Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა უმრავლესობა დაშლის პირას


ბოლო დროს, „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე დაპირისპირებამ ნათლად დაგვანახა ის, რომ შესაძლოა მმართველი გუნდის ამჟამინდელ ლიდერებს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. დაპირისპირების ორივე მხარე თვლის, რომ კრიტიკულ მომენტში შეძლებს მეორე მხარის დაჯაბნას. გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ამ კონფლიქტმა მთლიანად უმრავლესობა დაშალოს. ამ სტატიაში შევაფასებ იმას, თუ რამდენად საფუძვლიანია ეს ეჭვი და, საერთოდ, რას ნიშნავს „უმრავლესობის დაშლა“ ჩვენს შემთხვევაში, როდესაც მმართველი პარტიის ლეგიტიმაციას ერთი ადამიანის ავტორიტეტი განსაზღვრავს. პირველ რიგში იმის განხილვით დავიწყებ, თუ როგორ წარმოიშვა დაპირისპირება და ვინ არიან მასში ჩართული პოლიტიკოსები.

უმრავლესობის შიგნით არსებული შიდა დაპირისპირება დაიწყო მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის თანამდებობაზე „ქართული „ოცნების“ ზოგიერთმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, ნინია კაკაბაძეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გამოთქვა პროტესტი და დაიმუქრა, რომ უმრავლესობას დატოვებდა. მოგვიანებით ფოფხაძემ განაცხადა, რომ მან „ქართული ოცნებიდან“ წასვლა გადაიფიქრა. დაპირისპირების პროცესში ფოფხაძემ ღიად განაცხადა, რომ მისთვის ერთადერთი ავტორიტეტი პარტიაში და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილია და მხოლოდ მისი ჩარევის შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს პოზიცია. ირაკლი კობახიძე, ფოფხაძის განცხადებით, მისთვის „წონად ავტორიტეტს“ არ წარმოადგენს. ისე გამოვიდა, რომ ფოფხაძის თვალში საკმარისი ავტორიტეტი არც მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, გიორგი კვირიკაშვილს, არც გენერალურ მდივან კახა კალაძეს და არც სხვა ლიდერებს არ აქვთ. ფოფხაძის განცხადებების პარალელურად, უმრავლესობის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც დადგეს დღის წესრიგში. ქართული ოცნების წევრის, ნუკრი ქანთარიას თქმით, შესაძლოა კობახიძისა და მისი მხარდამჭერების მოწინააღმდეგეები პარტიიდან გაირიცხონ. ასეთად მან საკუთარი თავიც მოიაზრა და ის დეპუტატები ჩამოთვალა, რომლებსაც შესაძლოა „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვა ემუქრებოდეთ: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზაზა პაპუაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი და დავით ჭიჭინაძე.

საპირისპირო მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 9 აპრილს განაცხადა, რომ ფოფხაძემ „მძიმე შეურაცხყოფა“ მიაყენა თანაპარტიელებს. მოგვიანებით კობახიძემ დაასახელა თავისი „დასაყრდენი ჯგუფი“ პარლამენტში. მისი თქმით, ესენი არიან: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერები ზვიად ძიძიგური, გია ვოლსკი და ილია ნაკაშიძე, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

ჯერჯერობით გაუგებარი რჩება, რა პოზიცია აქვთ უმრავლესობის სხვა წევრებს, თუმცა საჯარო სივრცეში ამ დაპირისპირებაში ჩართული დეპუტატების ვინაობაზე დაყრდნობით შეიძლება გამოითქვას ეჭვი იმის თაობაზე, რომ უმრავლესობა შეიძლება საერთოდ დაიშალოს. ეჭვის გამოთქმის საფუძველს ის ფაქტი გვაძლევს, რომ დაპირისპირებაში ჩართული პოლიტიკოსებიდან ზოგიერთი მათგანი ფორმალურად თუ არაფორმალურად სხვა დეპუტატებთან არის დაკავშირებული. მხოლოდ ფორმალურ კავშირებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ, მაგალითად, ქანთარიას მიერ დასახელებული ბექა ნაცვლიშვილი ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრია, რომელშიც კიდევ ექვსი სხვა დეპუტატი შედის. (სოციალ-დემოკრატებმა უკვე განაცხადეს, რომ მომავალ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა ამ ეტაპზე უმრავლესობას არ ტოვებენ) ზაზა პაპუაშვილი შედის ფრაქციაში „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“, სადაც მის გარდა ექვსი სხვა დეპუტატიცაა გაწევრიანებული. კობახიძის წინააღმდეგ დაპირისპირებაში ჩართული (ან დაპირისპირების მონაწილედ დასახელებული) პირების და მათი თანაფრაქციელების რაოდენობაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ (ასეთად მაქსიმუმ 20-მდე დეპუტატი შეგვიძლია მოვიაზროთ, ძალიან უხეშად თუ ვიტყვით), „ქართულ ოცნებას“ მარტივი უმრავლესობის დაკარგვა მაინც არ ემუქრება (ამჟამად „ქართულ ოცნებას“ 116 მანდატი აქვს 150-დან. მარტივი უმრავლესობისთვის 76 მანდატი სჭირდებათ, ანუ 40-ით ნაკლები), მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ფორმალურთან ერთად, არსებობს არაფორმალური კავშირები და დაჯგუფებებიც, რომლებმაც შესაძლოა საჯარო სივრცეშიც გამოავლინონ თავი. შესაძლოა მნიშვნელობა ჰქონდეს იმ ფაქტსაც, რომ დაპირისპირება წარმოიშვა ისეთი საკითხის ირგვლივ, რომელიც არა ტექნიკური, არამედ იდეოლოგიური ხასიათისაა. საქმე ეხება იმას, თუ რამდენად კონსერვატორულ პარტიად მიაჩნია „ქართულ ოცნებას“ საკუთარი თავი (თუმცა რამდენად ადარდებს „ქართული ოცნების“ ყველა წევრს იდეოლოგიური საკითხები, ეს ცალკე დავის თემაა. მაგალითად, ის ფაქტი, რომ კონსერვატორ ზვიად ძიძიგურს ირაკლი კობახიძე თავის გუნდში მოიაზრებს, ცოტა არ იყოს, უცნაურია).

ერთი სიტყვით, მაშინაც კი, თუ „ქართულ ოცნებას“ ზოგიერთი ფრაქცია და დეპუტატი გამოაკლდება, არსებული უმრავლესობის დაშლის პერსპექტივა ადვილი წარმოსადგენი არ არის. ამას გარდა, როგორც შესავალში აღვნიშნე, უნდა დავსვათ კითხვა იმის შესახებ, თუ საერთოდ რას ნიშნავს „უმრავლესობა“ ჩვენს პირობებში, როდესაც მმართველი გუნდის ლეგიტიმაციას ერთი ადამიანის ავტორიტეტი განსაზღვრავს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე ამ ავტორიტეტის გავლენა იმხელაა, რომ თუ მოხდა სასწაული და უმრავლესობა დაიშალა, შემდეგ არჩევნებზე მაინც იმის მიხედვით გააკეთებენ არჩევანს, თუ ვის დაუჭერს მხარს ეს ავტორიტეტი. თუ ბიძინა ივანიშვილმა მხარი კობახიძის გუნდს დაუჭირა, მაშინ „ქართული ოცნების“ დღევანდელი ამომრჩევლების უმეტესობა, სავარაუდოდ, სწორედ ამ გუნდს დაუჭერს მხარს. ამის გამო, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერთადერთ შემთხვევაში გაუჩნდება ხელისუფლებას ლეგიტიმაციის კრიზისი: თუკი ივანიშვილის ავტორიტეტს საკმარისად ბევრი ამომრჩეველი დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამ შემთხვევაში ახალი უმრავლესობის ფორმირების პერსპექტივაც, ბუნებრივად, ეჭვქვეშ დადგება. მანამდე კი მხოლოდ არსებული უმრავლესობის დაშლაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რისი შანსიც არსებობს, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებას ეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ვერ მოიტანს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG