Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამაცი


ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

მოკვდა გმირი. ალექსეი ნავალნი თავისი სიკვდილით იქცა გმირად. თუკი აქამდე ის იყო მთავარი რუსი ოპოზიციონერი, პუტინის პირადი მტერი, თავისი სიკვდილით იგი უკვე იმ სიმაღლეზე ავიდა, სადაც ყოველგვარი კრიტიკა მისი მისამართით მასთან ვეღარ აღწევს.

არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, იზიარებდი თუ არა ამ კაცის პოლიტიკურ და არა მარტო პოლიტიკურ მოსაზრებებს, მის ფონზე დღეს ყველა მისი ოპონენტი ჯუჯად გამოჩნდა. და არა მარტო ოპონენტი. რასაკვირველია, შეიძლება არ დაივიწყო, რა თქვა მან თავის დროზე საქართველოსა და ყირიმზე, მაგრამ ეს იყო კაცი, რომელმაც აღიარა თავისი შეცდომები და კიდევ მზად იყო თავისი აზრების რევიზიისთვის.

მე თვითონ არასდროს ვყოფილვარ მისი მიმდევარი, მაგრამ მე მონუსხული ვარ ამ კაცის სიცოცხლის ბოლო სამასი დღით.

ადრე მხატვრულ კინოში თუღა ნახავდი ან წიგნში წაიკითხავდი, თუ როგორ ელაპარაკება (თუნდაც ტელეფონით) კაცი საკუთარ მკვლელს. მკვლელს, რომელიც ვერ ხვდება, რომ ანგარიშს აბარებს საკუთარ მსხვერპლს, რომელიც გადაურჩა სიკვდილს (თუნდაც დროებით), უყვება, როგორ იგეგმებოდა და სრულდებოდა მისი მკვლელობა.

მაშინ სასიკვდილოდ განწირული კაცი ბერლინის კლინიკაში გადაარჩინეს, შეიძლება ითქვას, მკვდრეთით აღადგინეს.

ალექსეი ნავალნი მოსკოვში მომხდარი თავდასხმის შემდეგ. 2017 წლის აპრილი
ალექსეი ნავალნი მოსკოვში მომხდარი თავდასხმის შემდეგ. 2017 წლის აპრილი

ბევრი ამბობს, რომ შეცდომა იყო მისი დაბრუნება რუსეთში. ალექსეი ნავალნი 2021 წლის 17 იანვარს მოსკოვში დაბრუნდა და იმ დღიდან იჯდა ციხეში. თან ციხეც არის და ციხეც. ეს იყო სამასცხრადღიანი წამება, მის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

მაგრამ როგორ შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ ეს იყო შეცდომა?

როგორ შეიძლება გავაკრიტიკოთ გმირობის აქტი?

ნავალნის დაბრუნება კი ნამდვილად იყო გმირობა. მეტიც, მისი ყოველი დღე, რომელსაც არ ჩაუვლია წამების გარეშე, იყო გმირობა. გმირობა იყო ის სევდიანი ღიმილები, რომელთაც იგი გზავნიდა სასამართლოზე ჩართვებისას კოლონიებიდან, რომლებშიც მას უსასრულოდ დაათრევდნენ. და ყოველი შემდეგი გადასახლება წინაზე ბევრად უარესი იყო. ასე რომ, შეცდომა შეიძლება იყოს ჩვენთვის, ვისთვისაც საკუთარი სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა. ამ კაცმა კი საკუთარი სიცოცხლე დათმო იდეისთვის. ამიერიდან ნავალნი აღარ არის მხოლოდ წამებული, იგი თავდადებულია. ასეთი ამბები ადრე ხდებოდა. დღეს ჰედონიზმი იმდენად შემოიჭრა ჩვენში სხვადასხვა ნაპრალიდან, რომ იდეალების ადგილი აღარ დაგვრჩა.

მსგავსი გამოცდილების მქონეთ, ხანგრძლივი კომიდან გამოსულ, სიკვდილს შემთხვევით გამოგლეჯილ ადამიანებს თითქოს სულ მოჰყვებათ ხოლმე შემდეგ სიკვდილი შლეიფად, კიდევ რამდენ ხანსაც უნდა იცოცხლონ.

ნავალნიში თითქოს გადარჩენის დღიდან ჩასახლდა სიკვდილი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში იშლებოდა, სულ უფრო ყოვლისმომცველი ხდებოდა, სიცოცხლეს ყოველწუთიერად დევნიდა ამ კაცის სხეულიდან, მაგრამ ბოლომდე ვერ მოღუნა თვითონ კაცი, მისი ხასიათი.

ამას ემატება ის აუტანელი პირობები, რომელშიც იგი ამყოფეს პირადად ვლადიმირ პუტინის საამებლად. ამყოფეს ბოლო წუთებამდე. ვინც იცის გულაგური ლიტერატურა, იმას კარგად მოეხსენება, როგორი წამებაა იქ ყოფნა.

ამ კაცს სამასიდან ერთი დღეც არ ჰქონია წამების გარეშე. კაცის მოსაკლავად იქ მარტო ყინვაც საკმარისია. წმინდა ფიზიკურად, ისეთ ყინვაში, სადაც ორგანიზმი ისედაც ზეგანაკვეთურად მუშაობს, რამდენ ხანს ძლებს ადამიანი არასაკმარისი კვებით? არასათანადო სამედიცინო მეთვალყურეობით? უსასრულო საჯარიმო იზოლატორებში ჯდომით?

ნავალნიმ ჯოჯოხეთის ყველა შრე გამოიარა, მაგრამ არ გატყდა.

მან არ აჩუქა თავის მტერს დაცემა. ამ კაცმა არავის აჩვენა შიში. არც მტერს, არც მოყვარეს. მისი ყოველი გამოსვლა სასამართლოზე იყო ოპტიმიზმისა და სიყვარულის გზავნა მხარდამჭერთა და, პირველ ყოვლისა, საკუთარი ცოლისადმი, რომელსაც თავისი სიკვდილის დღესაც კი ლექსი მიუძღვნა.

კრემლის დღევანდელ რეჟიმს, და არა მარტო დღევანდელს, უამრავი მსხვერპლი ჰყავს.

ესაა სიკვდილის მანქანა, რომელსაც შეუძლია კაცი აწამოს, მოკლას, შეაშინოს.

მან აწამა და მოკლა ალექსეი ნავალნი, მაგრამ ვერ შეაშინა.

P.S. ვარლამ შალამოვს კოლიმურ ციკლში აქვს ერთი ნოველა
„სიყვარულის გაკვეთილები“. იქ არის ასეთი ეპიზოდი, საბჭოთა
ბარაკის მცველი როგორ ესვრის შაშხანიდან გაქცეულ დათვებს
მთაზე. ორი დათვია, დედალ-მამალი. პირველი გასროლის შემდეგ
მამალი ხვდება საშიშროებას და მიუტრიალდება იარაღს, რომ
თავისთავზე მიიღოს დარტყმა და თავისი თანამგზავრი გადაარჩინოს.
დედალი მართლაც მოახერხებს გაქცევას, გადაირბენს მთის წვერზე,
მამალი კი ტყვიას მიიღებს თავის სხეულში. შალამოვი ასე ამთავრებს
ამ ეპიზოდს: „დათვი დაგორდა მთიდან, როგორც კუნძი, როგორც
უშველებელი ქვა, ჩაგორდა პირდაპირ ხეობის გაყინულ
ნაკადულზე… თვალისმომჭრელ ყინულზე იწვა დათვი
გაუნძრევლად, იწვა გვერდზე, დიდ საბავშვო სათამაშოს ჰგავდა. ის
მოკვდა, როგორც მხეცი, როგორც ჯენტლმენი“.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG