Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია გაფართოების საკითხთან დაკავშირებით ვეტოს ძალის შემცირებას ეცდება


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

​​​​​​​ევროკომისიამ დიდი აურზაურის გარეშე და ევროკავშირის დიდი სამიტის წინ, 20 მარტს გამოაქვეყნა თავისი ხედვა, თუ რა რეფორმები უნდა განახორციელოს ბლოკმა მეტი წევრის მისაღებად.

სულ რაღაც 22 გვერდია, სადაც ყველა პრობლემის გადაჭრას არ ცდილობენ. ეს უფრო თავდაპირველი მოსაზრებებია რამდენიმე მომავალი კვლევის წინ, რომლებსაც კომისია 2024 და 2025 წლებში ჩაატარებს. ევროკავშირის გაფართოება, ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტისთვის, როგორც ჩანს, კვლავ სარგებლობს გარკვეული იმპულსით - ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მოლდოვასა და უკრაინასთან.

დოკუმენტი თავიდანვე ეჭიდება მუდმივ შეკითხვას, რომელსაც ევროკავშირში სვამენ ხოლმე: ჯერ ახალი წევრები უნდა დაიმატონ თუ ჯერ ევროკავშირის წესები უნდა შეიცვალოს. პასუხი ასეთია: „ევროკავშირი გაფართოებასთან ერთად უნდა გაღრმავდეს. ხვალინდელი კავშირისთვის მზადება დღეს უნდა დავიწყოთ და გაფართოება პროგრესის კატალიზატორად უნდა იქცეს“.

ტექსტის ყველაზე საინტერესო მონაკვეთი შეეხება კომისიის მოსაზრებებს სამომავლო მმართველობის შესახებ. წლებია კამათობენ, უნდა შეიცვალოს თუ არა შეთანხმება ახალი წევრების მიღებამდე. კომისია, როგორც ჩანს, მიიჩნევს, რომ - არა. დოკუმენტში ნათქვამია: „მართალია, კომისია მხარს უჭერს შეთანხმების ცვლილებას თუ და როდესაც ეს საჭირო იქნება, მაგრამ ის მიიჩნევს, ევროკავშირის მმართველობა შეიძლება მყისიერად გაუმჯობესდეს ამჟამინდელი შეთანხმებების სრული პოტენციალის გამოყენების შედეგად“.

ამ მოსაზრებას ევროკავშირის წევრების უმრავლესობა იზიარებს. მათ ახსოვთ, როგორ უარყვეს ჰოლანდიელმა და ფრანგმა ამომრჩევლებმა ევროკავშირის ახალი კონსტიტუცია 2005 წელს, ირლანდიელმა ამომრჩევლებმაც იგივე პოზიცია დაიჭირეს რამდენიმე წლის შემდეგ შესწორებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. პანდორას ამ ყუთის გახსნა აღარავის სურს.

მთავარი საკითხი გადაწყვეტილების მიღების ერთსულოვნების პრინციპს შეეხება. გადაწყვეტილებების უმეტესობა ბოლო დროს კვალიფიციური უმრავლესობით მიიღება (წევრი სახელმწიფოების 55%, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს წარმოადგენს), თუმცა ერთსულოვნების პრინციპი შენარჩუნებულია საკვანძო სფეროებში - საგარეო პოლიტიკაში, საგადასახადო პოლიტიკასა და გაფართოების პოლიტიკაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უფრო დიდ კავშირში გადაწყვეტილების ერთხმად მიღება კიდევ უფრო გართულდება და იზრდება რისკი, რომ გადაწყვეტილება ერთმა წევრმა სახელმწიფომ დაბლოკოს“.

რა შეიძლება გაკეთდეს ისე, რომ თავიდან არ გახდეს საჭირო წესების შექმნა? კომისია აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას, მთელ რიგ შემთხვევებში ერთსულოვნება კვალიფიციური უმრავლესობით შეიცვალოს, თუმცა ამ გადაწყვეტილების მისაღებად ერთსულოვნებაა საჭირო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, წევრებმა ვეტო არ უნდა გამოიყენონ, რათა ვეტო გაუქმდეს. ეს კი რთული ამოცანაა, რადგან სწორედ ვეტოს უფლება ანიჭებს უფრო მცირე წევრებს დიდი ქვეყნების მსგავს ძალას. ისინი ვეტოს მუქარით ახერხებენ ვაჭრობას ევროკავშირთან. რატომ იტყვის ბუდაპეშტი ან ვინმე სხვა უარს ამ ინსტრუმენტზე?

დოკუმენტი ამას ბოლომდე არ პასუხობს, თუმცა რამდენიმე შესაძლო ვარიანტს განიხილავს. ერთია „კონსტრუქციული თავშეკავების“ გამოყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ფაქტობრივად არ ამბობს „არა“-ს ან „დიახ“-ს, და სხვებს საშუალებას აძლევს გადაწყვეტილება მიიღონ. ამის მაგალითია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გადაწყვეტილება დაეტოვებინა ოთახი ევროკავშირის ბოლო სამიტზე, როდესაც ლიდერებმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება გადაწყვიტეს. შეიძლება, რომ ეს უფრო რეგულარულად მოხდეს? კიდევ ერთი იდეაა წამოყენებული, რომ ერთმა ან რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ „განსაკუთრებული ეროვნული ინტერესების“ საფუძველზე მოითხოვოს დისკუსიების გაგრძელება დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიღწევამდე. თუმცა, ეს ბადებს კითხვას, რამდენ ხანს შეიძლება ეს გაგრძელდეს და გამოიწვევს თუ არა მსგავსი მიდგომა გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად მიღებას.

გარკვეული იდეები არსებობს იმის შესახებაც, თუ როგორ შეიძლება დაჩქარდეს გაფართოება - ალბათ ყველაზე მოუქნელი პროცესი ევროკავშირში, სადაც ვეტოს გამოყენება უამრავჯერ არის შესაძლებელი. 33 თავის ყოველი გახსნა და შემდეგ დახურვა მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნებას. ამას ემატება კიდევ რამდენიმე შუალედური ნიშნული, რაც საბოლოო ჯამში ვეტოს 70 შესაძლებლობას ქმნის. ალბანეთი და განსაკუთრებით ჩრდილოეთი მაკედონია იდეალური მაგალითებია იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ შეიძლება ჩარჩნენ ქვეყნები მოსაცდელ ოთახში ერთი ქვეყნის მიერ გაცხადებული უარის გამო.

კომისიის შეთავაზებაა, თავების გახსნას და შუალედურ ნიშნულებს აღარ დასჭირდეს ერთსულოვნება, თუმცა ის შენარჩუნდეს თავების დახურვის და ახალი წევრების მიღების საბოლოო გადაწყვეტილებების შემთხვევაში. ეს ვეტოს შესაძლებლობებს გაანახევრებდა. აქაც საკითხავი ისაა, რამდენად დათანხმდებიან ამ შეთავაზებას ქვეყნები, რომლებსაც გაფართოების პროცესის შეფერხება სურთ ან ვაჭრობას აპირებენ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. როგორც უნდა შეხედო, ევროკავშირის რეფორმა და ახალი წევრების მიღება დაბრკოლებებით აღსავსე პროცესი იქნება.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG