Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ამბობენ „სუს-ის ფაილების“ ფიგურანტები - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 სექტემბერს


ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ ე.წ. სუს-ის ფაილებში მათი საუბრებია

ჟურნალისტების ნაწილი ადასტურებს, რომ 13 სექტემბერს გავრცელებულ ე.წ. სუს-ის ჩანაწერებში მათი საუბრის ფრაგმენტებია ასახული. მსგავსი ფაილები რამდენიმე სახისაა, თუმცა ყველა დოკუმენტი, რაც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, პირდაპირ ან ირიბად ეხება სასულიერო პირებს. ჩანაწერების შინაარსის მიხედვით, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის, პირადი საუბრები და მიმოწერა, წლების განმავლობაში გროვდებოდა.

ჟურნალისტების დადასტურებული ჩანაწერები 2012 წლის შემდეგ, მოქმედი ხელისუფლების დროს არის გაკეთებული.

დომენის შექმნის შესახებ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ის შეიქმნა 2021 წლის 12 სექტემბერს.

ფაილებში მოხვდა "მთავარი არხის" საინფორმაციო გამოშვების მთავარი პროდიუსერის თეო გილიგაშვილის საუბრის ფრაგმენტებიც. ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მსგავსი საუბარი მასსა და ჩანაწერებში მოყვანილ სხვა პირებს შორის ნამდვილია.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუკპოსტით აფასებს „სუს-ის ფაილებს“ და ამბობს, რომ კომენტარის გაკეთებას არ იჩქარებს.

კუმურდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტი ნიკოლოზი პრობლემას არა მის მოსმენასა და თვალთვალში, არამედ დოკუმენტების გასაჯაროებაში ხედავს. მიტროპოლიტის თქმით, მას სჯერა, რომ თუ ის დაცვის ობიექტია, უნდა უსმენდნენ.

„თუ მე დაცვის ობიექტი ვარ, და მე მჯერა, ძალიან ღრმად მჯერა... ეს ემოციურად არ არის ნორმალური, მაგრამ აი, რომ შევხედოთ სხვანაირად, მაგალითად, მოგიყვებით, ერთხელ პატრიარქთან მივიდნენ, ჩვენს პატრიარქთან და მიუტანეს ტელეფონი და უთხრეს, რომ ეს არის ტელეფონი, რომელიც არ ისმინება და გაჩუქებთ ამ ტელეფონს. იცით, რა უპასუხა? - მთელი ცხოვრება ვცდილობ, რომ მისმინონო და რად მინდა ისეთი ტელეფონი, რომელიც არ ისმინებაო, გესმით? სხვა დამოკიდებულებაა“, - ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტია განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება.

სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს სავარაუდოდ სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

რა ირკვევა ათასობით ჩანაწერიდან? წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

გახარია პირისპირ დებატებს სთავაზობს კალაძეს და მელიას

თბილისის მერობის კანდიდატი პარტიიდან „საქართველოსთვის“ პირისპირ დებატებს სთავაზობს ოპონენტებს „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძეს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას.

ყოფილი პრემიერი დებატებისთვის კონკრეტულ ტელეარხებსაც ასახელებს. „მოდით, თქვენივე ტერიტორიაზე თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები, პირისპირ, ერთი-ერთზე, იმისთვის, რომ მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, თბილისელებს შესაძლებლობა, მიიღონ სწორი და ინფორმირებული არჩევანი. როგორც ჩანს, როგორც მოვისმინე ბოლო გამოსვლებში, კახი კალაძეს გარკვეული დისკომფორტი აქვს სხვა ტელევიზიებში სიარულის, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო თბილისის დღევანდელ მერს დებატები პირისპირ, ერთი-ერთზე „იმედზე“, პარტიულ ტელევიზიაში და იმედი მაქვს, რომ ამაზე მაინც მივიღებ დადებით პასუხს“, - თქვა გახარიამ და ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატს მიმართა: - „ისევე, როგორც ნიკანორ მელიას მინდა შევთავაზო, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ტელევიზიაზე, „მთავარ არხზე“ ერთი-ერთზე მოვაწყოთ დებატები“.

ამ წინადადებას მალევე უპასუხა ნიკა მელიამ. ის მზადყოფნას აცხადებს, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ კანდიდატთან დაჯდეს დებატებზე.

დებატებზე უარს არ ამბობს კახა კალაძე, თუმცა ის ამ ფორმატს ხედავს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, თექვსმეტივე კანდიდატის მონაწილეობით.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

სწავლის დაწყებას საქართველო სრულად აცრილი სტუდენტების 17%-იანი მაჩვენებლით ხვდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სტუდენტებს მოუწოდა, თუ დასწრებული სწავლება სურთ, უნდა გააქტიურდნენ და სხვებს მაგალითი მისცენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევით, სტუდენტებში კოვიდინფექცია გადატანილი აქვს დაახლოებით 9.5%-ს.

