Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუზი


ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

დიდ წიგნებთან შეხების შემდეგ გგონია ხოლმე, რაღამ უნდა შემძრასო აწი. მაგრამ გადის დრო და კვლავ შეგანჯღრევს რაღაც ახალი. რობერტო ბოლანოს „შორეული ვარსკვლავის“ შემდეგ, კაი ხანს დიდი არაფერი აღმომიჩენია. კარგი წიგნები როგორ არ გადამყრია, მაგრამ ახალ მიწაზე თითქოს არ შემიდგამს ფეხი, სანამ არ გამოჩნდა ბენჰამინ ლაბატუტის „როდის შევწყვიტეთ სამყაროს გაგება“.

ეს ლაბატუტი არც მქონდა მონელებული, რომ უკვე მეორედ შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში სერგო ფარაჯანოვი, უცბად და მოულოდნელად, რომელმაც ყველა და ყველაფერი გადაფარა.

ამ კაცმა პირველად 23 წლის წინ მომაჯადოვა. თარიღი ზუსტად მახსოვს: 2001 წლის 16 ოქტომბერი. მახსოვს საათიც. სწორედ მაშინ ჩნდებოდა ჩემი ქალიშვილი სესილი ჩაჩავას სახელობის კლინიკაში, მე კი „დავიწყებულ წინაპართა აჩრდილებს“ ვერ ვწყდებოდი. ვიჯექი შინ ტელევიზორის წინ და მოჯადოებული ვუყურებდი ეკრანს. სანამ ფილმი არ დამთავრდა, ფეხი ვერ მოვიცვალე.

ახლაც ასე დამემართა. დეკემბრის დასაწყისში, სანამ ბერლინი წინასაშობაო გირლანდებით მოირთვებოდა, უცებ დღისით-მზისით მარცხენა ქუთუთო გამისივდა. ისე რომ, იმ თვალით ვეღარაფერს ვხედავდი. კვინკეს შეშუპებააო, იგივე ანგიოედემა, მერე ამიხსნეს, ჰოსპიტალში რომ მიმაქანა სასწრაფომ განგაშის სირენებით. ხორხზე სცოდნია გადასვლა, წამში მოგგუდავს, თურმე. კი ვხვდებოდი, რომ რაღაც არ ხდებოდა ჩემ თავს კარგი, მაგრამ ვერ ვინძრეოდი, აიფონის ხელისგულისხელა ეკრანზე „ბროწეულის ფერს“ (იგივე „საიათ-ნოვას“) ჩავყურებდი ცალი თვალით, როგორც მესაათე საათის მუცელს, ტელეფონში ქექვისას რომ შემომხვდა შემთხვევით. როგორც მაშინ, სესილი რომ ჩნდებოდა, ფეხი ვერ მოვიცვალე, სანამ ფილმი არ დამთავრდა.

სერგო ფარაჯანოვი
სერგო ფარაჯანოვი

ფარაჯანოვზე კინომცოდნეები უფრო ავტორიტეტულ სიტყვას იტყვიან. მე მხოლოდ მაინტერესებს, საერთოდ როგორ გაჩნდა ეს კაცი საბჭოთა კავშირში? ან როგორ გადარჩა? როგორ არ მოიღუნა? თან როდის, ყველაზე სისხლიან წლებში. კაცი თავბრუდამხვევი შემოქმედებით და კიდევ უფრო თავბრუდამხვევი ყოფით. მე არ ვიცი ისეთი სიტყვა, რომელიც სერგო ფარაჯანოვს გამოხატავს. მგონია, რაც უნდა თქვა, ყველაფერს ააცდენ. ნახავ მის ფილმებს და ფილმებს მასზე, წაიკითხავ მის წერილებს და წერილებს მასზე, და მიხვდები, ისევ იქ დგახარ, თავიდან რომ იდექი. ისევე არაფერი გაგეგება ამ მოუსვენარ ადამიანზე, რომელიც სილამაზედ აქცევდა ყველაფერს, რასაც ხელს შეავლებდა.

ხშირად სრულიად გაუგებარია, სად ნამდვილს ჰყვება, სად - ზღაპარს. მით უფრო, რომ თვითონვე მორთო თავისი ცხოვრება ზღაპარივით, რაღაც უსასრულო ხალიჩებით, ბეწვებით, ხმლებით, ყვავილებით, თოჯინებით... ჩემი ბავშვობიდან ერთი ამბავი მახსოვსო: კარზე კაკუნია, უშიშროება მოგვადგა, შეშინებული დედა მაშინვე იხსნის საყურეებს და მე ვყლაპავ. ვყლაპავ და მთელი ჩვენი გვარისთვის უცებ ვიძენ საოცარ ფასსო. სიცოცხლის ბოლოს, დედა რომ კვდებოდა, ეგონა, ცალი საყურე ჩემში ჩარჩენილიყოო.

არის ერთი ვიდეო, სცენა ორიოდ წამს გრძელდება - ასაკოვანი ფარაჯანოვი ლოგინში წევს, საბანს სახეზე იფარებს, თვალებიღა უჩანს. მერე უცებ იშორებს საბანს და ისევ იფარებს. წვერგაუპარსავი კაცი პატარა გოგოსავით ეთამაშება კამერას. რა უნდა თქვა ასეთზე? რას იტყვი კომეტაზე, სადღაც შორს რომ ჩაუფრინა დედამიწას და შენ მის კუდსღა მოჰკარი თვალი? შემდეგ მეცნიერებმა თავიანთი ტელესკოპებით მისი მასაც რომ დაგიდგინონ, ფორმაც და ტრაექტორიაც. განა ეს გეყოფა?

როგორ არ ათრია ეს კაცი ცხოვრებამ, ბოლომდე მაინც ვერ მოანჯღრია. სულ მგონია, რომ ფარაჯანოვს ვერასდროს ვერავინ გაუგო და დარჩა ბოლომდე ასეთი უცხო. მგონი, ეს ერთადერთი სიტყვაა, რომელიც როგორღაც ესადაგება მას. უცხო.

დღეს სერგო ფარაჯანოვის დაბადების ასი წლისთავია. ყველაზე მეტად თითქოს ამ კაცს არ უხდება ასე მრგვალი თარიღი. ეგებ აჯობებდა, მეც ეს წერილი შარშან ან მომავალ წელს დამეწერა, 99 ან 101 წლის იუბილეზე. მგონი, ასე უფრო მოუხდებოდა კაცს, რომელშიც საყურე ჩარჩა, როგორც ქარვაში ბუზი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG