Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 14 ივლისი. See content from before

კვირა, 9 ივლისი 2017

ახლახან რადიო თავისუფლების საიტზე გამოქვეყნდა ინტერვიუ ტიმოთი სნაიდერთან. ამ ინტერვიუში ისტორიკოსი შოას (ჰოლოკოსტის) მიზეზებზე საუბრობდა. სავარაუდოდ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ ინტერვიუდან იყო სნაიდერის დასკვნა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთის ორმაგი ოკუპაცია გახდა შოას განხორციელების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. პოგრომი ლვოვში, რომელიც დაიწყება 1941 წლის ივნისის მიწურულს, სნაიდერის ამ დებულების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

(მკითხველს შევახსენებ, რომ აღმოსავლეთ გალიცია და მისი დედაქალაქი ლვოვი რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დადებამდე პოლონეთის ტერიტორია იყო).

1941 წლის 27-28 ივნისს საბჭოთა ხელისუფლება თავქუდმოგლეჯილი გაიქცევა ოციოდე თვის წინ წითელი არმიის მიერ ოკუპირებული ლვოვიდან. პატიმრების ევაკუაციის შეუძლებლობის გამო, გაქცევის წინ ნკვდ დახვრეტს ლვოვის ციხეებში გამომწყვდეულ ტუსაღებს. ამ დახვრეტილი პატიმრების დიდ ნაწილს უკრაინელ ნაციონალისტთა ჯგუფი შეადგენდა.

30 ივნისს, გამთენიისას, ლვოვის ტერიტორიაზე უბრძოლველად შევა ვერმახტის მე-17 არმია. ციხეებში დახვრეტილი პატიმრების აღმოჩენისას, არმიის სარდლობა იმავე საღამოს გააგზავნის ბერლინში ტელეგრამას ლვოვში ჟურნალისტებისა და ფოტოკორესპონდენტების სასწრაფოდ გაგზავნის თხოვნით: „ციხეებში მოკლულების რაოდენობა იმდენად დიდია და რა პირობებშიც ეს მოხდა, იმდენად საშინელი, რომ აუცილებელია ამ ფოტოების პროპაგანდისტული მიზნებისათვის გამოყენება. საეჭვოა, რომ ჩვენ ოდესმე კიდევ წავაწყდეთ პროპაგანდის მიზნებისათვის ისეთ სახარბიელო ფოტოებს, როგორც ლვოვში“. იმავე ღამეს არმიის სარდლობა მიიღებს პასუხს, რომ ჰიტლერმა სამხედროებს ნებართვა მისცა, ლვოვში ჟურნალისტები გაეგზავნა.

„პრესისა და კინოს საშუალებით დაიწყო დიდი პროპაგანდისტული კამპანია ბოლშევიზმის წინააღმდეგ“ - ჩაწერს გებელსი 6 ივლისს თავის დღიურში.

„საღამო. ‘ვოხენშაუ’, რომელშიც აჩვენებენ ლვოვში ჩადენილ ბოლშევიკურ ბარბაროსობას. გრანდიოზულია! ფიურერმა დამირეკა და მითხრა: ეს არის საუკეთესო ‘ვოხენშაუ’ რომელიც ოდესმე გაგვიკეთებია“ - ჩაწერს გებელსი თავის დღიურში ორი დღის შემდეგ.

მაგრამ ‘ვოხენშაუს’ საშუალებით საერთაშორისო აზრის მობილიზაციამდე ნაცისტები დაიწყებენ უკრაინელი ნაციონალისტების მობილიზებას. 1941 წლის ივნისის მიწურულს ლვოვში გერმანულ ნაწილებთან ერთად შევა ასევე სტეპან ბანდერას ოუნ-ის წევრებისგან შემდგარი ბატალიონი „ნახტიგალი“. „ნახტიგალი“ ნაცისტების მიერ ფორმირებული სამხედრო შენაერთი გახლდათ. ამ ბატალიონის წევრები, გამოზრდილნი დმიტრო დონცოვისა და სტეპან ბანდერას ფაშისტურ იდეებზე, ძალიან კარგად გაითავისებენ ნაცისტურ მითს იუდეური ბოლშევიზმის შესახებ. ლვოვში დახვრეტილი პატიმრების ნახვისას უკრაინელი ნაციონალისტები გამოიტანენ დასკვნას, რომ ამ საშინელ დანაშაულში ბრალი ებრაელებს მიუძღვით. (სინამდვილეში ლვოვის ციხეებში პატიმრების დახვრეტის გადაწყვეტილების მიმღებს ან შემსრულებელს შორის არც ერთი ებრაელი არ იყო). ლვოვში შესვლის პირველი დღიდან „ნახტიგალი“, გერმანელ სამხედროებთან ერთად, დაიწყებს ლვოვის ებრაული მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ ჟლეტას. 2 ივლისს ლვოვში უკვე ჰიმლერის ერთ-ერთი აინზაცკომანდო შევა. ამ აინზაცკომანდოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი შესაბამის ჩანაწერსაც კი დატოვებს საკუთარ დღიურში: „ჩვენი ჩამოსვლიდან ცოტა ხანში დავიწყეთ ებრაელების დახვრეტა. როგორც ხშირად, ამჯერადაც, რამდენიმე ახალბედა ოფიცერი იმწამსვე მეგალომანი გახდა: ისინი მთელი გულით და სულით შევიდნენ როლში“ – 2 ივლისის ჩანაწერი. „დღეს ხუთასი ებრაელი გავამზადეთ დასახვრეტად. (...) მათ რვაასი ადამიანი ჩახოცეს აქ“ – 3 ივლისის ჩანაწერი.

აინზაცკომანდოს ამ წევრის მსგავსად უკრაინაში დღესაც ბევრია დარწმუნებული, რომ ლვოვში პატიმრები ებრაელებმა ჩახოცეს. ლვოვის პოგრომის გარშემო შექმნილი მითი ებრაელობაზე, როგორც ბოლშევიზმთან მასობრივად კოლაბორაციონისტ ხალხზე, დღესაც ძალიან პოპულარულია კიევში (უკრაინის გენპროკურორის მიერ 94 წლის უკრაინელი ებრაელი ბორის სტეკლიარის წინააღმდეგ აღძრული საქმე ამის ერთ-ერთი ბოლო მაგალითია).

მაგრამ რიცხვებს რომ შევხედოთ, სულ სხვა სურათს დავინახავთ: 1939 წელს აღმოსავლეთ გალიციაში მცხოვრები 5,1 მილიონი ადამიანიდან 60% იყო უკრაინელი, 29% პოლონელი და 10% ებრაელი. ნკვდ-ს მიერ აღმოსავლეთ გალიციაში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში (1939 წლის შემოდგომიდან 1941 წლის ზაფხულამდე) რეპრესირებული მოსახლების რიცხვები გვიჩვენებს, რომ დაპატიმრებულების 39,5%-39,5% პოლონელი და უკრაინელი, ხოლო 21% ებრაელი იყო. ანუ თუ ებრაელი იყავი, 1 შანსი გქონდა 65-დან, დაპატიმრებული ყოფილიყავი, მაშინ როცა პოლონელობის შემთხვევაში 1 შანსი 100-დან, ხოლო უკრაინელობის შემთხვევაში 1 შანსი 200-დან - ნკვდ-ს ციხეში მოხვედრისა. რაც შეეხება ლვოვის ბოლშევიკური პარტიის ქალაქის საბჭოს, ანუ საბჭოთა ძალაუფლების სიმბოლოს აღმოსავლეთ გალიციაში, 1941 წელს იქ მხოლოდ 4% იყო ებრაელებისა, როცა უკრაინელები 52,8%-ით, ხოლო პოლონელები - 27,7%-ით იყვნენ წარმოდგენილნი (საბჭოს დანარჩენი წევრები რუსები იყვნენ).

მიუხედავად ამ რიცხვებისა, უკრაინაში დღეს, როგორც ისტორიული კათედრიდან, ისე პოლიტიკოსის ტრიბუნიდან, ისმის ერთი და იგივე სიმღერა: 1939-1941 წწ-ში ისინი ყველაზე ჩაგრულნი იყვნენ, ხოლო „ნახტიგალსა“ და მის მსგავს ნაწილებში მსახურობდნენ მგზნებარე უკრაინელი პატრიოტები, რომლებიც იძულებული იყვნენ ემოქმედათ განსაკუთრებულ პირობებში, რათა დაეცვათ ეთნიკური უკრაინელები ებრაელი ბოლშევიკებისგან. ამ სიმღერის თანახმად, „ნახტიგალის“ მგზნებარე პატრიოტები იქცეოდნენ ღირსეულად და მათი მხრიდან ძალადობის ერთადერთ ობიექტს ბოლშევიკური ურდო წარმოადგენდა. სინამდვილეში რეალური სურათი ბევრად უფრო ნაკლებ რომანტიული იყო: „ნახტიგალი“, „როლანდი“, „გალიცია“ და SS-ის სხვა უკრაინული შენაერთები თავიანთი სისასტიკით, განსაკუთრებით პოლონური მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტის დროს, ხშირად გერმანელებსაც კი აოცებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სტეპან ბანდერას უკრაინის ტეროტორიაზე ფაშისტური ტიპის რეჟიმის დაარსება სურდა, როგორც იუშჩენკო, ისე პოროშენკო, ოუნ-ის ლიდერს განიხილავენ როგორც დედაბოძს უკრაინული სახელმწიფოს მშენებლობისა. მაგრამ ბანდერას ჰეროიზაცია არა მარტო ეთიკური პრობლემაა. სავალალოა, რომ ვერც ერთი ამ პრეზიდენტისა ვერ ხვდება, რომ ერის გაერთიანებისთვის არ შეიძლება გამოიყენო ისტორიული პერსონაჟი, რომელიც ერში მხოლოდ შუღლს და დაქსაქსვას იწვევს - უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში თუ ლვოვში ბანდერას ძეგლს პოლიცია იცავს, ოდესაში, უძეგლობის პირობებში, მის ფიტულს წვავენ... რაც შეეხება მესამე ქალაქს - ვარშავას - რომელიც დღეს კიევის მთავარი ადვოკატია საერთაშორისო ასპარეზზე, იქ ბანდერას ჰეროიზაცია მხოლოდ გულისრევის გრძნობას იწვევს...

როგორც იუშჩენკოსთვის, ისე პოროშენკოსთვის, ფაქტი, რომ ბანდერა სტალინის მთავარი მტერი იყო უკრაინაში, საკმარისი აღმოჩნდა მისი ჰეროიზაციისათვის. თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ უკრაინის მიწებისთვის ბრძოლაში ბანდერას და სტალინს უფრო მეტი რამ აერთიანებთ, ვიდრე განასხვავებდათ... რა აერთიანებდათ? თუნდაც რწმენა, რომ უკრაინული მიწისათვის ბრძოლა, ომის ყველა არსებული და არარსებული კანონის გათელვის მიუხედავად, ნებისმიერი ცოდვისგან წმენდს მოძალადეს და მას მირონცხებულს ხდის.

ყოველთვის, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკანონო საზღვრის აღმნიშვნელ მორიგ ბანერს აღმართავენ ცხინვალთან გამავალი ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე რომელიმე ქართულ სოფელზე, საქართველოში ნამდვილი კოშმარი იწყება. ოკუპანტების მორიგი თავხედობის, საკუთარი ხელისუფლების უმოქმედობის თუ ამის შედეგად საერთაშორისო საზოგადოების წაყრუების გამო წლების განმავლობაში დაგროვილი ბრაზი და შეურაცხყოფის გრძნობა უეცრად აზვირთდება, დომინოს პრინციპით ერთბაშად შემოუვლის საზოგადოების ყველა ჯგუფსა და ფენას, მძლავრად შეიჭრება საინფორმაციო სივრცეში და მედიასაშუალებებს კარგა ხნით ამყოფებს საგანგებო რეჟიმში. ცხადია, „მეოთხე ხელისუფლებაც“ არ უშვებს ამ შანსს ხელიდან და ვრცელ საეთერო დროს უთმობს „მცოცავი ანექსიის“ მორიგ ფაქტს, არცთუ იშვიათად იმ ექსპერტებისა თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაუსრულებელი ჩართვებით, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც დააკანონა მოსკოვმა დღევანდელი ოკუპაცია, ანუ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა აფხაზეთი და ყოფილი სამხრეთ ოსეთი.

მაგრამ დროთა განმავლობაში ემოცია ცხრება და ჩვენც დაღლილები და დაქანცულები ვუბრუნდებით ყოველდღიურ ყოფას, ოღონდ ერთმანეთზე კიდევ უფრო გაბოროტებული და გადამტერებულები. გვიჭირს საკუთარ თავს გამოვუტყდეთ, რომ ასეთი პიარ-აქციები ამჯერადაც უშედეგო აღმოჩნდა: ოკუპაცია ისევ იქაა, სადაც იყო; არ ისმის საერთაშორისო საზოგადოების ხმა და დუმს საერთაშორისო მედია, რომლისთვისაც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე გაჭიანურებულმა კონფლიქტმაც კი დაკარგა ინტერესი სირიასა და ერაყში მიმდინარე სასტიკი ბრძოლების ფონზე. სულ ბოლოს გაირკვევა ისიც, რომ პატრიოტული შემართებით მოგლეჯილი საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ძველ ადგილას დაუბრუნებიათ, ახლა უკვე ორმაგი მავთულხლართებითა და კბილებამდე შეიარაღებული რუსი მესაზღვრეებით, რომლებიც, „პატრიოტთა“ მხრიდან წამოსული გინებისა და შეურაცხყოფისათვის შემდეგ აუცილებლად რომელიმე ბერშუეთელ თუ ახმაჯელ გლეხს აგებინებენ პასუხს!

აბა, რა ვქნათ? როდემდე უნდა ვითმინოთ და ვუყუროთ ასე მშვიდად ოკუპანტების ამ თავგასულობას? გარედან იოლია ლაპარაკი... აბა, ერთი ჩვენ გვკითხე?! - ისმის უამრავი ჩემი თანამემამულის აღშფოთებული შეძახილი. მათი ნაწილი გაუბედაობასა და უმოქმედობაში სდებს ბრალს საქართველოს მთავრობას, რომელიც ძალიან დიპლომატიური ნაბიჯებით სცემს პასუხს საოკუპაციო ძალების მორიგ თვითნებურ მოქმედებას.

არც გაემტყუნება. ახლო წარსულში არა მხოლოდ გაბედული, არამედ თავზეხელაღებული მოქმედების არაერთი მაგალითი ყოფილა. თუმცა ესეც დღემდე დიდ დავას იწვევს საქართველოში, სადაც პატრიოტიზმის სახელით ყოველგვარი ავანტიურის შეფუთვაა შესაძლებელი.

გულახდილად ითქვას, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ოკუპირებულ ქვეყანას, ისეთს, როგორიც საქართველოა, რაღაც მომენტში შეუძლია უარი თქვას ე.წ. სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაზე, გამოვიდეს ცეცხლის შეწყვეტის ცალმხრივი შეთანხმებიდან და სამხედრო გზით დაიწყოს მიტაცებული მიწების დაბრუნება, პირველ ეტაპზე, ვთქვათ, ახალგორიდან.

დამერწმუნეთ, არ გავა ერთი საათიც, რომ მთელი საერთაშორისო მედია საქართველოში იქნება და საქართველოს ოკუპაციის საკითხიც მთელი ძალით დაბრუნდება „საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში“. ოღონდ რა იქნება ამის საფასური, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

სხვათა შორის, მახსოვს, ერთ-ერთი მორიგი უკანონო „ბორდერიზაციის“ დროს ეს იდეა თბილისში ერთ ძალიან სერიოზულ შეკრებაზე მყოფ სერიოზულ ექსპერტებს შორისაც დადგა განსახილველად. მათ შორის მრავლად იყვნენ ისეთები, რომლებიც ერთხმად მოუწოდებდნენ და ნაწილი ახლაც მოუწოდებს ხელისუფლებას „უფრო აქტიური ქმედებისკენ“. მახსოვს, რომ ყველამ ხელები გაასავსავა და მოვლენათა განვითარების ასეთ სცენარს ერთხმად „სახიფათო“ და „ავანტიურისტული“ უწოდა.

საწყენი ისაა, რომ ასეთი ჭკვიანი ხალხი საჯაროდ, ტელეკამერების წინ, ზოგჯერ ერიდება საუბარს იმაზე, რომ, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, საოკუპაციო საზღვრის გასწვრივ განხორციელებულ რუსეთის პროვოკაციულ ნაბიჯებზე საქართველოს არა აქვს და არც მომავალში ექნება უფრო მართებული და, საერთაშორისო თვალსაზრისით, უფრო მისაღები პასუხი, დასახული მიზნის მისაღწევად აუცილებელი, სტრატეგიული მოთმინების გარდა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG