Accessibility links

logo-print logo-print

ნიკა მელია დააკავეს - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 თებერვალს


დააკავეს ნიკა მელია

პოლიცია და სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევიდა. მათ უკვე დააკავეს პარტიის ლიდერი ნიკა მელია. შენობის რამდენიმე ოთახში გაუშვეს სავარაუდოდ წიწაკის გაზი.

დილის 7:30-ზე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სამართალდამცველები გამოჩნდნენ. მათ მალე სპეცრაზმიც შეუერთდა.

სამართალდამცველებმა მოქალაქეებს მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ პარტიის შენობა, უარის შემდეგ კი შენობაში შევიდნენ. მათ ოპოზიცია ხელაწეულები დახვდა. შენობის ალყის შემდეგ საპოლიციო ძალები ყველა სართულზე განლაგდნენ. შენობიდან გაუშვეს მედია, თუმცა იქ ბოლომდე რჩებოდნენ ნიკა მელიას მხარდამჭერები და აქტივისტები.

მხარდამჭერებს დაკავებამდე მიმართა პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და მათ არაძალადობრივი წინააღმდეგობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ გვიპირისპირდება რეჟიმი, არანაირი ხელისუფლება, მთავრობა. ეს ადამიანები აქ მოვლენ, დღეს იქნება თუ ხვალ, მოვლენ. თავისუფლებამოყვარულ ხალხთან მოვლენ მონები. მოვლენ მონურ მორჩილებაში მყოფი ხალხი. ნიღბებით, ცრემლმდენი გაზით, ალბათ, ხელკეტებით და სხვადასხვა აღჭურვილობით. მე მინდა გთხოვოთ, რომ მათი გამოჩენისთანავე ჩვენ მათ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა, ოვაცია და ასე მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ერთ მხარეს დგას თავისუფალი ქვეყნის თავისუფლებამოყვარული ქართველი ხალხი და მეორე მხარეს - ივანიშვილი, ღარიბაშვილი“, - თქვა მან.

ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილების აღსრულება მას მერე დაიწყო, რაც გუშინ პარლამენტმა პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს დაუჭირა მხარი, მან კი სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მელიას საქმეზე „კანონი უნდა აღსრულდეს“.

პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა დაამტკიცა

89/2 - საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტი დაამტკიცა. პრემიერის პოსტზე დაბრუნებული ღარიბაშვილის ტონი გუშინ მკაცრი იყო ოპოზიციის მიმართ. მან პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიცია „რადიკალურ, დესტრუქციულ ძალებად“ მოიხსენია, „სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი“ უწოდა მათ, ვინც პარლამენტში შევიდა და თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მოლაპარაკებები არ იქნება.

„ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება. ეს საკითხი არის დახურული, ეს საკითხი არ განიხილება. მათ არ სურთ არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი არჩევნები, არც დემოკრატიული არჩევნები, მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. სწორედ ამიტომ არიან გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი კრიტიკული იყო არა მხოლოდ ოპოზიციის მიმართ. მან ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ჟიგიმანტას პავილიონისს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პოლიტიკოსი უწოდა. მისი თქმით, ეს ადამიანი პირადად მისთვის და მთელი გუნდისთვის არაფერს ნიშნავს.

„ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ სტუმრების შეურაცხყოფები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი ღარიბაშვილის საპარლამენტო გამოსვლიდან ნიკა მელიას შეეხებოდა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეზე საუბრისას თქვა, რომ „კანონი უნდა აღსრულდეს“.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ისევ მივა პარლამენტში

საქართველოს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს დღესაც ელოდებიან. პრემიერ-მინისტრი თავის პირველ სამუშაო დღეს 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.

ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის დამტკიცების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. შესაძლოა, მან დამატებით კითხვებს დღეს უპასუხოს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

ვერ ვხედავ უკეთესი არჩევნებისთვის საჭირო პოლიტიკურ ნებას - ინტერვიუ ISFED-ის ახალ დირექტორთან

ნინო დოლიძე „სამართლიანი არჩევნების“ ახალი ხელმძღვანელია. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) 8-წლიანი მუშაობის შემდეგ იგი ამ პოზიციაზე შეცვლის ელენე ნიჟარაძეს, რომელიც ორგანიზაციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაპარული შეცდომის შემდეგ გადააყენა.

რადიო თავისუფლება ესაუბრა ნინო დოლიძეს და ჰკითხა, თუ როგორ აფასებს მომხდარს, რა ნაბიჯები აქვს დაგეგმილი ნდობის მოსაპოვებლად და რა გამოცდილებას მოიტანს ახალ პოზიციაზე.

ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ISFED-მა საკმაოდ მაღალი სტანდარტი გამოავლინა, როცა რეაგირება მოახდინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლისას გამოვლენილ შეცდომაზე.

„პრობლემა ამ შემთხვევაში უფრო საზოგადოების დაგვიანებით ინფორმირება იყო და ზუსტად იმიტომ აიღო ორგანიზაციამ პასუხისმგებლობა. ამავე მიზეზის გამო დადგა დირექტორის გადაყენების საკითხი. ტექნიკური შეცდომა PVT ჯგუფის იყო და ერთ ადამიანზე ვერ გადატეხდი ისე, როგორც ეს მოხდა“, - ამბობს ნინო დოლიძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

წაიკითხე მეტი.

აშშ აცხადებს, რომ მკაცრად დაიცავს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას ირანსა და მსოფლიოს სახელმწიფოთა შორის, თუ ირანიც იმავეს გააკეთებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განიარაღების კონფერენციის მონაწილებს უთხრა, რომ აშშ იმედოვნებს, რომ განავრცობს და განამტკიცებს, ბირთვულ შეთანხმებას, „მოქმედების ერთობლივ და მრავლისმომცველ გეგმას“, რომლის გარშემოც მოხდა შეთანხმება 2015 წელს და რომელზეც აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ უარი თქვა. ბლინკენის თქმით, აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გააძლიერებს და გაფართოების შეთანხმებას და ყურადღებას დაუთმობს შეშფოთებებს, სხვათა შორს, ირანს, როგორც დესტაბილიზაციის ფაქტორს რეგიონში და ბალისტიკური რაკეტების განვითარებას და მათ გავრცელებას.

გერმანიამ უფრო ადრე ირანს მოუწოდა, სრულად შეასრულოს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობები, რაც, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თეირანის ინტერესებშია.

წაიკითხე მეტი.

ბინები, მანქანა და დაუდეკლარირებელი საათები - რა ქონებით დაბრუნდა ღარიბაშვილი

ქონება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს ახლანდელ დეკლარაციაში აქვს მითითებული, განსხვავდება იმ ქონებისგან, რომელიც მას წინა პრემიერობის დროს შევსებულ დეკლარაციაში აქვს მითითებული. ახალი მანქანები, ახალი მიწის ნაკვეთი და მეტი ნაღდი ფული ანგარიშზე - ეს არის სხვაობა, რომელიც დოკუმენტებშია ასახული.

2013 წელს მან დეკლარაცია პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან 1 თვეში, 27 დეკემბერს შეავსო. ამ დროს ის ფლობდა:

  • სამ ბინას თბილისში: საბურთალოზე, გაგარინის ქუჩაზე 122 კვ.მ ზომის ბინა 100 ათას ლარად 2009 წელს იყიდა; ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე ორი ბინა, ჯამში 329 კვ.მ ზომის 406 ათას ლარად. მასვე ეკუთვნის 2011 წელს თბილისში მოსაშვილის ქუჩაზე ნაყიდი 2 არასაყოფაცხოვრებო ფართი (49 კვ.მ, ფასი - 26,7 ათასი ლარი); გაგარინის ქუჩაზე ავტოფარეხი (16 კვ.მ, 2009 წელი, ფასი - 10 ათასი ლარი);
  • 2009 წელს გამოშვებული Mercedes Benz-ის (ღირებულება და ყიდვის დრო დეკლარაციაში მითითებული არ არის) ავტომობილი;
  • ნაღდი ფული - 10 ათასი ლარი; მისი ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის სახელზე ქონება არ ფიქსირდებოდა.

წაიკითხე და ნახე მეტი.

ეს ვიდეო შეიძლება შეგხვედროდათ რომელიმე სოციალურ ქსელში - პატარა მოჭადრაკეს რომ კარპოვი ატირებს. თუ არ გინახავთ - აი, გაჩვენებთ. თან გეტყვით, სინამდვილეში როგორ იყო ეგ ამბავი...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG