Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვოტები და შედევრები (კანის კინოფესტივალის შედეგები)


მართალი გითხრათ, წლევანდელი კანის კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა როცა გაგვაცნეს, ეგრევე ვივარაუდე, რომ მსოფლიოს ნომერ პირველ კინოფორუმზე ბოლოს რაღაც აირეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჟიურის თავმჯდომარემ - ჩემი აზრით, საშუალოზე უფრო ცუდმა რეჟისორმა ალეხანდრო ინარიტუმ - თავის დასკვნით სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორეული ფილმი “პარაზიტები” ჟიურის ყველა წევრმა ერთხმად ცნო საუკეთესოდ, მაინც ვერ ვხვდები, რა საერთო უნდა ჰქონდეს ინარიტუს, მაგალითად, ალისია რორვაჩერთან, ან, თუნდაც, პაველ პავლიკოვსკისთან... როგორ შეიძლებოდა ეს ხალხი რამეზე შეთანხმებულიყო, თუკი მათ წინასწარ არ ჩაუტარეს “ინსტრუქტაჟი”... ანდა, უფრო ზრდილობიანები თუ ვიქნებით, ასე ვთქვათ, “არ გააცნეს კანის კინოფორუმის პრიორიტეტები”.

მახსოვს, 1992 წლის ბერლინის კინოფესტივალზე როგორ მოვუგე ნიძლავი ელდარ შენგელაიას, რომელიც “ბერლინალეს” ჟიურის წევრი იყო. არაფრით არ დამიჯერა, რომ ლორენს კასდანის ფილმი “გრანდ კანიონი” ფესტივალის მთავარი პრიზით აღინიშნებოდა. “გამორიცხულია, ეს ხომ ძალიან ცუდი ფილმიაო”, მითხრა “კანიონის” პრემიერის შემდეგ. მაგრამ ბატონი ელდარი პირველად იყო ბერლინის ფესტივალზე და ნაკლებად ერკვეოდა ა კლასის კინოფორუმების კონიუნქტურაში - კასდანის “საფესტივალო ფილმში” ყველაფერი იყო, რასაც ბერლინის კინოფორუმი რეჟისორისგან ითხოვდა: მარცხნივ მიმართული “ლიბერალური აქცენტები”, პოლიტკორექტულობა, უმცირესობები... და “ოქროს დათვისთვის” მნიშვნელოვანი - ფილმის კომერციული წარმატების პერსპექტივა. ჟიურის დასკვნითი სხდომა რომ დასრულდა, გაბრაზებულმა და გაკვირვებულმა ელდარ შენგელაიამ მითხრა: “წავაგე ნიძლავი!”

შესაძლებელია კორეული ფილმი “პარაზიტები”, რომელიც წლევანდელი “პალმის რტოს” ლაურეატი გახდა, მართლაც, ერთადერთი სურათი იყო საკონკურსო პროგრამაში, რომელიც ჟიურის ყველა წევრს მოეწონა. ეს, მართლაც, ძალიან კარგი ფილმია - ამბავი ორ ოჯახზე - ღარიბზე და მდიდარზე (შესაბამისად, კლასთა დაპირისპირებაზე), ერთდროულად სასაცილო და ტრაგიკული ამბავი, გონებამახვილური, დაძაბული, დასამახსოვრებელი სახეებითა და პერსონაჟებით. ადამიანი თუ ხარ, არ შეიძლება არ მოგეწონოს, მაგრამ ეგ არის და ეგ. ყველაფერი დანარჩენი, რაც კანის კინოფესტივალის წლევანდელ კონკურსში ვნახეთ, პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ - დიდი ოსტატების ფილმები და ნაკლებად ცნობილი, ან სრულიად უცნობი ავტორების სურათები, რომლებიც, როგორც ჩანს, კონკურსში კვოტებით მოხვდნენ. ხომ გახსოვთ, როგორი აქცია გამართეს ფემინისტებმა კანის ფესტივალების სასახლესთან 2 წლის წინ, როცა აღმოჩნდა, რომ საკონკურსო პროგრამაში ქალის გადაღებული მხოლოდ 3 ფილმი იყო. წლევანდელი ფესტივალის გახსნის წინ დირექციამ რაღაც პროცენტებზე დაიწყო ლაპარაკი - ჟიურიში გენდერული ბალანსი უკვე დავიცავით, რამდენიმე წელიწადში საკონკურსო პროგრამაშიც მივაღწევთ ბალანსსო... მე პირადად არ ვარ კვოტების წინააღმდეგი და მჯერა, რომ იმ ასიმეტრიულ სისტემაში, რომელშიც მუშაობა უხდებათ კინემატოგრაფისტ ქალებს, დიახაც ნორმალურია, როცა წლების მანძილზე დაჩაგრულებს ეხმარებიან და შანსს აძლევენ. მაგრამ რანაირად უნდა დაიცვას კანის ფესტივალის დირექციამ ბალანსი, თუკი ქალებს ისევ ეჭვით უყურებენ დიდი სტუდიები, თუკი ისევ უჭირთ დაფინანსების მოპოვება თავიანთი პროექტებისთვის? გამოდის, რომ კანის ფესტივალი, მხოლოდ იმიტომ რომ გენდერული ბალანსი დაიცვას, იმ ქალების ფილმებს რთავს კონკურსში, რომლებსაც ბედმა გაუღიმათ? ან, რა ვიცი, რაღაც გზებით მოახერხეს ფილმის დასრულება?

ქსავიე დოლანს, კანადელ რეჟისორს, წელს კანში უკმაყოფილება გამოუხატავს, ჩემს ფილმზე როცა წერთ, “გეი-დრამას” ნუ ამბობთო... ჰეტეროსექსუალური წყვილის რომანზე ხომ არ იტყვით “ჰეტერორომანიო”? და მართალია ეს კაცი. აბა, რამდენად ნორმალურია, როცა ფესტივალის გრან-პრით აღნიშნულ ფილმზე ვამბობთ: “სურათის რეჟისორი პირველი შავკანიანი ქალია, რომლის ფილმი მონაწილეობს კანის ფესტივალის კონკურსში”? არის თუ არა ეს “პირველი შავკანიანი ქალის” შეურაცხყოფა? ალბათ, არის. მაგრამ რა ვქნათ? ცუდი ფილმია ეს “ატლანტიკი”, ცუდად გადაღებული, ცუდად აწყობილი (სენეგალელ მსახიობებს, ეტყობა, უჭირთ კამერის წინ თამაში, ამიტომ ავტორმა საშუალო და შორი ხედები არჩია, ან ზურგით გადაღება... მაგრამ გარემოს გამოხატვა და ნორმალურად განათება ვერ შეძლო, რამაც საერთოდ მოკლა ემოცია და თანაგრძნობა ფილმში).. ანდა საკონკურსო პროგრამის ფრანგული ფილმი ავიღოთ - “ასალგაზრდა ქალის პორტრეტი ცეცხლში”... ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში გადაიღო უნგრელმა რეჟისორმა კაროი მაკმა ფილმი ქალებზე, ლესბოსელებზე, რომლებსაც ებრძვის სისტემა და საზოგადოება. რა ვნახეთ აქ? მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთი და “აკრძალული სიყვარული”, ორი ახალგაზრდა ქალის ურთიერთობის ამბავი, გადაღებული რატომღაც “შენელებული დროის”, ანუ რაპიდის, ტექნიკით, არაერთხელ რომ გვინახავს კინოში. უბრალოდ, იმ ფილმებში “ჰეტეროსექსუალური სიყვარული” იყო, აქ - ლესბოსური. გამარჯვებულებს შორის ამ ფილმის დასახელება სამ კურდღელს ერთად კლავს - რეჟისორი ქალია, ფილმი სექსუალურ უმცირესობაზეა და, თანაც, ფრანგული! ფრანგებს კი კანის ფესტივალზე კვოტები ლამის ოფიციალურად აქვთ დაწესებული. ყველა ფესტივალზე, რამდენი წელია უკვე, ერთი ფრანგული ფილმი მაინც ხვდება პრიზიორებს შორის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანში იჩაგრებიან ეთნიკური უმცირესობები და შანსს არ აძლევენ იმ ქვეყნებს, სადაც კინოს წარმოებას პრობლემები აქვს ფინანსების გამო. წლევანდელ კონკურსში ასეთი ფილმი ბევრი არ იყო, მაგრამ რაც იყო, ის გამარჯვებულებს შორის გამოცხადდა - ბრაზილიური “ბაკურაუ” (ჟიურის სპეციალური პრიზი), ამბავი ღარიბი სოფლის მცხოვრებლებზე, რომლებიც თავებს მოაჭრიან დამპყრობელს, რა თქმა უნდა, ამერიკელებს, მოთხრობილი მაგიური რეალიზმის ესთეტიკაში, მაგრამ უსაშველოდ სწორხაზოვნად და ტლანქად. ასევე პალესტინელი რეჟისორის, ელია სულეიმანის, ახალი ნამუშევარი - “ეს, ალბათ, სამოთხეა” (ჟიურის პრიზი). ვისაც სულეიმანის წინა ფილმები გახსოვთ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს ახალი სურათი უკვე ნახეთ: “სამოთხე” პალესტინელი რეჟისორის ძველი ფილმების ასლია.

კვოტირებული ავტორების წარმატებას კიდევ გადავიტანდით, კანის 72-ე კინოფესტივალზე დიდი ოსტატების ახალი ნამუშევრები რომ არ გვენახა, მაგრამ კვოტირებულებმა დაიტაცეს პრიზები და კლასიკოსებს არაფერი დაუტოვეს; პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმისთვის “ტკივილი და დიდება” ჟიურიმ მხოლოდ ერთი პრიზი გაიმეტა, რომელიც არა ალმოდოვარს, არამედ ანტონიო ბანდერასს ერგო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე ბანდერასმა თითქოს ხაზგასმით გადაუხადა მადლობა ალმოდოვარს, რომელიც დახურვის საღამოზე საერთოდ არ გვინახავს)... სხვები - კენ ლოუჩი, მარკო ბელოკიო და, რაც მთავარია, კვენტინ ტარანტინო პრიზების გარეშე დარჩნენ. ახლა პირადად მე მოუთმენლად დაველოდები კანის წლევანდელი ფესტივალის შედეგებით კმაყოფილი კოლეგების არგუმენტებს იმის გასაგებად, თუ რატომ არის უკეთესი სენეგალური ფილმი “ატლანტიკი” თუნდაც კვენტინ ტარანტინოს ფილმზე “ერთხელ ჰოლივუდში”, ანდა ელია სულეიმანის “კაპუსტნიკი” რატომ სჯობს მარკო ბელოკიოს ნამდვილ კინოოპერას იტალიურ მაფიაზე, ფილმს “ჩამშვები”... პასუხი “ტარანტინოს ისედაც აქვს სახელი და დიდება, ახლა სხვებს სჭირდებათ დახმარება” არ მიიღება! ჯერ ერთი, სახელი და დიდება ამ “სხვებსაც” აქვთ - ჟიურიმ პრიზით საუკეთესო რეჟისურისათვის აღნიშნა ბელგიელი რეჟისორების, ძმები დარდენების, ფილმი “ყმაწვილი აჰმედი”... გარდა ამისა, თუკი ფილმი ჩართულია საკონკურსო პროგრამაში, ე.ი. მონაწილეობს კონკურსში, ჰო? რა შუაშია მაშინ “ისედაც აქვს სახელი”? რატომ ვამართლებთ ჟიურის, რომელმაც ასე დემონსტრაციულად დაჩაგრა ოსტატები კანის 72-ე კინოფესტივალზე?

ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ძვირფასო კინოს მოყვარულებო. შედით ვიკიპედიაში, აკრიფეთ “კანის ფესტივალი” და ნახეთ, რომელი ფილმები იმარჯვებდნენ აქ წინა წლებში. თითქმის ყველა ფესტივალზე გამარჯვებულებს შორის ნახავდით ფილმს, რომელიც დღეს არავის, მართლა არავის აღარ ახსოვს, მაგრამ იმხანად კვოტის გამო მოხვდა ლაურეატებში. მესმის, რომ ფესტივალი შანსს აძლევს იმას, ვისაც უჭირს. ისიც მესმის, რომ სტიმული, მართლაც, სჭირდებათ ქალებს, უმცირესობებს და ისიც, რომ აფრიკელი რეჟისორი შეიძლება სხვანაირად ხედავდეს სამყაროს: “ბნელი კადრი” მისთვის, შესაძლებელია, სულაც არ იყოს ბნელი.. პირიქით, გამოხატვის ფორმა იყოს. და მაინც, ელდარ შენგელაიას მსგავსად, თქვენც დაგენიძლავებით, რომ კანის წლევანდელ ფესტივალზე გამარჯვებულ რეჟისორებს შორის ბევრია ისეთი, ვინც მომავალში არაფერს ღირებულს არ გადაიღებს, სხვები კი - პედრო ალმოდოვარი, კენ ლოუჩი, მარკო ბელოკიო, კვენტინ ტარანტინო - კიდევ გაგვახარებენ

ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ოსტატები!

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG