Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორალური მანიქეიზმი, ანუ შავი და თეთრი პალესტინასა და ისრაელს შორის


გვირაბი ღაზაში
გვირაბი ღაზაში

9 ოქტომბერს, ჰამასის მიერ მოწყობილი სასაკლაოს მეორე დღეს, ჰარვარდის, მსოფლიოს ამ ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის, 34 სტუდენტური ორგანიზაციის კოალიციამ განაცხადა, რომ „ისრაელის რეჟიმს აკისრებენ სრულ პასუხისმგებლობას ყველა ძალადობაზე, რომელიც ოკუპაციის მრავალი დეკადის განმავლობაში მიმდინარეობს“.

ისრაელის „აპართეიდული რეჟიმი ერთადერთი დამნაშავეა“ - ეწერა განცხადებაში.

ის, რომ მორალური მანიქეიზმი უკვდავია დიდი ხანია, რაც ვიცოდით. ის, რომ სამყაროს შავ-თეთრ ფერებში დანახვა, რთულ პრობლემებზე მარტივი პასუხის ნახვა, არა მარტო ტვინგამორეცხილებისა თუ უმეცრების ბედია, ესეც არაა სიახლე. გასაკვირი ისაა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში, რომლის დევიზიც არის Veritas (სიმართლე), ასეთი რამ ხდება.

ისე, ერთი-ორი კვირა რომ დაეცადათ ჰარვარდელებს მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ ფესტივალზე მოცეკვავე ასობით ახალგაზრდა და ათობით მძინარე ბავშვი მოკლა და მერე გამოექვეყნებინათ თავიანთი დასკვნა, ხომ შეიძლებოდა?

ის, რომ არც ისტორია ზოგადად და არც ისრაელ-არაბების ურთიერთობები არ არის შავ-თეთრ ფერებში დახატული, რომ მონოპოლია სიკეთესა და ბოროტებაზე არავის აქვს, ეს იმთავითვე ცნობილი უნდა ყოფილიყო მათთვის, როგორც ჰარვარდის სტუდენტებისათვის.

პალესტინის სახელმწიფო უკვე სამჯერ იქნა Urbi et Orbi გამოცხადებული და თუ ვერც ერთხელ იქნა სისრულეში მოყვანილი, თუ პალესტინელები დღესაც ასე ტრაგიკულ სიტუაციაში არიან - ლომის წილი პასუხისმგებლობისა თვით არაბ სახელმწიფოებს და პალესტინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მიუძღვის.

პალესტინელი არაბების დამოუკიდებლობის პირველ დეკლარაცია 1948 წლის 30 სექტემბერს, ეგვიპტის არმიის კონტროლის ქვეშ მყოფ ღაზაში გამოცხადდა. ამ გამოცხადებას წინ უსწრებდა ათთვიანი ომი ებრაელებსა და არაბებს შორის, რომლის შედეგადაც ისრაელმა პალესტინის ტერიტორიის 77 % დაიკავა, რის შედეგადაც ღაზის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ასი ათასობით არაბი ლტოლვილი. იმ პერიოდში სიტყვა „პალესტინას“ მხოლოდ ტოპონიმური დატვირთვა ჰქონდა.

რაც შეეხება დარჩენილ ტერიტორიას, იორდანიის მარცხენა სანაპიროს ანექსიას იორდანიის მეფე მოახდენს. ღაზის ტერიტორიაზე გამოცხადებულ პალესტინის მთავრობას, რომელიც ეგვიპტის დედაქალაქში გადასახლდება, აღიარებს ეგვიპტე, ერაყი, ლიბანი, სირია, იემენი და საუდის არაბეთი. თუმცა არაბული სახელმწიფოების ეს სიმბოლური აღიარება მცირეხნიანი აღმოჩნდება: 1949 წელს არაბული სახელმწიფოები ისრაელთან ხელს მოაწერენ ზავის შეთანხმებას და ამის პარალელურად, შეთანხმდებიან უარი უთხრან პალესტინის მთავრობას როგორც წარმომადგენლობაზე არაბთა ლიგაში, ასევე გაეროს მიერ ლოზანაში მოწვეულ სამშვიდობო კონფერენციაზე.

არაბი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას კატასტროფული შედეგი ექნება 700 000 პალესტინელი არაბი ლტოლვილისათვის: პალესტინელი არაბები მოხვდებიან UNRWA სააგენტოს სტატუსის ქვეშ. გაეროს დახმარებისა და სამუშაოების ეს სააგენტო განსხვავდება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიის UNHCR-ისგან, რომლის მისია ლტოლვილთა რეპატრიაციაა. ამგვარად, არაბი სახელმწიფოები 700 000 პალესტინელ არაბ ლტოლვილს საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნების პერსპექტივას თვითონ მოუკლავს.

1964 წელს, როცა ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი შექმნის „პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას“, მისი ერთადერთი მიზანი იქნება არა პალესტინელი ლტოლვილების საქმის ხელშეწყობა, არამედ პრობლემის მონოპოლიზება და არაბი სახელმწიფოების დაპირისპირების ჩახლართულ თამაშში „ჯოკრად“ გამოყენება. სწორედ ამიტომაც ნასერი გააჩაღებს ბრძოლას 1959 წელს ქუვეითში იასერ არაფატის მიერ დაარსებულ ორგანიზაცია „ფატაჰ“-ის წინააღმდეგ, რომელიც ემხრობოდა „პალესტინის ებრაელებისაგან განთავისუფლებისთვის“ შეიარაღებულ ბრძოლას.

1969 წელს, არაბი სახელმწიფოების (ეგვიპტე, იორდანია, სირია) ისრაელთან ექვსდღიან ომში დამარცხების ორი წლისთავზე, იასერ არაფატი ხელში ჩაიგდებს ნასერის მიერ დაარსებულ „პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას“.

1974 წელს, არაფატის ხელმძღვანელობით, „პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია“ გამოიმუშავებს პროგრამას, რომლის მიზანი იქნება „დამოუკიდებელი, ეროვნული და მებრძოლი ხელისუფლების შექმნა ჩვენი ხალხისთვის, პალესტინის ტერიტორიის ნებისმიერ ნაწილში, რომელიც იქნება განთავისუფლებული“.

ამგვარად უარყოფილი იქნება ისრაელთან თანაარსებობის პერსპექტივა.

თუმცა იასერ არაფატსაც დიდხანს არ მოუწევს პალესტინური მიწებისათვის ბრძოლა - 1975 წლის იანვარში იასერ არაფატი თავის „ფედაინებთან“ ერთად ჩაერთვება ლიბანის სამოქალაქო ომში, სადაც მალე დამარცხდება.

ამასობაში, არაფატის ორგანიზაციის გავლენა ღაზაში და იორდანიის მარცხენა სანაპიროზე შაგრენის ტყავივით შემცირდება. ამას დიდ წილად ხელს შეუწყობს ისრაელი, რომლის დახმარებითაც ღაზაში და იორდანიის მარცხენა სანაპიროზე ჯერ ფეხს გაიდგამს, და შემდეგ კი გაძლიერდება, „ჰამასის“ წინამორბედი „მუსლიმთა საძმო“. ვიღას ახსოვს დღეს 1973 წლის სექტემბერში ღაზაში გადაღებული კადრები, სადაც „ჰამასის“ მომავალი ლიდერი შეიხ ახმედ იასინი და ებრაელი სამხედროები ერთად ხსნიან „მუსლიმთა საძმოს“ სახლს?

რაც შეეხება ისრაელის შეცდომებს, რომელთა რიცხვი ლეგიონია, ეს სხვა საუბრის თემაა.

1982 წლის ზაფხულში, ლიბანში ისრაელის შეჭრის შემდეგ, არაფატი თავს შეაფარებს ტუნისს თავის „ფედაინებთან“ ერთად და იქიდან დაიწყებს თვალის დევნებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებზე, სადაც არაფატის ფატაჰის ადგილობრივი აქტივისტები გააღრმავებენ თანამშრომლობას პალესტინელ მემარცხენეებთან, რომლებიც დიდ ხანია მხარს უჭერდნენ ორი სახელმწიფოს - ისრაელისა და პალესტინის - მშვიდობიან თანაარსებობას.

ფატაჰის და პალესტინის მემარცხენეების ეს თანამშრომლობა, 1987 წლის მიწურულს დაწყებულ ინტიფადისას (სამოქალაქო აჯანყება), აიძულებს ფატაჰს უარი თქვას იარაღის გამოყენებაზე.

ინტიფადას შემყურე შეიჰ აჰმედ იასინი, შეშინებული რომ დაკარგავდა მონოპოლიას ისრაელთან ბრძოლაზე, 1987 წლის დეკემბერში „მუსლიმთა ძმების ორგანიზაციას“ გადააქცევს „ჰამასად“ - ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა.

1988 წლის აგვისტოში „ჰამასის“ მიერ შემუშავებული ქარტია, რომელიც დღესაც ძალაშია, განაცხადებს ისრაელის და ებრაელების მიწის პირიდან აღგვის შესახებ.

ამ ისტორიის შემდეგი ფურცლების მოკლე ჩამონათვალი ასეთია:

  • ოსლოს სამშვიდობო პროცესის დაწყება მემარცხენე იცჰაკ რაბინის და შიმონ პერესის მიერ (1993 წ);
  • ისრაელის მიერ არაფატის თაოსნობით პალესტინის ნახევრად-ავტონომიის აღიარება;
  • „ჰამასის“ მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტების მთელი სერია „ოსლოს პროცესის“ ჩასაშლელად;
  • არაფატის ორაზროვანი დამოკიდებულება „ჰამასის“ მიერ გაჩაღებული ტერორის მიმართ;
  • რაბინის მკვლელობა ებრაელი ტერორისტის მიერ (1995 ნოემბერი) და „ჰამასის“ ტერორის ფონზე ნეთანიაჰუს თაოსნობით მემარჯვენეების მოსვლა ისრაელის სათავეში (1996 წლის მაისი).

ამ დღიდან მოყოლებული, (თუ არ ჩავთვლით ეჰუდ ბარაკის პრემიერობის მცირე პერიოდს), ებრაელი მემარჯვენე ნაციონალისტები (და დღეს უკვე ულტრანაციონალისტები), გამუდმებით იქნებიან ისრაელის სათავეში და ხან პირდაპირ (2006 წლის პალესტინის არჩევნებში), ხან კი ირიბად, ხელს შეუწყობენ „ჰამასის“ გაძლიერებას იასერ არაფატისა და მის მემკვიდრე მაჰმუდ აბაზის ხარჯზე.

რაც შეეხება არაბ ქვეყნებს, 2020 წელს ისინი ისე მოაწერენ ხელს ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომ ზრდილობის გულისთვისაც კი არ ახსენებენ პალესტინელი ლტოლვილების პრობლემას.

დღეს „ჰამასის“ ხელში მყოფ დაახლოებით 150 ებრაელ მძევალთან ერთად, მისი მძევალია ღაზის 2,3-მილიონიანი მოსახლეობა. თუმცა პირველად არ ხდება, როცა „ჰამასს“ პალესტინელები მძევლად აჰყავს - ებრაელი ბავშვებისა და მოხუცების მოკვლა და მერე პალესტინელი ქალების და ბავშვების ზურგს უკან დამალვა, ხომ მისი ხელწერაა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG