Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის სურს და ვის არა თბილისის მერობა - რა არ უნდა გამოგრჩეს 20 მაისს


ვის (არ) უნდა თბილისის მერობა - რა ვიცით ამ ეტაპზე

თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვე რჩება და საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა - ვის დაასახელებენ პოლიტიკური პარტიები თავიანთ კანდიდატებად დედაქალაქის მერის პოსტზე.

ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის, მაგრამ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის არჩევითი პოსტისთვის ამ ეტაპზე სახელდება არაერთი პოლიტიკოსის გვარი და ამ მომენტში ისე ჩანს, რომ 2021 წელს თბილისელებს არჩევა საკმაოდ გრძელი სიიდან მოუწევთ.

იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ კანდიდატი დედაქალაქის ამჟამინდელი მერი - კახა კალაძე? ამ შეკითხვაზე „ქართულ ოცნებაში“ კონკრეტულ და ზუსტ პასუხს ჯერჯერობით არავინ სცემს. ლიდერები ამბობენ, რომ ჯერ ამ თემაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ კალაძე მათთვის ფრიად სასურველი კანდიდატი იქნებოდა.

პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „საიდუმლოდ“ უთხრა ისიც, რომ კახა კალაძე საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვით „პირველ ადგილზე“ გავიდა ამჟამად პოლიტიკაში „აქტუალურ და ჩართულ“ პირებს შორის. კობახიძემ დაამატა, რომ ამ სიაში არ იყო პარტიის ყოფილი თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც „პოლიტიკა დატოვა“.

ექსპერტთა აზრით, დიდი ალბათობით სწორედ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს წაართმევს ამომრჩეველთა ხმებს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია, თუკი ის მომავალი არჩევნებისთვის დედაქალაქის მერობას გადაწყვეტს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) აპრილის კვლევით გახარიას კალაძეზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა.

რა გეგმები აქვს ნაციონალურ მოძრაობას? რას აპირებენ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები? ეყოლება თუ არა ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი? რა კონტურები იკვეთება ამ ეტაპზე? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

"საქართველოს ევროპული მომავალი აქვს" - ზურაბიშვილმა და მიშელმა Op-Ed-ი გამოაქვეყნეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა euronews.com-ზე ერთობლივი Op-Ed-ი („საქართველოს ევროპული მომავალი აქვს“) გამოაქვეყნეს. შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის თავზე, ერთობლივი წერილი აჯამებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობასა და მის მიღწევებს.

ზურაბიშვილი და მიშელი ყურადღებას ამახვილებენ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე და მიუთითებენ, რომ ფარულმა პოლარიზაციამ მმართველი და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირა.

„ჩვენ, საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს, გვსურს ჩვენი უდიდესი კმაყოფილება გამოვხატოთ შეთანხმების მიღწევისა და მმართველი და ოპოზიციური პარტიების მხრიდან მასზე ხელმოწერის გამო. ეს შეთანხმება ასრულებს კრიზისს, რომელსაც შესაძლოა, გასული ათწლეულების განმავლობაში მიღწეული დემოკრატიული წინსვლა შეეფერხებინა და შეესუსტებინა საქართველოს პროგრესი ევროპულ გზაზე. ლიდერების, დიალოგისა და კომპრომისის მეშვეობით საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ქვეყნის კეთილდღეობისათვის განსხვავებები გვერდით გადადეს, რაც ჭეშმარიტად ევროპული სულისკვეთებით გაკეთდა და საქართველოს, როგორც რეგიონში წამყვანი დემოკრატიის იმიჯი გააცოცხლა“, - აცხადებენ ზურაბიშვილი და მიშელი.

წაიკითხე მეტი.

"ბორჯომი" დროებით აჩერებს ქარხნების მუშაობას, გაფიცულები პროტესტს არ წყვეტენ

ვაჩერებთ ორივე ქარხნის მუშაობას, რათა თავიდან ავიცილოთ აქტივისტების მიერ ორგანიზებული პროვოკაციები, – ამის შესახებ IDS ბორჯომი საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ფიქრობენ, რომ ეს არის გზა, არ შეასრულოს "ბორჯომმა" ის მოთხოვნები, რაც მათ აქვთ. პროტესტის ორგანიზატორი პროფკავშირების წარმომადგენელი, გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ კომპანიის განცხადების მიუხედავად პროტესტი გაგრძელდება და მოუწოდებს მთელი ქვეყნის მოქალაქეებს, ხვალ დღის 12 საათისთვის შეუერთდნენ გაფიცულების პროტესტს ბორჯომში.

კომპანია "ბორჯომის" პოზიცია ასეთია - ქარხნების მუშაობა განახლდება მსგავსი ტიპის უკანონო ქმედებების [პროტესტის] შეწყვეტისთანავე.

"ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლები ხელფასის გაზრდას, დასვენების უფლებას და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას მოითხოვენ. დღეს აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი.

გაფიცვის ორგანიზატორია აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი. ქარხნის მუშები ამბობენ, რომ კომპანიამ ხელფასი თითქმის 50%-ით შეუმცირა და არც ზეგანაკვეთურ შრომას ანაზღაურებს. გაფიცულთა თანახმად, ისინი დასვენების გარეშე მუშაობენ. თავად კომპანია ამბობს, რომ ზედმიწევნით იცავს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს და მათი თანამშრომლების ანაზღაურება 30-40%-ით მეტია დღეს, შრომის ბაზარზე არსებულ საშუალოსტატისტიკურ მაჩვენებელზე. კომპანიის მტკიცებით, ხელფასების გაცემაზე პრობლემა და შეფერხება არ ყოფილა პანდემიის დროს, მაღალი ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად.

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

20 მაისს იწყება "სინოფარმის" მეორე დოზაზე რეგისტრაცია აცრის 22-28 დღის ინტერვალში მსურველთათვის

დღეს, 12 საათიდან იწყება რეგისტრაცია მათთვის, ვისაც პირველი დოზის მიღებიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს „სინოფარმის“ მეორე დოზით ვაქცინაცია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანახმად, მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებების არჩევას სურვილისამებრ შეძლებენ.

„აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“, - ატყობინებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს.

„სინოფარმის“ მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ვაქცინაცია პირველი აცრიდან 21-ე დღეს სურდათ, 12 მაისიდანაა შესაძლებელი. დოზებს შორის ინტერვალი „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 21-28 დღეა.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის პირველი პარტია - 100 000 დოზა აპრილის დასაწყისში მიიღო. აცრა 4 მაისიდან დაიწყო და ვაქცინაციისთვის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გამოყოფილი ადგილები საკმაოდ სწრაფად შეივსო.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის რწმუნებულები ისევ არ შეუშვეს

დღეს, 19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად, ხელმძღვანელის მითითება დასახელდა, - ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ავრცელებს.

სოციალურ ქსელ ფეისბუკში იგი წერს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები ასევე იმყოფებოდნენ ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში, სადაც დღეს პანსიონიდან არც ერთი ბავშვი არ გამოცხადებულა. ამ გარემოებას ომბუდსმენი იმით ხსნის, რომ დაწესებულებას სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიღებული ჰქონდა ინფორმაცია სახალხო დამცველის წარმომადგენელთა მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ. მისივე ცნობით, სკოლის დირექტორთან გასაუბრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სკოლაში ბავშვები ზედამხედველების თანხლებით დადიან, საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას სკოლის შენობაში იმყოფებიან და იქ ელოდებიან ბავშვებს. სახალხო დამცველის თანახმად, ეს პრაქტიკა არღვევს ბავშვის საუკეთესო ინტერესს, რაზეც სკოლის ადმინისტრაციას ადგილზე მიეცა რეკომენდაცია.

წაიკითხე მეტი.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა რუსეთის გასვლას "ღია ცის" შესახებ შეთანხმებიდან

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა რუსეთის გასვლას "ღია ცის" შესახებ შეთანხმებიდან, რომელიც ითვალისწინებს 35 ხელმომწერი ქვეყნის მიერ ერთმანეთის ტერიტორიების ინსპექციას მზვერავი თვითმფრინავებით.

შეთანხმების დენონსირების შესახებ კანონპროექტი 11 მაისს შეიტანა სახელმწიფო დუმაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. 2 ივნისს ეს გადაწყვეტილება ფედერაციის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც დოკუმენტი პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად. დენონსირების დამტკიცებიდან ექვს თვეში რუსეთი დატოვებს შეთანხმებას.

2020 წლის მაისში შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა აშშ-მა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს ახსნა შეთანხმების დარღვევებით რუსეთის მხარის მიერ. კერძოდ, ვაშინგტონის პრეტენზიები გამოიწვია მოსკოვის მცდელობამ, შეზღუდოს ფრენა რუსეთის მიერ აღიარებული სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების მახლობლად და აიძულოს მაკონტროლებელი თვითმფრინავები, ანექსირებული ყირიმის აეროდრომებში დასხდნენ.

ვინ იცხოვრებს ახალ სახლში - რატომ არის თბილისში ცარიელი ახალი კორპუსები

თბილისში არსებობს უბნები, სადაც ღამღამობით მხოლოდ რამდენიმე ფანჯარაა განათებული,სადაც სათამაშო მოედნებიდან ბავშვების ხმა არ ისმის და მაღაზიაში რიგი არ დგება. ასეთ უბნებში ახალი კორპუსები მეპატრონეებს ელოდებიან.

2020-21 წლებში თბილისში 620 საცხოვრებელი სახლი ჩაბარდა და გაიცა კიდევ 4,859 საცხოვრებელი სახლის სამშენებლო ნებართვა. ქალაქი ფართოვდება და გარეუბნებში გადის, მაგრამ საშუალო ხელფასი კვადრატულობას ვერ ეწევა. 2020 წლის მონაცემებით, საშუალო ხელფასი 1 227 ლარია, ახალ კორპუსებში კი კვადრატული მეტრის ფასი 2 300 ლარსა და 4 200 ლარს შორის მერყეობს და ეს ფასი იზრდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2 %-ით გაიზარდა.

თუ უმეტესობას ახალი ბინის შეძენის ფული არ აქვს, ვისთვის შენდება ეს სახლები? წაიკითხე მეტი თამუნა ჩქარეულის სტატიაში.

გერმანიაში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების ერთი ჯგუფი ამბობს, რომ მათ დამსაქმებელმა პირობები ცალმხრივად შეუცვალა.

XS
SM
MD
LG