Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიალოგის პერსპექტივა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის - რა არ უნდა გამოგრჩეს 13 ნოემბერს


არჩევნების შემდეგ ოპოზიცია და ხელისუფლება პირველად შეხვდა ერთმანეთს

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ მაგიდას პირველად მიუსხდა ოპოზიცია და ხელისუფლება. მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიცია აცხადებს, რომ დიალოგი დაწყებულია, თუმცა არ შეცვლილა მათი გადაწყვეტილება, პარლამენტში არშესვლის შესახებ. ასევე უცვლელად რჩება საპროტესტო აქციის გეგმა, რომელიც 14 ნოემბერსაა დაგეგმილი.

ამ შეხვედრას წინ უსწრებდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ უცხოელი პარტნიორების შუამავლობით დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.

შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ დიალოგის დაწყება მხარეთა შორის პოზიციების დაახლოებას ემსახურება.

წაიკითხე მეტი.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ერთი თამაშის მოგება დააკლდა. გუშინ, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი თბილისის „დინამოარენაზე", ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამარცხდა, ანგარიშით 0:1.

ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება. უეფას წინასწარი გეგმით, შეჯიბრებას 12-მა ქვეყანამ უნდა უმასპინძლოს, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო კიდევ იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის თამაშზე დამსწრე ქართველ სპორტულ ჟურნალისტთა უმრავლესობამ მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია პროტესტის ნიშნად დატოვა.

მასმედიის წარმომადგენელთა აზრით, გუნდის სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა - ვლადიმირ ვაისმა უპატიებელი ტაქტიკური შეცდომები დაუშვა, შეცვლები ზედმეტად დააგვიანა და წაგებული თამაშის გადასარჩენად არაფერი გაუკეთებია.

წაიკითხე მეტი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

12 ნოემბერს კორონავირუსის დღიურმა შემთხვევებმა საქართველოში 3000-ს (3120) გადააჭარბა. გარდაიცვალა 33 პაციენტი. განახლებული ინფორმაცია ვირუსის გავრცელების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ დღეს გახდება ცნობილი.

გუშინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ქვეყანა წერტილოვანი შეზღუდვების გეგმას მოჰყვება და არ იგეგმება სრული „ლოკდაუნი“.

ამირან გამყრელიძემ გუშინ საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია სწრაფი ტესტების რაოდენობის შესახებაც. საქართველოში რეზერვში არის 400 000-მდე PCR-ტესტი და 45 000 სწრაფი ტესტი, რომელსაც კიდევ ნახევარი მილიონი ტესტი ახლახან დაემატა. ზამთრის მანძილზე საქართველო კიდევ მილიონი სწრაფი ტესტის შესყიდვას აპირებს.

ყველა სიახლე კორონავირუსის გავრცელების შესახებ წაიკითხე აქ.

ბაქოში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს აფხაზეთიდან ყარაბაღში ჩასული მოხალისეების წინააღმდეგ

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან მთიან ყარაბაღში მოხალისეთა წასვლასთან დაკავშირებით.

პრესრელიზში მითითებულია, რომ ადამიანების ჯგუფმა, „რომელიც საქართველოში აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს“, ბოროტმოქმედებები ჩაიდინა აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

დანაშაულებრივი გაერთიანების წევრები, სახელმწიფო სტრუქტურების ხელშეწყობით სომხეთში ჩასვლის შემდეგ, დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ პირებთან, რომლებიც აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ, და მათთან დანაშაულებრივ ჯგუფში გაერთიანების შემდეგ, მათ აუცილებელი დოკუმენტების გარეშე, უკანონოდ გადაკვეთეს აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი, საკონტროლო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით ანუ სომხეთიდან, და შეაღწიეს ქალაქ ხანკენდიში და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დადგინდა, რომ ისინი სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური რეჟიმის მიერ გამოიყენებოდნენ დაქირავებულების როლში სამოქალაქო მოსახლეობისა და ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე აზერბაიჯანის ძალების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

აშშ-ის ჯორჯიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის ხმებს ხელახლა დათვლიან

აშშ-ის ჯორჯიის შტატში 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის ხმებს ხელახლა დათვლიან ხელით. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო შტატის ხელმძღვანელმა ბრედ რაფენსპერგერმა.

წინასწარი მონაცემებით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი რესპუბლიკელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 14 ათასი ხმით უსწრებს ჯორჯიაში. საერთო ჯამში, ჯორჯიაში საპრეზიდენტო არჩევნებში ხუთ მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. რაფენსპერგერის თქმით, ხმების ხელახლა დათვლა ხდება შტატის კანონების მიხედვით, რომლებიც მსგავსი აუდიტის უფლებას იძლევა, თუკი კანდიდატების მიერ მოგროვილ ხმებს შორის სხვაობა ნახევარ პროცენტზე ნაკლებია. ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე დასტური იმისა, რომ საარჩევნო პროცესში მართლაც იყო რაიმე დარღვევა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პუტინი, ბჟანია და ყარაბაღელი დევნილები

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, სოჭში უმასპინძლა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, რომელიც რუსეთში ოქტომბრის ბოლოსაც იმყოფებოდა, თუმცა მაშინ ბჟანიამ ვერ მოახერხა პუტინთან შეხვედრა.

თითქმის ორკვირიანი ლოდინის შემდეგ რუსეთის ფედერაციის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ პუტინი არ გეგმავდა უახლოეს მომავალში ბჟანიასთან შეხვედრას. 12 ნოემბერს კი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თავი მოიწონა იმით, რომ ასლან ბჟანია შედის იმ ლიდერთა ხუთეულში, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტი შეხვდა „კორონავირუსის პანდემიის მთელი პერიოდის“ განმავლობაში.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის დაუსრულებელი მცდელობა, შეხვდეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, გაუგებრობასა და გულისწყრომას იწვევს თვითონ აფხაზეთში. პოლიტოლოგ იზიდა ჭანიას მიერ რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“, ვებსაიტზე გამოქვეყნებული ბლოგპოსტის მიხედვით, ექვსი თვეა, ასლან ბჟანია „კურსირებს მარშრუტზე“ სოხუმი-მოსკოვი-სოხუმი იმის იმედად, რომ რუსეთის პრეზიდენტი მას შეხვდება.

რა ითქვა სოჭში და აქვს თუ არა კავშირი ამ შეხვედრას მთიანი ყარაბაღის დაპირისპირებასთან? წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

XS
SM
MD
LG