რაც შეეხება სკოლებს, ამირან გამყრელიძის თქმით, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლის პედაგოგთა აცრის მაჩვენებელი 70 %-ია. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა ვაქცინაციის მაჩვენებლებს შორის დაახლოებით 5-7%-იანი სხვაობაა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ირანს მოუწოდებენ, უპასუხოს IAEA-ის შეკითხვებს აღურიცხავი ბირთვული ობიექტების შესახებ

გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი ირანს მოუწოდებს, ახსნა-განმარტება გააკეთოს ურანის ნაწილაკების აღმოჩენაზე რამდენიმე აღურიცხავ ობიექტზე, და უერთგულოს მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ატომურ პროგრამასთან მიმართებით.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) კითხვებზე მკაფიო პასუხების არარსებობა, როცა საქმე ეხება ირანის დეკლარაციების სისწორეს და სისრულეს, "სერიოზულ გავლენას ახდენს სააგენტოს შესაძლებლობაზე, გამოვიდეს მშვიდობიანი შინაარსის გარანტიით" ირანის ბირთვული პროგრამის შესახებო - უთხრა სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ სააგენტოს მმართველი საბჭოს წევრებს ვენაში, 13 სექტემბერს, სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული, შეხვედრის შინაარსის ამსახველი ჩანაწერის თანახმად.

წაიკითხე მეტი.

გაეროში ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი თალიბანს მწვავედ აკრიტიკებს პირობის გატეხვისთვის

გაეროში ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი, მიშელ ბაჩელეტი თალიბანს აკრიტიკებს გასულ თვეში, ხელისუფლების მოპოვების შემდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო, იმ ფონზე, როცა გაერო მასპინძლობს დონორების მაღალი დონის კონფერენციას, რომელზეც 600 მილიონი დოლარი უნდა შეგროვდეს ავღანეთში კარსმომდგარ ჰუმანიტარულ კრიზისთან გასამკლავებლად.

ავღანეთი "ახალ და სახიფათო ფაზაშია", რომელშიც ბევრი ქალი, ეთნიკური ჯგუფების და რელიგიური თემების წევრები თავიანთი უფლებების დაცვის საკითხით შეშფოთებულები არიანო, უთხრა ბაჩელეტმა ჟენევაში ადამიანის უფლებების საბჭოს, 13 სექტემბერს.

"ყურადსაღებია, რომ ქალთა უფლებების დაცვაზე თალიბანის განცხადებების მიუხედავად, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქალებს სულ უფრო მეტად რიყავენ საჯარო სფეროდან", - თქვა მან თავის გამოსვლაში.

წაიკითხე მეტი.

ახალი, 25-სართულიანი კორპუსი ყიფშიძეზე - მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს, მერი მხარს უჭერს მშენებლობას

თბილისში, ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლებს სამი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერება უნდათ.

ყიფშიძის N1-ში 25-, 19- და 16-სართულიანი კორპუსების მშენებლობა იგეგმება. მიმდინარე მშენებლობის გასაპროტესტებლად ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია ჩაატარა და ქალაქის მერთან შეხვედრა ითხოვა.

ყიფშიძის N1-ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა 90-იან წლებში დაიწყო. როგორ მაშინ ხშირად ხდებოდა, სამშენებლო კომპანიამ ამოცანას თავი ვერ გაართვა, რასაც ხელი ქვეყანაში არსებულმა სიტუაციამაც შეუწყო. შედეგად, 190-მდე ოჯახი, რომელსაც ამ კორპუსში ბინის მისაღებად ფული ჰქონდა გადახდილი, საცხოვრებლის გარეშე დარჩა. მათ ახალი ინვესტორის ძებნა დაიწყეს, თუმცა მოლაპარაკება მხოლოდ „გუმბათი ჰოლდინგთან“ შეძლეს, რომელსაც 2020 წელს მერიამ ნება დართო, თავიდან ჩაფიქრებულზე ბევრად მაღალი კორპუსები აეშენებინა.

ადგილობრივების აზრი მშენებლობაზე და მერის განცხადება, წაიკითხე და ნახე თეა თოფურიას სტატიაში.

დღესდღეობით მსოფლიოში უძველესი ამორძალი საქართველოშია აღმოჩენილი, თუმცა ამის შესახებ თითქმის არავინ იცის. 1927 წელს გათხრილი სამარხის მონაპოვარი ეროვნული მუზეუმის ფონდში ათწლეულებია რაც ინახება. რადიო თავისუფლება მეომარი ქალის ამბავს იძიებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG