Accessibility links

ვინ არიან ლიბერალები საქართველოში?


საქართველოში პოპულარული დისკუსიების ერთ-ერთი მწვავე თემა არის „ლიბერალიზმის“ კრიტიკა ან მისი მხარდაჭერა. ამის მიუხედავად, ტერმინმა „ლიბერალიზმმა“ ჩვენს ქვეყანაში იმდენად ბუნდოვანი შინაარსი შეიძინა, რომ ძნელია ხოლმე განსაზღვრა, თუ კონკრეტულად რას ეხება ასეთი დისკუსიები. მაგალითად, ვიღაცისთვის „ლიბერალი“ შეიძლება იყოს ადამიანი, ვინც ეკლესიას ან ტრადიციებს „ებრძვის“ და ა.შ. იმათი ნაწილი კი, ვინც თავს „ლიბერალებად“ თვლის, ამგვარ დახასიათებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამავე დროს, ხდება ისეც, რომ ზოგიერთმა, ვინც თავს „ლიბერალებად“ თვლის, თვითონაც არ იცის ხოლმე, თუ რას ნიშნავს მისთვის ეს „ლიბერალობა“. ერთი სიტყვით, სახეზე გვაქვს არა მხოლოდ უბრალოდ ტერმინოლოგიური, არამედ ფილოსოფიური გაუგებრობა, რომლის განხილვასაც ამ სტატიაში შევეცდები. ცხადია, ეს პატარა სტატია ამხელა თემას ვერ ამოწურავს, მაგრამ აქ იმას მაინც შევეცდები, რომ პრობლემის ზოგადი კონტურები გამოვკვეთო. პრობლემა, როგორც აღვნიშნე, იმაში მდგომარეობს, რომ საერთოდ გაუგებარია, რაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ვლაპარაკობთ „ლიბერალიზმზე“.

იქიდან დავიწყოთ, რომ ერთ ჭეშმარიტებაზე „ლიბერალიზმის“ შესახებ აქ ვერ შევთანხმდებით. მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, თუ რას გულისხმობს ლიბერალიზმი, როგორც ფილოსოფია თავისი საწყისი, ზოგადი ფორმით. „ლიბერალიზმად“, ყველაზე ფართო გაგებით, მოიხსენიებენ ხოლმე ფილოსოფიურ დოქტრინას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ფორმალურ დონეზე გამიჯნული უნდა იყოს საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა მორალური დოქტრინებისგან და რელიგიებისგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის მიდგომა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საჯარო ინსტიტუტები და სახელმწიფო კანონმდებლობა არ უნდა ეყრდნობოდეს ინდივიდების პირად მორალს ან რელიგიურ შეხედულებებს. მაგალითად, სასამართლო (რომელიც ხელისუფლების სამი შტოდან ერთ-ერთია) გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს რომელიმე რელიგიაზე ან მორალურ დოქტრინაზე დაყრდნობით. ამის ნაცვლად, სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ერთმანეთისგან აცალკევებს სახელმწიფოსა და რელიგიას და აცხადებს სინდისის თავისუფლებას. სასამართლო ვერ გაასამართლებს ადამიანს, რომელმაც იმრუშა, მარხვა დაარღვია, აზარტული თამაშებით დაკავდა, მოყვასისადმი სიყვარული არ გამოავლინა ან რამე სხვა სახის ისეთი ცოდვა ჩაიდინა, რასაც ეკლესია გმობს.

ის, რომ სახელმწიფო გამიჯნულია ეკლესიისგან, არ ნიშნავს იმას, რომ რელიგიას არ აქვს გავლენა საჯარო დისკურსზე. ნებისმიერ რელიგიას და, განსაკუთრებით, დომინანტურს აქვს გავლენა ადამიანების ღირებულებების ჩამოყალიბებაზე, რასაც სახელმწიფოც ვერ უარყოფს. ლიბერალური მიდგომის მიხედვით, სახელმწიფოს მიზანი ამ გავლენის შემცირება კი არ არის, არამედ რელიგიური და საჯარო (სეკულარული) არგუმენტირების ერთმანეთისგან გამიჯვნა. ყველაზე ზოგადი და ფუნდამენტური ფორმით „ლიბერალიზმი“ სწორედ ამას ნიშნავს.

ერთი სიტყვით, ლიბერალიზმი არ ნიშნავს ეკლესიის ან რომელიმე ქრისტიანული (ან სხვა რელიგიის) პრაქტიკის კრიტიკას. ადამიანი, რომელიც ეკლესიას აკრიტიკებს, აუცილებლად ლიბერალი არ არის. ის შეიძლება იყოს სეკულარიზმის (ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის) მოწინააღმდეგე, დომინანტური ან უმცირესობის რელიგიის წარმომადგენელი; ის შეიძლება იყოს რადიკალი ათეისტი, რომელიც თვლის, რომ ეკლესია მთლიანად უნდა შეიზღუდოს საჯარო და კერძო სივრცეში (როგორებიც იყვნენ ბოლშევიკები საბჭოთა კავშირში) დ ა.შ. ეკლესიის კრიტიკა აუცილებლად ლიბერალობაზე არ მიანიშნებს.

ამ მსჯელობაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც „მორწმუნე“ არის „ლიბერალის“ ანტონიმი. სინამდვილეში, ბევრი მორწმუნე არის ლიბერალი, იმ აზრით, რომ ისინი ემხრობიან სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნას. ბევრი მორწმუნისთვის სარწმუნოება კერძო საკითხია, რომელიც გამიჯნული უნდა იყოს სახელმწიფო კანონმდებლობისგან. მაგალითად, როდესაც საქმე მკრეხელობის აკრძალვას ეხება, მორწმუნეებისთვისაც კი, ბევრ ქვეყანაში, სახელმწიფო დონეზე რეგულაციებისა და აკრძალვების დაწესება მისაღები არ არის, რადგან ეს დაარღვევს იმ ლიბერალურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც. ეს ორი სფერო ერთმანეთისგან განცალკევებული უნდა იყოს.

კიდევ ერთხელ რომ შევაჯამო, ყველა ადამიანი, ვინც ეკლესიას აკრიტიკებს, ლიბერალი არ არის და ყველა მორწმუნე, ვინც ეკლესიის კრიტიკოსებს ეწინააღმდეგება, აუცილებლად ფუნდამენტალისტი არ არის. ლიბერალიზმი გულისხმობს სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნას. ლიბერალური მიდგომის მიხედვით, ადამიანს აქვს უფლება თავისი აზრი გამოთქვას ნებისმიერ თემაზე - მათ შორის, ეკლესიაზე, მაგრამ მან თავისი კერძო შეხედულებები არ უნდა მოახვიოს თავს სხვა ადამიანებს სახელმწიფოს ძალის გამოყენებით.

ამავე ლოგიკით, „ლიბერალი“ არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს ადამიანს, ვინც ქართულ ტრადიციებს აკრიტიკებს. როდესაც ტრადიციების კრიტიკაზე საუბრობენ, ხშირად გაუგებარია ხოლმე, კონკრეტულად რომელია ეს ტრადიციები, რომლებსაც ებრძვიან... მაგრამ რომც განვსაზღვროთ ასეთი კონკრეტული ტრადიციები და ადამიანები, ვინც მათ ებრძვიან, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ვთქვათ, რომ ისინი აუცილებლად ლიბერალები არიან.

იმისათვის, რომ საქართველოში მიმდინარე დისკუსიებმა სახელმწიფოსა და კერძო მორალის ურთიერთმიმართების შესახებ შედეგი გამოიღოს, პირველ რიგში, საჭიროა, რომ სწორად განისაზღვროს, თუ კონკრეტულად რა იგულისხმება ლიბერალურ და არალიბერალურ მიდგომებში. საქართველოში ტერმინი „ლიბერალიზმი“ ხშირად აბსოლუტურად არასწორად გამოიყენება და ნიშნავს იმას, რასაც სინამდვილეში ნაკლები საერთო აქვს ლიბერალიზმთან: რელიგიის, ტრადიციების, ეთნიკური იდენტობის და ა.შ. კრიტიკას. სერიოზული დისკუსიები ლიბერალიზმზე ამგვარი შეხედულებებისგან უნდა გაიმიჯნოს.

XS
SM
MD
LG