებას და ნაწილობრივ მაინც დაიხია უკან.

მაგრამ

ადამიანის ხედვა შეზღუდულია. ჩვენ გვაღელვებს ის, რასაც ჩვენი თვალი ხედავს და არა ჩვენი ზურგი. ჩვენ შეგვიძლია, ცხადია, გავეშუროთ ტყიბულსა და ჭიათურაში. პლაკატებით და მეგაფონებით. მაგრამ ვერასდროს გავუგებთ ბოლომდე იმ მეშახტეებს, თუკი ჩვენი სოლიდარობა მხოლოდ „ექსკურსიის“ სახეს მიიღებს. აგერ რობერტ ფლაერტი თავის დროზე, გადასახლდა ჰუდსონის ნაპირზე, 16 თვე ესკიმოს ნანუკთან ერთად იცხოვრა. სხვა საქმეებს თავი დაანება და თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დრო ნანუკის ცხოვრების ამსახველ ფილმს დაუთმო. მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინოდა ზედაპირულობის. მხოლოდ იმიტომ, რომ იცოდა, ზედაპირულობა კლავს სოლიდარობის და ჰუმანიზმის იდეას და არანაირად არ გაძლევს საშუალებას მიაღწიო... რა ვიცი, შესაძლებელია, ყველაზე მთავარს ცხოვრებაში - დაინახო ზურგით.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG