Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გახდა


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

გერმანია ყოველთვის ყოყმანით ეკიდებოდა ევროკავშირის ლიდერად ყოფნის პოზიციას, რადგან იცოდა, რომ მის მძიმე წარსულს კვლავაც შეუძლია უხერხულობა აღძრას მის მეზობელ ქვეყნებში. მაგრამ 1 ივლისიდან მას ამ ყოყმანის გადალახვა მოუწევს, რადგან გერმანია - ბლოკის ყველაზე დიდი და ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო - ამ მნიშვნელოვან პერიოდში ექვსი თვით ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყანა ხდება.

მთავარი როლი, ცხადია, ერგება ისედაც გავლენიან ანგელა მერკელს, რომელიც, მეთხუთმეტე წელია, გერმანიის კანცლერია, ხოლო მისი ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პროტეჟე, ურსულა ფონ დერ ლაიენი, სავარაუდოდ, მერკელის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იქნება, კომისიის პრეზიდენტის რანგში.

იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ Covid 19-ის პანდემია კვლავაც საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ფუნქციონირებას, ჩინეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ხდება, ხოლო ის, თუ რა ფორმით დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს, კვლავაც გაურკვეველია - მომავალი ექვსი თვე ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება ორი გერმანელი ქალის კარიერაში. მერკელმაც და ფონ დერ ლაიენმაც თავიანთ პრიორიტეტად ევროკავშირისთვის ზიანის არიდება დაასახელეს როგორც საკუთრივ კორონავირუსის პანდემიის დროს, ისე მას შემდეგაც, როცა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისი უკვე მტკივნეულად საგრძნობი გახდება. ბლოკმა ნელი ტემპით იმოქმედა, როცა მიმდინარე წელს ვირუსი ევროპაში შემოვიდა და მას, აგრეთვე, ზიანი მიაყენა ძირითადად სამხრეთელი წევრი ქვეყნების კრიტიკამ, რომლებიც ჩრდილოეთიდან სოლიდარობის ნაკლებობაზე ჩიოდნენ იმ ფონზე, როცა ყველგან საზღვრები აღიმართა. მერკელიც და ფონ დერ ლაიენიც შეაშფოთა ამ ბრალდებებმა და მას შემდეგ ისინი ვითარების გამოსწორებას ცდილობენ.

ფიზიკური და ნაღდი ფულის ფორმით დახმარების გაცემა იწყება და ევროკავშირის შიგნით ბევრი საზღვარი გაიხსნა, ივლისიდან ეტაპობრივად ევროკავშირი გარე საზღვრებსაც გაუხსნის რიგ მესამე ქვეყნებს.

თუმცა პანდემიასთან ევროკავშირის ბრძოლაში მთავარი საკითხია 750 მილიარდი ევროსგან შემდგარი ფონდი, რომლის შექმნის მოწოდებითაც მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, მაისში გამოვიდნენ. ფონდს განაგებს ევროპის კომისია, რომელიც თანხების დიდ ნაწილს საერთაშორისო ბაზრებიდან მოიზიდავს, თავისი სამმაგი A-ს ნიშნულის რეიტინგით, და შემდეგ ძირითადად გრანტების ფორმით გასცემს იმ წევრ ქვეყნებზე, რომლებიც კრიზისმა ყველაზე მეტად დააზარალა.

ინიციატივა, რომელსაც ენთუზიაზმით უჭერს მხარს ფონ დერ ლაიენი, იქნება პირველი შემთხვევა, როცა ბლოკი ასეთი ფორმით მოუყრის თავს დავალიანებას. ამავე დროს, ეს იქნება მნიშვნელოვანი წყვეტა გერმანიისთვის, რომელიც წარსულში მწვავედ ეწინააღმდეგებოდა ხოლმე მსგავს პრაქტიკას. ბერლინი აცხადებს, რომ ეს ერთჯერადი ზომა იქნება, რომელიც არაორდინარულმა ვითარებამ განაპირობა, თუმცა მაინც ნათელია, რომ მერკელმა მკვეთრად შეიცვალა პოზიცია, რადგან 10 წლის წინანდელი ფინანსური კრიზისის დროს მსგავს ნაბიჯს გერმანია, სხვა ჩრდილოელ წევრ სახელმწიფოებთან ერთად, მწვავედ ეწინააღმდეგებოდა.

ევროკავშირის 2020-2027 წლების ბიუჯეტთან ერთად, რომელიც, ფონ დერ ლაიენის წინადადების თანახმად, 1 ტრილიონ ევროს გადააჭარბებს, ეს აღდგენის ფონდი ევროპისთვის თავდაცვის ძირითადი მექანიზმი იქნება კორონავირუსის მიერ მოტანილი ზიანის წინააღმდეგ, თუმცა მის ეფექტიან ამუშავებას მნიშვნელოვანი დიპლომატიური ძალისხმევა დასჭირდება.

ევროპის კომისიას და გერმანიას სურთ ორივე საკითხზე შეთანხმებას ბრიუსელში გამართულ პირველივე სამიტზე მიაღწიონ, - პანდემიის დაწყების შემდეგ, პირველი ფიზიკური სამიტი იქ 17-18 ივლისს არის დანიშნული, - მაგრამ ეს არ იქნება იოლი საქმე. „ხელმომჭირნე ოთხეულად“ წოდებულ სახელმწიფოებს - ავსტრიას, დანიას, ჰოლანდიას და შვეციას - სურთ გაიცეს ნაკლები გრანტი და მეტი სესხი, ეს ვარიანტი კი მძლავრ წინააღმდეგობას აწყდება ვალებით ისედაც დამძიმებულ ქვეყნებში, მაგალითად, იტალიასა და ესპანეთში. აღმოსავლელი წევრი ქვეყნები იმედოვნებენ, რომ გრანტები აღმოსავლეთითაც წავა და არა მხოლოდ სამხრეთით. რამდენიმე მათგანს ასევე იმედი აქვს, რომ გერმანიისა და კომისიის იდეა, რომ ევროკავშირის მიერ გაცემული თანხები კანონის უზენაესობის სტანდარტს უნდა დაუკავშირდეს, გაუქმებულ იქნება.

ამავე დროს, მერკელსაც და ფონ დერ ლაიენსაც სურთ საკმარისი თანხები დარჩეს საიმისოდ, რომ მათი მიზანი მიღწეულ იქნეს და ბლოკმა 2020 წელს მნიშვნელოვანი მწვანე და დიგიტალური გარდატეხა განიცადოს.

შეთანხმების უკვე ზაფხულში მიღწევა ბლოკს საშუალებას მისცემდა კონცენტრირება მოეხდინა კიდევ ორ სხვა გამოწვევაზე, რომელთაც წლის მეორე ნახევარში უნდა გაეცეს პასუხი. პირველ რიგში, ასეთი საკითხია ჩინეთთან ურთიერთობა. გერმანიის პრეზიდენტობის პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება სექტემბერში ლაიფციგში დანიშნული სამიტი ევროკავშირის სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურებსა და ჩინეთის ლიდერებს შორის. ეს სამიტი პანდემიის გამო გადაიდო, თუმცა მისი შემოდგომაზე ჩატარება პრიორიტეტად არის მიჩნეული. შეხვედრის მიზანია ევროკავშირ-ჩინეთის ინვესტირების ამბიციური შეთანხმების მიღწევა, რასაც ართულებს შიშები Huawei-ის 5G ტექნოლოგიის შესახებ, ისევე როგორც უკმაყოფილება პეკინის მიერ ინტელექტუალური საკუთრების მითვისებით და ბრაზი ჩინეთის მხრიდან ჰონგ-კონგში დემონსტრაციებზე ზეწოლის გამო. მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია ასევე კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელება ევროპაში. მერკელს და ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ მოუწევთ ფრთხილი გზის გავლა ამ შეხვედრაზე, რომელმაც, შესაძლოა, მრავალი წლით განსაზღვროს ევროპისა და ჩინეთის ურთიერთობა.

სიფრთხილე საჭირო იქნება ასევე ბრექსიტის მოლაპარაკებებზე, რომელიც ამჟამად ძალიან შენელებული ტემპით მიდის. მიმდინარე თვეში ლონდონმა უარი განაცხადა გარდამავალი პერიოდი 2020 წლის შემდეგაც გააგრძელოს და, შესაბამისად, უკვე წელს უნდა გაფორმდეს შეთანხმება, რომელმაც უნდა განსაზღვროს სამომავლო ურთიერთობები, სავაჭრო კავშირების ჩათვლით. ოფიციალურად, ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებელი უწყება კომისიაა, თუმცა ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზეც, თუ რამდენად მოისურვებს გერმანია კომპრომისს თავის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან საიმისოდ, რომ ეკონომიკის კიდევ ერთი შოკი თავიდან იქნეს აცილებული.

ყველა ამ შემთხვევაში საქმე ეხება მემკვიდრეობას, რომელსაც მერკელი დატოვებს. მას სურს მისი მმართველობა ეფექტიანი იყოს მომავალი წლის ფედერალურ არჩევნებამდე, იმ ფონზეც კი, როცა მისი ქვეყნის მიერ პანდემიასთან პროფესიულმა გამკლავებამ მორიგ ჯერზე გაზარდა მისი პოპულარობა. მერკელს აშკარა მემკვიდრე არ ჰყავს, ზოგადი ვითარება კვლავაც ბუნდოვანია - და ამის გამო უკვე ისმის მოწოდებები, რომ ის არ უნდა წავიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, შემდეგი ექვსი თვე გამოაჩენს იმას, რამდენად მზად არის გერმანია თავი დააღწიოს ყოყმანს ლიდერის პოზიციის დაკავებასთან მიმართებით.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG