Accessibility links

რატომ არ დაბომბეს აუშვიცი?​


აუშვიცის (იგივე ოსვენციმი) განთავისუფლების თარიღის მოახლოებისას (რაც ასევე შოას მსხვერპლთა ხსოვნის დღეა), დასავლეთის პრესაში მუდმივად ქვეყნდება სტატიები, რომლებიც რუზველტსა და ჩერჩილს ბრალს სდებს აუშვიცის არდაბომბვის გამო. „ლონდონმა და ვაშინგტონმა მშვენივრად იცოდნენ აუშვიცის ჯოჯოხეთის შესახებ და, მიუხედავად ამისა, ჩერჩილი და რუზველტი არ შეეცადნენ, გაენადგურებინათ სიკვდილის ეს ყველაზე დიდი მანქანა. თავისუფალი სამყაროს ლიდერები თითს არ გაანძრევენ ებრაელების გადასარჩენად“ - ასეთია ძირითადად ამ სტატიების პათოსი.

მითს აუშვიცში ბედის ანაბარა მიტოვებული ებრაელების შესახებ საფუძველს ჩაუყრის ამერიკელი ისტორიკოსი დეივიდ ვაიმანი, რომლის 1978 წელს გამოქვეყნებული სტატია და 1984 წელს გამოცემული ბესტსელერი პირდაპირ დაადანაშაულებს ჩერჩილსა და რუზველტს უმოქმედობაში: „ამერიკულ ბომბდამშენებს შეეძლოთ დაებომბათ აუშვიცი. (...) გაზის კამერებისა და კრემატორიუმების გარეშე ნაცისტები ვეღარ შეძლებდნენ ებრაელების განადგურებას“.

შეიძლება ყურადსაღებია ის, რომ მოკავშირეებს არ გააჩნდათ ზუსტი ინფორმაცია 40 კმ²ფართობზე გადაშლილ აუშვიცში სად იყო გაზის კამერები, სად კრემატორიუმები და სად იყო კონცენტრირებული ათიათასობით ებრაელი და არაებრაელი ტუსაღი.
შეიძლება ყურადსაღებია ის, რომ მოკავშირეებს არ გააჩნდათ ზუსტი ინფორმაცია 40 კმ²ფართობზე გადაშლილ აუშვიცში სად იყო გაზის კამერები, სად კრემატორიუმები და სად იყო კონცენტრირებული ათიათასობით ებრაელი და არაებრაელი ტუსაღი.

დეივიდ ვაიმანისა და მისი თანამოაზრე ისტორიკოსების არგუმენტები ერთი შეხედვით არაახელწამოსაკრავი: 1944 წლის გაზაფხულზე ლონდონსა და ვაშინგტონს მრავლად ჰქონდათ ინფორმაცია ნაცისტების მიერ ებრაელების მასობრივი გაწყვეტის შესახებ. 1944 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე ჯერ ამერიკელი ორთოდოქსი რაბინების გაერთიანება სთხოვს ვაშინგტონს, შემდეგ კი ხაიმ ვაიცმანი ​ (ისრაელის მომავალი პირველი პრეზიდენტი) და მოშე შარეთი (ისრაელის მომავალი პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი) სთხოვენ ენტონი იდენს (ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს), დაებომბათ აუშვიცი. როგორც ჩერჩილი, ისე რუზველტი, მოწადინებული იყვნენ ღონე ეხმარათ ებრაელების დასახმარებლად: „Get anything out of the Air Force that you can“ („რაც კი შესაძლებელია, გააკეთეთ სამხედრო-საჰაერო ძალებით“) - ეტყვის ჩერჩილი ენტონი იდენს. იმავე სულისკვეთებით იყო გამსჭვალული რუზველტი. მაგრამ ორივე პოლიტიკური ლიდერი უძლური აღმოჩნდება სამხედრო რეალობის წინაშე: როგორც ჯონ მაკლოი (რუზველტის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მრჩეველი) უპასუხებს ებრაელ ლიდერებს, ლოგისტიკურად მოკავშირეებისათვის ეს მისია შეუძლებელი გახლდათ.

ზუსტად ამ პუნქტს აყენებს ეჭვქვეშ დეივიდ ვაიმანი და ხაზს უსვამს, რომ თუ მოკავშირეების ბომბდამშენებს შესწევდათ ძალა აუშვიციდან 75 კმ დაშორებულ ბლეხჰამერის ინდუსტრიულ ცენტრზე მრავალჯერადი რეიდი ჩაეტარებინათ 1944 წლის ზაფხულ-შემოდგომას, შეეძლოთ იგივე განეხორციელებინათ აუშვიცზეც.

სინამდვილეში, ლოგისტიკურ პრობლემებზე კონცენტრირება სჯა-ბაასის გარეთ ტოვებს სხვა უფრო მნიშვნელოვან ასპექტებს: მთავარი ის არაა, არსებობდა თუ არა ლოგისტიკური პრობლემები მოკავშირეების ავიაციისათვის; შეიძლება არც ისაა ნიშანდობლივი, რომ 1944 წლის 11 ივნისს თვით დავიდ ბენ-გურიონი, ებრაული სააგენტოს თავჯდომარე (და ისრაელის მომავალი პირველი პრემიერ-მინისტრი) მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სააგენტო არ მოსთხოვს აუშვიცის დაბომბვას ვაშინგტონსა და ლონდონს; შეიძლება არც ისაა გასათვალისწინებელი, რომ იმავე აზრის იქნება ებრაელთა მსოფლიო კონგრესიც.

სამაგიეროდ შეიძლება ყურადსაღებია ის, რომ მოკავშირეებს არ გააჩნდათ ზუსტი ინფორმაცია 40 კმ²ფართობზე გადაშლილ აუშვიცში სად იყო გაზის კამერები, სად კრემატორიუმები და სად იყო კონცენტრირებული ათიათასობით ებრაელი და არაებრაელი ტუსაღი, რომელთა ნაწილი ე.წ. შრომის ბანაკში (Arbeitslager) მუშაობდა და გადარჩენის შანსი ჰქონდა. ეს უცოდინარობა კი ამ ფართო ტერიტორიის დაბომბვის შემთხვევაში უდიდეს მსხვერპლს გამოიწვევდა ებრაელებს შორის.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მხოლოდ 15-25 წლის შემდეგ დაიწყებს აუშვიცი ნელ-ნელა შესვლას დასავლეთის ისტორიაში და მხოლოდ 80-იან წლებში გახდება აბსოლუტური ბოროტების სიმბოლო.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მხოლოდ 15-25 წლის შემდეგ დაიწყებს აუშვიცი ნელ-ნელა შესვლას დასავლეთის ისტორიაში და მხოლოდ 80-იან წლებში გახდება აბსოლუტური ბოროტების სიმბოლო.

და დავუშვათ და დაებომბათ ამერიკელებს აუშვიცის გაზის კამერები და კრემატორიუმებიე.წ. „ჭკვიანი“ ბომბებით (რომლებიც მაშინ არ არსებობდა). შეცვლიდა ეს რამეს, როგორც ამას დეივიდ ვაიმანი ამტკიცებს? რა თქმა უნდა, არაფერს: თუ დაახლოებით 2,6 მილიონი ებრაელი მოკლეს გერმანელებმა ტყვიის საშუალებით 1941-1942 წლებში, რა შეუშლიდა ხელს ამის გაგრძელებას 1944 წელს? მითუმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 1944 წლის ზაფხულისათვის, შოას (ჰოლოკოსტის) საერთო მსხვერპლის დაახლოებით 87,7% უკვე განადგურებული იყო ნაცისტების მიერ.

სინამდვილეში დეივიდ ვაიმანის მიერ ისტორიოგრაფიაში „ყურით შემოთრეული“ ე.წ. ისტორიული დებატები დაბომბვა-არდაბომბვის შესახებ სრული ანაქრონიზმია: ვის ჰქონდა 1944 წელს წარმოდგენილი კატასტროფის მასშტაბი? - არავის აბსოლუტურად; 1944 წელს ვინ ანიჭებდა ან დასავლეთის პოლიტიკურ ელიტაში ან თუნდაც ებრაელ ლიდერებში უდიდეს მნიშვნელობას იმ მოვლენას,რომელსაც დღეს ჩვენ განვიხილავთ მსოფლიო ისტორიის ყველაზე დიდ კატასტროფად? - რა თქმა უნდა, არავინ; „რაც უფრო ნაკლებს ვსაუბრობდით შოაზე, მით უკეთესად ვგრძნობდით თავს. და ასე დაისაკუთრებს ადგილს დიდი სიჩუმე“, - ასე აღწერს ისრაელელი ჟურნალისტი ტომსეგევი ომის შემდგომ ათწლეულებს. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მხოლოდ 15-25 წლის შემდეგ დაიწყებს აუშვიცი ნელ-ნელა შესვლას დასავლეთის ისტორიაში და მხოლოდ 80-იან წლებში გახდება აბსოლუტური ბოროტების სიმბოლო. ასე რომ, ე.წ. ისტორიული დებატები დაბომბვა-არდაბომბვის შესახებ ბევრად უფრო მეტს ამბობს ჩვენს ეპოქაზე, ჩვენს მიდრეკილებაზე თვითგვემისა და მონანიებისკენ, ვიდრე 1944 წლის ცხელ ზაფხულზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG