Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აი ია(კობი)


როცა დედაენას ახსენებენ, გინდა თუ არა, აუცილებლად გაგახსენდება სიფრიფანა წიგნი - „დედა ენა“ და გენიალური პალინდრომი: აი ია. „აი ია“-ზე გაგახსენდება აი იაკობ გოგებაშვილი - კაცი, რომელმაც შექმნა ქართულის სწავლების უნიკალური მეთოდი: ანბანის მხოლოდ ორი ასო-ნიშნის გაცნობის შემდეგ ბავშვს შეუძლია დაწეროს მთელი წინადადება: აი ია; გაგახსენდება კაცი, რომელმაც ასკეტივით იცხოვრა, მთელი თავისი დრო და ენერგია მოახმარა ცოდნისა და წერა-კითხვის გავრცელებას, სიცოცხლის ბოლოს კი მთელი თავისი კაპიტალი - მატერიალური თუ ინტელექტუალური - ანდერძით შესწირა ამ საქმეს.

ცხოვრების წესით ის არ ჰგავდა თავისი ეპოქის არც ერთ საჯარო ქართველ ინტელექტუალს: არც მოხეტიალე და ჭორების მოყვარულ აკაკის, არც დაუდგრომელ და აზარტულ ილიას, არც მოჩხუბარ ვაჟას, არც ორთაჭალის ბაღებში ჩასხდომის მოყვარულ გრიგოლ ორბელიანს... ის იყო ზედმიწევნით მოკრძალებული, ანგარიშიანი, პუნქტუალური, ქეიფებისა და ხმაურიანი წვეულებების მოძულე, საქმიანი ადამიანი. დღის უმეტეს ნაწილს მთაწმინდაზე, მამადავითის ბაღის მახლობლად ატარებდა, სადაც ყარაევის სახლში „ეჭირა ბინა“ (ორი მოზრდილი ოთახი აივნითა და სამზარეულოთი) და საიდანაც ყოველდღე დაიარებოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში. როგორც შიო მღვიმელი წერს, „ყოველი დრო განაწილებული და განიხრული ჰქონდა - ადგომის, დაწოლის, სადილის, საუზმის, ჩაის დალევის, მნახველთა მიღების, მუშაობის, გაზეთების გადათვალიერების და გარეთ გამოსვლა-გამოსეირნების. 12 საათზე ან პირველის ნახევარზე, დასაუზმების შემდეგ, უეჭველად გამოდიოდა გარედ და ბრუნდებოდა სახლში სრულ ოთხ საათზე“.

იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი

და აი, ეს, ერთი შეხედვით, ჩუმი და უწყინარი ადამიანი ჩართული იყო უსასტიკეს ბრძოლაში სამთავიან გველეშაპთან, რომლის ყველაზე შხამიანი და მრისხანე თავი, რა თქმა უნდა, რუსიფიკაცია იყო, რასაც ლამის ფიზიკურად შეეწირა, როცა თბილისის სასულიერო სასწავლებლის გამგედ ყოფნისას წმინდა სინოდის ობერპროკურორის რწმუნებულ კერსკის დასკვნის საფუძველზე („მსმენელებს აკითხებს უარყოფითი მიმართულების წიგნებს“, „უნერგავს ანტირელიგიურ შეხედულებებს“, „უნერგავს აზრს ქართული ენის კათედრის გახსნის თაობაზე“, „ქართველ სემინარისტებს ელაპარაკება ქართულად“ და ა.შ.) „საზოგადოებრივი სამსახურისათვის არაკეთილსაიმედო პირად“ გამოაცხადეს და 1874 წელს, ტუბერკულოზის მძიმე ფორმით დაავადებული, სასწავლებლიდანაც გააძევეს და სახელმწიფო ბინიდანაც.

...მტკვარში თავის დახრჩობა სცადა. ერთი ხანობა მძიმე დეპრესიითაც იტანჯებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც მოერია სხეულისა და სულის სისუსტეს, უარი თქვა სახელმწიფო სამსახურზე (რომ არ გადაეფიქრა, ცეცხლში დაწვა ყველა საჭირო საბუთი: სემინარიის ატესტატი, აკადემიის მოწმობა და ა.შ.) და მთელი ცხოვრება მიუძღვნა ქართული სახელმძღვანელოების შექმნას და ქართველთა შორის წერა-კითხვის გავრცელებას.

„დროა, ყველამ თავის წრეში უკანონო დაბრიყვება ითაკილოს, შეებრძოლოს მას და აღადგინოს თავის ადამიანური ღირსება. დროა, გავაჩაღოთ დაუღალავი, ფხიზელი დაცვა ყოველის ჩვენის დათრგუნულის უფლებებისა“, - წერდა იაკობ გოგებაშვილი იმ დროს, როცა ქართული სასწავლებლები „პირწავარდნილი რუსიფიკატორების ბიუროკრატიზმისა და ბოროტმოქმედების“ ასპარეზს წარმოადგენდა.

იაკობ გოგებაშვილის საფლავი
იაკობ გოგებაშვილის საფლავი

გველეშაპის მეორე თავი წერა-კითხვის მასობრივი უცოდინრობა იყო, რომელსაც ებრძოდა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან ერთად. 22 წლის განმავლობაში იყო საზოგადოების გამგეობის წევრი და, თანამედროვეთა გადმოცემით, არ გაუცდენია არც ერთი სხდომა, არ დაკლებია არც ერთ მნიშვნელოვან წამოწყებას. 1890 წელს საზოგადოებას შესწირა ყველა თავისი წიგნი, ხოლო გარდაცვალების შემდეგ ანდერძით დაუტოვა მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება, წიგნებზე საავტორო უფლებების ჩათვლით.

გველეშაპის მესამე თავი ავადმყოფობა (ტუბერკულოზი) იყო, რომელმაც კვალი დაამჩნია მის ცხოვრებას, უარი ათქმევინა ცოლის შერთვაზე და გაუჩინა ცუდად გახდომის, გაცივების პათოლოგიური შიში. უამინდობაში გარეთ არ გავიდოდა, ერიდებოდა ორპირქარიან ქუჩებს (პირზე შალახვეული სწრაფად გაივლიდა ხოლმეო) და იმ თავის საყვარელ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაშიც მშიშარა კურდღელივით უეცრად შეხტებოდა და კარს მიიხურავდა, რომ ნიავი არსაიდან სცემოდაო. ღამით, დასაძინებლად რომ წვებოდა, წინდებს არასოდეს იხდიდა... სჯეროდა, რომ თუ თავს ჯეროვნად მოუვლიდა (არ ეწეოდა, არ ლოთობდა, მხოლოდ ცოტა წითელ ღვინოს თუ მოსვამდა (თეთრი უვარგისად მიაჩნდა), ჰიგიენას იცავდა), ავადმყოფობის მიუხედავად, საუკუნეს გაძლებდა, თუმცა, ყველასთვის სამწუხაროდ, საუკუნემდე ბევრი დააკლდა, გარდაიცვალა 72 წლისა, არა ტუბრეკულოზით, არამედ სულ სხვა დაავადებით, როგორც ჩანს, ონკოლოგიურით, ნაწლავებში კუ გასჩენოდაო, წერს ერთგან შიო მღვიმელი.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნინო შარაშიძისადმი მიწერილ წერილში წუხილს გამოთქვამს დაუმთავრებელი საქმეების გამო:

„პიროვანი ინტერესის მხრივ სიცოცხლის საღამოს მოახლოვება ჩემთვის არ არის სამძიმო სრულად - მე დიდი ხანია პიროვან არსებობას ჩალათაც აღარ ვაგდებ, რადგანაც სიცოცხლე წვალებისა და ტანჯვის მეტს აღარაფერს იმეტებს ჩემთვის. მაგრამ ვწუხვარ, რომ სამკალი ბევრია და მომკელები კი არასადა სჩანან. რის გაკეთებაც შემეძლო, მისი მეასედიც კი არ შემისრულებია და გადამეტებული სიცოტავე ნამოქმედარისა ხდის უსიამოვნო საგნად სიცოცხლის საღამოს კარზედ მოდგომასა“.

დედაენის ძველი გამოცემების გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 2015 წელი
დედაენის ძველი გამოცემების გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 2015 წელი

მაინც რა არის ეს „ნამოქმედარის გადამეტებული სიცოტავე“?

1865 წელს გამოქვეყნდა იაკობ გოგებაშვილის საანბანო წიგნი „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი“, რომელიც 1876 წლამდე 13-ჯერ გამოიცა. 1868 წელს გამოდის „ბუნების კარი“, რომელიც 1918 წლამდე 27-ჯერ გამოიცა. 1872 წელს - „დარიგება მასწავლებელთათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში“; 1872 წელს - „დედა ენის“ პირველი ნაწილი, ხოლო 1878 წელს - მეორე ნაწილი. ამ სახელმძღვანელოების პირველი ნაწილი 47-ჯერ, მეორე კი 27-ჯერ გამოიცა. იაკობ გოგებაშვილი ავტორია საბავშვო საბუნებისმეტყველო ჩანაწერების („კონა“), ლექსებისა („ხომლი“) და მოთხრობების („აკიდო“) კრებულებისა და სხვა არაერთი წიგნისა თუ მაშინდელ პერიოდიკაში გამოქვეყნებული ცალკეული ტექსტების. აუწონავია მისი, როგორც პედაგოგისა და მეცენატის, ღვაწლი...

ვინ იცის, რომ არა იაკობ გოგებაშვილის ეს ნამოქმედარი, რომ არა მისი „დედა ენითა“ და „აი ია“-თი გაღვივებული სიყვარული მშობლიური ენისა, იქნებ 1978 წლის 14 აპრილიც არ დასრულებულიყო ისე, როგორც დასრულდა?!

ძნელი სათქმელია, თუმცა ის კი აშკარაა, რომ 40 წლის წინ, 14 აპრილს, თბილისის ქუჩაში გასულ ახალგაზრდებში იაკობ გოგებაშვილიც ერია, აი იაკობი!

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG