Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატია - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 ივლისს


„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად დაასახელეს

მთაწმინდის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე დაასახელეს. ის პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარუდგინა საზოგადოებას.

ამის შემდეგ მოქმედი მერი სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა „სიცოცხლით სავსე ქალაქის“ კონცეფციაზე. მისი თქმით, მან შეძლო ქაოსური განაშენიანების შეჩერება და ქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობა.

„როცა პოლიტიკის კეთებასთან ერთად გიწევს ყოველდღიური საქმის კეთება, რომელიც ხედავ, როგორ წაადგებათ ადამიანებს, როგორ მოიხმარენ შენი შრომის შედეგებს, როგორ ვითარდება და ხორცს ისხამს შენი ჩანაფიქრი - ეს საოცრებაა. ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც კი შეიძლება ინატროს დედაქალაქის მერმა“, - თქვა კალაძემ.

სიტყვით გამოსვლის დასაწყისში კალაძე მიესალმა მედიის წარმომადგენლებს და განაცხადა, რომ სურს კიდევ ერთხელ გამოხატოს პოზიცია 5 ივლისის მოვლენების შესახებ. მოგვიანებით კი მედიის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა და მათი მუშაობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა.

„რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს, და ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა“, - განაცხადა მერმა.

„ქართული ოცნება“ დარწმუნებულია გამარჯვებაში როგორც თბილისში, ასევე ყველა სხვა ქალაქში. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა: „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი უალტერნატივო პოლიტიკური ძალა ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია როგორც მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარება და ჩვენი მოქალაქეებისთვის რეალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა“.

მერის წარდგენამ, ისევე როგორც ბოლო დროს თითქმის ყველა ღონისძიებამ, მედიის პროტესტის ფონზე ჩაიარა. ჟურნალისტები გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავასა და 53 ჟურნალისტის ცემის ფაქტზე დამნაშავეების დასჯასა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდნენ.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

არცერთი ორგანიზატორი - ვინ დაიჭირა პოლიციამ 5 ივლისის გამო

თბილისის ქუჩებში ჟურნალისტებზე მასობრივი და ორგანიზებული თავდასხმებიდან 2 კვირის თავზე გამოძიებას მხოლოდ 26 ადამიანი ჰყავს დაკავებული. მათგან არც ერთს არ ედება ბრალი ძალადობის ორგანიზებაში.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძალადობისკენ მოწოდების საჯარო განცხადებების ვიდეოჩანაწერები, ამ დრომდე ძალადობრივი მოწოდებებისა და ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით არავინ არის დაკავებული. თავად დაკავებულთა ნაწილი კი სასამართლო პროცესებზე ამბობს, რომ გამოძიება მათ წინააღმდეგ მტკიცებულებებს არ ფლობს.

„უკვე აშკარად იკვეთება სამინისტროს და სახელმწიფოს განზრახვა, არ მისცეს პასუხისგებაში ამ ყველაფრის ორგანიზატორები მაშინ, როცა აშკარაა ორგანიზება მათივე განცხადებებიდან და მათი ქმედებები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას GDI-ის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი.

„მალე შეეძლოთ ორგანიზატორების დაკავება და სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა. ყველანაირი მტკიცებულება არსებობს ორგანიზატორების მიმართ, იქნება ეს მათი საჯარო განცხადებები, ფეისბუკზე აქტივობები, სატელევიზიო გამოსვლები თუ წინარე პროცესები. 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები ბევრად მძიმეა, ვიდრე ის, რაზეც ჩატარებულია ძალადობის ორგანიზების მუხლით გამოძიებები”, - ამბობს ის.

რას ამბობენ სასამართლო პროცესებზე ძალადობაში ბრალდებულები და რა საჯარო მოწოდებებით შეუძლია იხელმძღვანელოს გამოძიებამ? წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულის სტატიაში.

COVID-19: საქართველო ისევ წითელ ზონაში დაბრუნდა

საქართველო კოვიდინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის გამო უკვე „წითელ ზონაშია“. ინფორმაცია ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მიაწოდა.

„ჩვენ ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე, 17 მაისს და ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაცია გახლავთ მსგავსი, რაც იყო ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში”, - თქვა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე მიმართა საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, რომ ისევ სავალდებულო გახდეს პირბადის ტარება ღია სივრცეში. ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, „რიგი გამკაცრებები იქნება, პირველ რიგში აღსრულებასთან მიმართებაში“.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი, კოსმოსში გაფრინდა

20 ივლისს კომპანია „ბლუ ორიჯინის“ მიერ შექმნილი რაკეტა „New Shepard“-ით კოსმოსში პირველად იმოგზაურა მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, „ამაზონის“ დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა. მასთან ერთად „ბლუ ორიჯინის“ რაკეტით კოსმოსში უოლი ფანკიმ, 82 წლის მფრინავმა ქალმა, იმოგზაურა.

ფანკი, ერთ-ერთი პირველი ქალი აეროკოსმოსურ სფეროში, გახდა ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც ოდესმე გაფრენილა კოსმოსში.

ეკიპაჟში იყო ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა, 18 წლის ასტრონავტი, ოლივერ დეიმენი, რომელსაც კოსმოსში მოგზაურობისთვის ბილეთი მამამ, მილიარდერმა ჯოს დეიმენმა დაუთმო. უმცროსმა დეიმენმა მოხსნა რეკორდი, რომელიც ეკუთვნოდა საბჭოთა კოსმონავტ გერმან ტიტოვს, რომელიც 1961 წლის აგვისტოში კოსმოსში 25 წლის ასაკში გაფრინდა.

წაიკითხე მეტი.

ფრთხილად, კომენტარები! - როგორ წაგართვეს ტროლებმა და ბოტებმა დისკუსია

ტროლები და ყალბი ანგარიშები სხვადასხვა მედიის ფეისბუკგვერდებზე უკვე წლებია აქტიურობენ. ამის გამო მკითხველებისთვის ვირტუალურ დისკუსიაში მტყუან-მართლის გარჩევა და ერთმანეთთან ლაპარაკი სულ უფრო რთულდება.

დამკვეთების გათვლა ასეთია - საბოლოო ჯამში, ან გაიზიარებთ ყალბი ანგარიშების „მოსაზრებებს”, ან საერთოდ აღარ გამოხატავთ თქვენს აზრს.

რას ფიქრობს მოსახლეობა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე? მედიის მუშაობაზე? პოზიციასა და ოპოზიციაზე? მისაღებია თუ არა მისთვის 5 ივლისს თბილისში მომხდარი ძალადობა? მართლა უნდა 95%-ს, რომ ქვიარ-ადამიანები სახლებში ისხდნენ, როგორც ამას ირაკლი ღარიბაშვილი გვიმტკიცებს?

ამ კითხვებზე დამაჯერებელ პასუხს გინდ რადიო თავისუფლების, გინდა ნებისმიერი სხვა მედიების ფეისბუკკომენტარებში ძნელად თუ იპოვით. იშვიათად შეხვდებით დასაბუთებულ მოსაზრებებს, სამაგიეროდ, წაგლეკავთ სიძულვილი და აგრესია ყველას მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.

უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში რადიო თავისუფლების ფეისბუკგვერდზე 23-მა „არაკეთილსინდისიერმა” მომხმარებელმა დააკომენტარა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ტროლები იყვნენ. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი სანდრო გვინდაძე კომენტარებსა და პროფილებს ორი დღის განმავლობაში აკვირდებოდა. შედეგები წაიკითხე აქ.

ზინობიანი საქართველოში ერთადერთი სოფელია, სადაც უდიების შთამომავლები ცხოვრობენ - ეს ანა პაჭიკაშვილის (უდიურად პაჭიკის) მშობლიური სოფელია, რომელიც უნდა, რომ მიზიდულობის წერტილად იქცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG